„ეს არ ნიშნავს ნატო-ს ზრდას აღმოსავლეთით, რასაც რუსეთი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს“

„ეს არ ნიშნავს ნატო-ს ზრდას აღმოსავლეთით, რასაც რუსეთი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს“

ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე გამართული სამიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

რაც შეეხება ნატო-ს შტაბ-ბინის ახალ შენობაში გადსვლას - ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის... ეს სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს, შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში“.

როგორც ექსპერტი, სოსო ცინცაძე აცხადებს, ეს არის მოლოდინის სამიტი, რადგან არ ვიცით, რა გეგმა ჩამოაქვს აშშ-ს პრეზიდენტს, რომელსაც თითქოს ევროპასთან მიმართებაში ახალი ხედვები გააჩნია.

სოსო ცინცაძე: მაკრონთან ყველაფერი გარკვეულია, ის ატლანტისტია და ნატო-ს და ევროკავშირის მხურვალე მომხრეა. ინტრიგა არის ტრამპი. ამიტომ, ვიდრე სამიტი არ დასრულდება და რაიმე დოკუმენტს არ მიიღებენ, მანამდე დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

ტრამპის მხრიდან „არ ვარგა ევროპას“ ძახილიც გვახსოვს. იმასაც ამბობდა, პირველად ისრაელში წავალო და საუდის არაბეთში ჩავიდა. სწორად წერენ ევროპელი მიმომხილველები, რომ ტრამპი ვერ იქნება საუკეთესო ფორმაში - ამ ხნის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მოგზაურობა, შესაძლოა, დაღლილიც იყოს.

ცნობილია, რომ სამიტის ფარგლებში ნატო- წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთვის დღეს დაფინანსების საკითხის განხილვა?

- ევროპელები როგორც ჩანს, შეფუცხუნდნენ და საწრაფოდ დაიწყეს განხილვა. აქამდე იტალია იღებდა დიდ ხარჯებს, ახლა საფრანგეთმაც დაიწყო, გერმანიამაც და ინგლისმაც. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის გარეშე ევროპა მაინც სუსტია და ნატო-ც ვერ იარსებებს.

ამაზე იყო რუსეთის სტრატეგია აგებული, რომ მოვა ტრამპი და ნატო აღარ იარსებებს - დაიშლება უფულობის გამო. როგორც ჩანს, რუსეთის იმედები გადაჭარბებული აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ამ სამიტისგან ძალიან ბევრს ელოდებიან კიევშიც. უკრაინის მიმართ ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გაკეთდა ტრამპის მხრიდან. ხან მზად იყო, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ეღიარებინა, ხან ამბობდა, რომ ამერიკას უკრაინა არ აინტერესებდა - ახლა სულ სხვა განცხადებებს აკეთებს. განცხადებები ერთია, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან საინტერესო სამიტია, გადაჭარბებით რომ ვთქვათ, შეიძლება ნატო-ს ყოფნა-არყოფნის ბედიც კი წყდებოდეს.

დამტკიცდა ერთი რამ - ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ევროპაში რა პანიკაც ატყდა, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ ევროპას არ შეუძლია, დამოუკიდებლად ნატო შეინახოს.

ევროპელები ცოტა გაზულუქდნენ, კარგ ცხოვრებას მიეჩვივნენ, ამერიკა ინახავდა, ხან ბირთვული იარაღი ჰქონდა ევროპაში, ხან მზად იყო ევროპა დაეცვა, შემდეგ მოვიდა პრეზიდენტი, რომელმაც თქვა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ნატო მე არ მაინტერესებს. ახლა ევროპელებს უწევთ ჯიბეში ცოტა ღრმად ჩაიყონ ხელი.

რატომ ხდება ამდენი ტერაქტები ევროპაში განსაკუთრებით ინგლისსა და საფრანგეთში? ბრიტანეთის პრემიერი, ტერეზა მეი გამოდის და ამბობს, როგორც ჩანს, გარდუვალია ახალი ტერაქტები, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთო. ეს ყველაფერი კითხვებს ბადებს, რატომ იტალიასა და ესპანეთში არ ხდება ასეთი მასშტაბური ტერაქტები?! იმიტომ, რომ ინგლისელებმა მოინდომეს, რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები ყოფილიყვნენ - კარი გაუღეს ყველას. ამას ჰქვია ზომაზე მეტად ტოლერანტობა.

