რა ღირს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში

რა ღირს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში

რა ღირს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში35 მილიონი ლარის ეკონომია ხელისუფლებას ათჯერ ძვირი დაუჯდება

„ზოგადად, საყოველთაო არჩევნები ჯდება 35 მილიონი ლარი. იქნება ეს ადგილობრივი, საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დემოკრატიაში ფული დავინანოთ. მთავარია, არჩევნები ჩავატაროთ იქ, სადაც ქვეყნის მართვაზე გადაწყვეტილება მიიღება. ამ საკითხს დაუკავშირეს თვითონ დემოკრატიის არსი, საუბარი იყო იმაზე, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და ამიტომ ხალხი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტი არ არის ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი“, _ ესაა მცირე ამონარიდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან. ვინაიდან პრეზიდენტის არჩევნები, საშუალოდ, 35 მილიონი ლარი ჯდება, უმჯობესია, ქვეყნის უმაღლესი პირი 300-მა ხმოსანმა აირჩიოს. იმის გასარკვევად, უფრო კონკრეტულად რა თანხებია საჭირო ქვეყნის მთავარდლის ასარჩევად, ,,ვერსიამ'' 2008 და 2013 წლების საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურ ხარჯებს გადახედა.

თავდაპირველად, ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშებიდან მოვიპოვეთ. ცესკო-ს ვებგვერდზე საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე ძველი ხარჯები 2008 წლიდან იწყება. მანამდე ჩატარებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია საიტზე არ დევს და როგორც გავარკვიეთ, არც არქივში ინახება. ამიტომ ხარჯების შესახებ ანალიზს მხოლოდ 2008 და 2013 წლების მაგალითზე გთავაზობთ.

ცესკო-ს ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ნოემბრის #666 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცესკო-ს 5 526 000 ლარი, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის #799 განკარგულებით 3 650 000 ლარი, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2008 წლის 11 იანვრის #25 ბრძანებულებით 12 751 000 ლარი, ჯამში კი 21 927 000 ლარი გამოუყვეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2008 წლის 5 იანვარს, პრეზიდენტის არჩევნები მხოლოდ 21 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში შვიდი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. შესაბამისად, შვიდივე მათგანმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარადგინა ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობების შესახებ. 2008 წლის 5 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტად მოსახლეობის უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია და ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემოწირულობებით დავინტერესდით. მმართველმა პარტიამ 2008 წელს, შემოწირულობების სახით, 22 986 118 ლარი მიიღო. დანარჩენი 6 სუბიექტის შემოწირულობები 1 მილიონ ლარზე ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დაახლოებით, 45 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები 1 ივლისს გამოცხადდა, ამიტომ ცესკო-ს დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტმა არჩევნების ღონისძიებების დასაფინანსებლად, საჭირო თანხები დამატებით დაიანგარიშა. მოთხოვნა დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინეს, რომლის შუამდგომლობითაც, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის #998 განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 798 957 ლარი გამოუყვეს. მთლიანობაში, 2013 წელს, ცესკო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 34 466 703 ლარით დაფინანსდა.

2013 წელს, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%, ან მეტი, სამმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო: დავით ბაქრაძემ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ნინო ბურჯანაძემ (დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო) და გიორგი მარგველაშვილმა (ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო). საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით, თითოეულმა მათგანმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით, 1 მილიონი ლარი მიიღო. ეს იმიტომ, რომ საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯების ჯამური ოდენობა 1 მილიონ ლარს აღემატებოდა. ამ მიზნით, ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ამ პარტიების მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დავით ბაქრაძემ 2 431 015 ლარი, ნინო ბურჯანაძემ 2 069 265 ლარი, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა 2 680 608 ლარი დახარჯა. უხეში გათვლით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, დაახლოებით, 40 მილიონ ლარამდე დაჯდა. ვინაიდან 2008 წელს, არჩევნებზე 45 მილიონი, ხოლო 2013 წელს 40 მილიონი ლარი დაიხარჯა, გამოდის, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, საშუალოდ, 42 500 000 ლარი დაჯდა.

მნიშვნელობა არ აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებზე საშუალოდ, 35 მილიონი ლარი იხარჯება, თუ 42 მილიონზე მეტი. მთავარია, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების არგუმენტი, რომ დემოკრატია ანუ ხალხის არჩევანი, არითმეტიკულ რიცხვებში გავზომოთ. ექსპერტი სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებში, ლევან ალაფიშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავრობას ცუდად შემოუტრიალდება: ,,დემოკრატია რიცხვებში არ იზომება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთ ფუნდამენტურ საკითხზე, როგორიცაა ხმების განაწილება და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის არჩევა. ვფიქრობ, ხელისუფლების რიტორიკა შეფუთულია რიცხვებით და არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. გონივრული დასაბუთების გარეშე, 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გასაუქმებლად ერთადერთი არგუმენტი - ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ,,მოიფიქრეს''. არადა, მთლიანობაში, შვიდივე თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტი რომ ავიღოთ, მათი ჯამი 5 მილიონ ლარს არ აღემატება. ბუნებრივია, ეს არც მოსახლეობისთვისაა მისაღები, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რადგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება იმის საფუძველი არ არის, თვითმმართველობა აღარ გვქონდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევას, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის იქნება კომფორტული. ზოგადად, ქვეყნისთვის ეს საფრთხის მატარებელი კომფორტია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, არცთუ სასურველ მოვლენებში გადაიზარდოს. მხედველობაში მაქვს ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ყველა მიმართულებით, რომელიც დემოკრატიული პროცესების განსავითარებლად, თავისუფალ სივრცეს აღარ დატოვებს. შესაბამისად, საზოგადოებასა და ხალხს, რომელიც ძალაუფლების წყაროა, რევოლუციის გარდა, სხვა გზა არ დარჩება. სამწუხაროდ, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის უცხო არ არის, თუმცა ეს საკმაოდ სახიფათო და რისკისშემცველი გზაა''.

ლევან ალაფიშვილმა ,,ვერსიას'' განუმარტა, რომ ხელისუფლების მიერ, 35 და თუნდაც 42 მილიონი ლარის ეკონომიაზე საუბარი არასწორია. ცხადია, თუ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა გაუქმდება, გარკვეული დანაზოგი იქნება, მაგრამ ალაფიშვილის განცხადებით, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის ხარჯები დაიზოგება და არა უშუალოდ, საარჩევნო სუბიექტების ხარჯები:

,,საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთავრობა ხალხს მსოფლიო ნოვაციას სთავაზობს, სადაც პრეზიდენტს პოლიტიკური პარტიები ნიშნავენ. ასეთი სისტემა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის! მეტიც, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დღეს დაზოგილი 35 მილიონი ლარი საზოგადოებას ათჯერ ძვირი დაუჯდეს!''