კონსტიტუციის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შესაბამისად, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას.
არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ, RAKIA Georgia -ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, გიორგი ჯანაშიას და RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადს 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
პატიმრობის განაჩენთან ერთად, მასაადმა, ასევე გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia -ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ. სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ უნდა აანაზღაუროს 12,8 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო გიორგი ჯანაშიამ - 4,4 მილიონი აშშ დოლარი.
ეს ის თანხაა, რომლის მთვისებაში მათ ბრალი ედებოდათ. საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას (2010-2011 წლები). ვერდიქტში მოსამართლემ სამეჰ ჰამედ შაქერმა განაცხადა, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.
გელა მიქაძის 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2007 წლიდან 2016 წლის 14 ნოემბრამდე არაბეთის გაერთიანებული საამიროებში რეგისტრირებული კომპანიის „ჰენკელ&ბეიკერის“ პარტნიორად ფიქსირდება. მას გასულ წელს აღნიშნული კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია. კიდევ ერთი კომპანია 2007 წელს საქართველოში რეგისტრირებული შპს „რახ კერამიკს ჰოლდინგია“, სადაც გელა მიქაძე 24.5% ფლობს. კომპანიის 51%-ის მფლობელი კი გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული სახელმწიფო სააქციო კომპანია „რახ კერამიკსია“.
„პარტიორტთა ალიანსის“ წევრ გელა მიქაძისთვის არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა კომპანია „რაკია ჯორჯია“ სადაც განმარტავენ, რომ დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.
„კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში. გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 აშშ დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გელა მიქაძისთ ადვოკატი ქეთი ქვარცხავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე პარადოქსულია, რადგან საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მხარე ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი კვირის წინ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოდან მათ მიიღეს სამოქალაქო ჭრილში დავა, ხოლო რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ განაჩენი სისხლის სამართლის ჭრილშია გამოტანილი, რაც მისი თქმით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ამ პარადოქსულ საქმეში აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეზე გამოტანილია განაჩენი ისე, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მიგვაჩნია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი ერთი ძალიან ცუდი სამართლის და ცუდი პრეცედენტების მქონე კვაზი ქვეყნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოში მხარეებს შორის არსებობდა დავები, მაგრამ ის საქმე, რაც გუშინ გავრცელდა, სამოქალაქო ჭრილშიც კი არ არის საქართველოში დაფიქსირებული.
დარწმუნებული ვარ, რაიმე სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ისინი სარჩელს საქართველოში შემოიტანდნენ, თუმცა, რას ალ ხაიმაში უფრო ადვილი იყო მათთვის ამ საქმის წარმოება. რაც შეეხება სამართლებრივ გზებს, ამ საკითხზე ჯერ თვითონ იფიქრონ. მათთვის არის ეს ძალიან სერიოზული საფიქრალი, როგორ უნდა აღასრულონ გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური დარღვევით არის გამოტანილი.
მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარდა ყველაფერი. როგორც გითხარით, საერთოდ არც კი უცნობებიათ მხარისთვის, რომელსაც ბრალს სდებდნენ, რომ ამ ბრალთან დაკავშირებით მისცემოდა საშუალება, წარედგინა თავისი პოზიცია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ქეთი ქვარცხავამ.
ქვარცხავა ამბობს, რომ ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან საქმის მასალებს არ გაცნობია. რაც შეეხება კომპანია „რაკია ჯორჯიას“ განცხადებას, რომ დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში, ადვოკატი აცხადებს, რომ სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს როგორც გელა მიქაძის წინააღმდეგ, ასევე კომპანია „რაკია ჯორჯიას“ წინააღმდეგ, რადგან ორივე მხარეს აქვს სადავო გარკვეული კომერციული საკითხები საქართველოში მათი წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ჯერ ერთი, ათეული სასამართლო პროცესი არ არის. რაც შეეხება სხვა ქვეყანას, ერთადერთი ქვეყანა გარდა საქართველოსი, არის ინგლისი, სადაც მოვიგეთ საქმე, ამ შემთხვეაშიც პარტნიორთან დაკაშვირებული დავა იყო, რომელიც გელა მიქაძის წარმატებით დასრულდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ქეთი ქვარცხავამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი გელა მიქაძე პარტიის ღირსების შელახვისთვის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს.
„ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ემირმა საქმე საქართველოდან პირადად წაიღო საემიროში განსახილველად. ეს მის იურისპრუდენციაში არ შედიოდა, რადგანაც ბიზნეს გარიგება საქართველოში იყო დადებული 2011 წელს. ანუ, ეს საქმე თავის საემიროში წაიღო, სადაც თვითონ არის მთავარი მოსამართლეც და მთავარი პროკურორიც. ეს არის ჯუჯა სახელმწიფო, ერთ-ერთი საემიროა რას ალ ხაიმა“, - განაცხადა გელა მიქაძემ.
ბიზნესმენი, გელა მიქაძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში მეხუთე იყო და შესაბამისად არის პარლამენტის წევრი, პარტიის ერთ-ერთი დამფინანესებელია, თუმცა, როგორც საკრებულოს წევრო გოჩა თევდორაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიქაძე არ იყო სოლიდური დამფინანსებელი.
„ჩვენი დამფინანსებელი ვინც არის ყველა ასახულია ოფიციალური გადარიცხვით. ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ის, რომ გელა მიქაძე იყო სოლიდური დამფინანსებელი, ასეთი რამ არ ყოფილა. სოლიდური დამფინანსებელი რომ ყოფილიყო, უნდა მცდნოდა. რაც შეეხება იმას, მცირედი შემოწირულობა აქვს თუ არა გაკეთებული, არ ვიცი.
შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არ იყო ჩვენი პარტიის სოლიდური დამფინანსებელი, მაგრამ თუ რაღაცა შემოწირულობა აქვს გაკეთებული, ეს არ ნიშნავს, რომ მან დააფინანსა პარტია. ეს ადამიანი აგრძელებს სამართლებრივ დავას. თვლის, რომ საემიროების სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითრებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გოჩა თევდორაძემ.