იციან, რომ ადამიანი ტერორისტია, მაგრამ ვიდრე ტერაქტს არ ჩაიდენს, ვიდრე არ ნახავენ რომ ჯიბეში ბომბი უდევს, არ შეიძლება ხელი ახლონ. ასე იყო საფრანგეთშიც, მაკრონი კი დებს პირობას, რომ ცოტა გააამკაცრებს კანონებს, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.

ინგლისს რაც შეეხება, არმია იწყებს ქუჩებში პატრულირებას. უამრავი ღონისძიებებია ინგლისში დაგეგმილი, სადაც მთელი მსოფლიო მოიყრის თავს. ტერეზა მეი კი ამბობს, აბა, 80 ათას კაცს როგორ შევამოწმებთო.

როგორც ჩანს, არ სურდათ თავის დროზე ფული დაეხარჯათ უსაფრთხოებაზე და ახლა პოლიციელები არ ყოფნით. ინგლისს ისე გაუჭირდა, რომ არმიამ დაიწყოს პატრულირება? - ეს არმიის საქმე არ არის.

ცნობილია, რომ ნატო- წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო- 29- წევრი გახდება. რა ნიშნით შეირჩა ეს ქვეყანა და საქართველოსთვის შეიძლება იყოს თუ არა ეს ფაქტი გარკვეული სტიმული?

- პრინციპში, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გახდება მონტენეგრო ნატო-ს წევრი თუ არა. ამას უფრო ემოციური დატვირთვა აქვს. ბალკანეთიდან ნელ-ნელა რუსეთს აძევებენ, თორემ სულ, ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი მოსახლეობა ჰყავს ამ ქვეყანას. ეს არ ნიშნავს ნატო-ს ზრდას აღმოსავლეთით, რასაც რუსეთი ყველაზე მტკივნეულად აღიქვამს.

მართლმადიდებლური სერბეთი და მონტენეგრო ერთგვარი ოაზისი და ისტორიული მოკავშირე იყო რუსეთისათვის. ისიც შემთხვევითი არ ყოფილა, რუსებთან ერთად სერბებიც რომ იყვნენ მონტენეგროში გადატრიალების მცდელობისას. ახლა ერთ მოკავშირეს უკვე კარგავს რუსეთი.

რაც შეეხება ნატოს აღმოსავლეთით სვლას, ეს მოხდებოდა ლაპარაკი რომ იყოს საქართველოზე, რომელიც რუსეთისთვის წითელზე უფრო წითელი ხაზია. ამას რუსეთი ომის გარეშე არ დაუშვებს, ამისთვის რუსეთი კიდევ იომებს!

ამ დღეებში საქართველოში ჩამოსული იყო თურქეთის პრემიერი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ნატო-სკენ სვლის საკითხში. ქართულმა მხარემ ამ განცხადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სამიტის წინა დღეებში. არის თუ არა მოსალოდნელი საქართველოს მიმართ რაიმე დამაიმედებელი ითქვას ამ სამიტზე?

- ცივი გონებით ვიმსჯელოთ, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, თურქეთი, შეიძლება, რუმინეთი და ბულგარეთიც ჩვენი მომხრე იყოს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება ხომ ხმის უმრავლესობით არ ხდება. სამწუხაროდ, კატეგორიული წინააღმდეგია საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი. შეიძლება 28 წევრიდან 27 ჩვენი მეგობარი იყოს და გვეპატიჟებოდეს, მაგრამ ერთმა ზღაპრად გვიქციოს გაწევრიანების საკითხი. კონსენსუსი სადაც არის გადაწყვეტილებები იქ მიიღება.

კონსენსუსის გამო გაეროს უშიშროების საბჭო ლამის უმოქმედო ორგანიზაციად იქცა და თავისი არსებობის ისტორიაში მხოლოდ ორი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო - ერთხელ ერაყთან, მეორედ - კორეის ომთან დაკავშირებით - ერთხელ, როდესაც რუსეთს არაფრის თავი არ ჰქონდა - გორბაჩოვის დროს და მეორედ, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი პრინციპულად არ ესწრებოდა სხდომებს - ასეა ნატოც. იმედი უნდა გვქონდეს და ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას სულ სხვა დონის ლობირება და დიპლომატია სჭირდება.

რაზეა ლაპარაკი, როდესაც არჩევნებში, რომელსაც არ ცნობს ევროკავშირი, გამარჯვებას ულოცავს ევროდეპუტატი, ვითომ გაპრეზიდენტებულ თიბილოვს?! - ეს შეურაცხმყოფელია.

სამიტის შემდეგ საქართველოში ტარდება ნატოს სემინარი რომლის შემდეგაც დიდი მოლოდინებია. აქაც იმედგაცრუება გველოდება?

- შეიძლება სტოლტენბერგიც ჩამოვიდეს, კიდევ ერთხელ და შეგვაქოს, გვითხრას, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ამასობაში ცხოვრებაც გადის. ამ დროს, რუსეთი როგორც უნდა ისე იქცევა - შემოვიდა ვიღაც, გათათრებული აფხაზი, მოკლა ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანი, გავიდა და თითს თითზე არ აკარებენ მის მოსაძებნად - ამ დროს, ლამის 20 ათასი კაცი იცნობს სახეზე. ფეესბეს რომ მოენდომებინა, ერთ საათში ამოიღებდა მიწიდან. ყველამ იცის, სად არის და როგორ არის, მაგრამ რა კეთდება? - ასეთი ცინიზმი თავმოყვარე სახელმწიფოსა და ჩინოვნიკებისათვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს! მერე გვიმტკიცებენ, რომ რა მოხდა, თუ ქუმსიშვილი სურათს იღებს მედვედევის გვერდით. თუ არაფერი არ მოხდა ამ სურათით, მაშინ, აღადგინეთ დიპლომატიური ურთიერთობაც!

კი ბატონო, ჩამოვლენ, სემინარსაც ჩაატარებენ, სასწავლო ცენტრიც გაიხსნა, მაგრამ არც ეს ცენტრი მინდა და არც სემინარი, მიგვიღონ ნატოში, როგორც მონტენეგრო მიიღეს - არც ცენტრი გახსნილა, არც არაფერი და სულ რამდენიმე თვეში ჭენებ-ჭენებით გაიარა მომზადების მთელი კურსი. ჩვენ კი ათ წელზე მეტია გვეუბნებიან, ოდესღაც გახდებით ნატო-ს წევრიო.

ქვეყანას, რომელსაც ამდენი გამოწვევები აქვს და ამდენი საფრთხეები ელოდება, ერთი სამხედრო მოკავშირეც არ ჰყავს, მაშინ, როდესაც თითქოს ჰყავს მეგობრები, კეთილისმსურველები, პარტნიორები და ა.შ. ისე, როგორც თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ჰყოლია სტრატეგიული მოკავშირე. რეალობა ეს არის და ამ რეალობაში ადეკვატურად უნდა ვიქცეოდეთ.

ამ შემთხვევაში ადეკვატურ მოქცევაში რას გულისხმობთ?

- ჩვენი დიპლომატია უნდა გადავიდეს, კარგი გაგებით, აგრესიულ სტილზე, ევროპასა და აშშ-ში. მშურს რუსეთს რომ ჰყავს, არ ვიტყოდი, ბრწყინვალე, მაგრამ ისეთი ეფექტური ელჩი, როგორიც კისლიაკია (რუსეთის ელჩი აშშ-ში). აღმოჩნდა, რომ წარმატებით იმუშავა წინასააერჩევნო პერიოდში. ასეთი ელჩი ჩვენ საერთოდ არ გვყავს და არც გვყოლია, ალექსანდრე ჩიკვაიძეს თუ არ ჩავთვლით.

ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება, როგორ ფიქრობთ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს აშშ-ში თუ ევროპაში, ქუმსიშვილის და მედვედევის ფოტოს დანახვაზე არ მოუვიდოდა თავში კვიმატი აზრი, რომ თუ ესენი ვერ ხედავენ რუსეთში საფრთხეს, ჩვენ რატომ უნდა დავინახოთო?!

მესმის, რომ ძალიან სუსტები ვართ და სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ მაშინ პოზაში ნუ ვდგებით. ვთქვათ სიმართლე და ნდობაც მეტი იქნება მთავრობისადმი.

კი, სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩატარდება - მე არ მოვსწრებივარ უფრო მნიშვნელოვან სამიტს, თუ არ ჩავთვლით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების სამიტებს, მაგრამ მაშინაც დიდი ხნის მზადება მიდიოდა - ახლა ტრამპის ტრანსფორმაცია ძალიან საინტერესოა, ვნახოთ რა დოკუმენტებს მიიღებენ და რითი დამთავრდება ეს ყველაფერი ბრიუსელში - ძალიან მნიშვბნელოვანია, მაგრამ ჩვენ რა?! მაინტერესებს იქნება საქართველოზე ლაპარაკი?!