„ამ ყველაფრის შემდეგ, პავლე კუბლაშვილის ლოგიკური ნაბიჯი, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება იქნება“

„ამ ყველაფრის შემდეგ, პავლე კუბლაშვილის ლოგიკური ნაბიჯი, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება იქნება“

[თეონა ხარაბაძე]

აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად უკან ბრუნდება ის მუხლები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. ამასთან, გათვალისწინებულია კიდევ დამატებითი ცვლილებები, რაც აქციის ჩატარების წესს კიდევ უფრო ზღუდავს.

შეგახსენებთ, რომ საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში გაუქმდა 2009 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად საჯარო დაწესებულებებთან აქციის ჩატარებისთვის 20 მეტრიანი ბარიერი წესდებოდა. ასევე გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში აქციაში მონაწილეობას უკრძალავდა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზევე ამ ცვლილებებს საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, ხელისუფლებამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. ოპოზიციამ კი ეს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნორმები საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს არ შეესაბამებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებით, კანონში ეს მუხლები ავტომატურად გაუქმდა. თუმცა, ხელისუფლებამ მათი ხელახალი მიღება გადაწყვიტა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია. თუმცა, მისი საპარლამენტო განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი არიან.

კანონპროექტის თანახმად, აქციებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას 20 მეტრიანი რადიუსის შეზღუდვა, კანონდმებლობაში ნაწილობრივ ბრუნდება.

კანონის ძველი რედაქციით, აკრძალული იყო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობების შესასვლელის 20 მეტრის რადიუსში: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო ნაწილები და ობიექტები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები, პორტები, საავადმყოფოები, დიპლომატიური დაწესებულებები, სამთავრობო დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შრომის უსაფრთხოების სპეციალური რეჟიმის ან შეიარაღებული დაცვის მქონე საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 მეტრის რადიუსის შეზღუდვა მოიხსნა.

თუმცა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით დგინდება, რომ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში და მათი შესასვლელიდან ოცი მეტრის რადიოსში მდებარე ტერიტორიაზე: საქართველსო საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცავი ორგანოები. ასევე, რკინიგზის სადგურებთან, აეროპორტებთან და პორტებთან.

გარდა ამისა, აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებში და ობიექტებში და მათი შესასვლელიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.

ამასთან, შემოდის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, საერთოდ აკრძალული იქნება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება.

შენობის შესასვლელების ბლოკირების აკრძალვა კი კანონის მოქმედ რედაქციაშიც არის.

ასევე, დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმართება მანიფესტაცია, უფლებამოსილია განსაზღვროს შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრის დაშორებით. ადმინისტრაციული ორგანო ამ გადაწყვეტილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოების და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით იღებს.

კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ კიდევ ერთ ნორმას აღადგენს. ამ ნორმის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, შეკრებასა და მანიფესტაციებზე პასუხისმგებლობა, კვლავ აეკრძალებათ.

კანონის ძველ რედაქციაში ნათქვამი იყო, რომ მანიფესტაციის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება ყოფილიყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით შეზღუდვა გააუქმა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული პროქტის მიხედვით, კანონში შეზღუდვა ბრუნდება.

კანონპროექტში კვლავ ცალსახად წერია, რომ მანიფესტაციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები.

საინტერესო კი ის არის, რომ კანონპროექტის თანახმად, კიდევ ახალი შეზღუდვები შემოდის.

ცვლილებების თანახმად, მანიფესტაციის გამართვის დროისა და ადგილის გადახედვის საფუძველი ფართოვდება.

მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი მმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გაფრთხილების მიღების შემდეგ, სამი დღის განმავლობაში, გაფრთხილებაზე პასუხისმგებელი პირების თანდასწრებით, განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ.

ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და აქციის ჩატარება დაგეგმილია აკრძალულ ადგილებში.

კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს კიდევ ემატება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, მანიფესტაციის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გადაიხედოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე ადგილზე სხვა ისეთი აქციის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც თვითმმართველობა უფრო ადრე იყო გაფრთხილებული.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქამდე შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის რეგულირებაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო იყო ჩართული, რაც დედაქალაქის შემთხვევაში, მერიას გულისხმობს. კანონპროექტით კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობაზე, კერძოდ კი საკრებულოზე გადადის. შესაბამსიად, მანიფესტაციის გამართვის შესახებ შეტყობინება და შემდეგ მისი რეგულაციას უკვე არა მერიის, არამედ საკრებულოს პრეროგატივა იქნება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხელისუფლება უკვე გარემოვაჭრეების უფლებების დაცვაზეც ზრუნავს. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტში სწერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოვაჭრეების უფლებების დაცვა სავალდებულო იქნება.

კანონპროექტით დგინდება, რომ შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს და აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც შეკრება მიმდინარეობს.

კანონში ცალსახად ჩაიწერება, რომ ამ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება.

ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობას მანიფესტაციაში ჩარევის უფლება ეძლევა.

კანონის მოქმედ რედაქციაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ, ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია. ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილი ნაწილობრივ, ან სრულად უნდა გადაიკეტოს მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელსაც მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა.

კანონპროექტის თანახმად კი, ზუსტდება, რომ შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეთა მხრიდან ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივი ან სრული გადაკეტვის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგავარად შესაძლებელია.

ამ ნორმის ამოქმედება დაუშვებელი იქნება მაშინ, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა გათვალსწინებით, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვგავარად შეუძლებელია და კანონის ყველა ნორმა დაცულია.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს იგნორირებით ხსნის.

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის შეფასებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია მოახდინა.

„საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად, თავზე გადაახია საკონსტიტუციო სასამართლოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის შემდეგ, პავლე კუბლაშვილის ლოგიკური ნაბიჯი, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ გაუქმება იქნება,” - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს იგნორირება ხდება და ოპოზიციის ასეთი შეფასებები გასაკვირიც არ არის. თუმცა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის გარემოება, თუ თავად სასამართლომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ახლა ხელისუფლების ეს ქმედება რა მიზანს ემსახურება.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არც კანონპროექტის ავტორები და არც უმრავლესობის სხვა რომელიმე წევრი ამ თემაზე არ საუბრობს დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. ეს კი კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პარლამენტს აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მუხლების ხელახალი ინიცირება მოახდინოს. მისი მიღების შემთხვევაში კი, პოლიტიკურ ძალებს ისევ ექნებათ უფლება, მიმართონ სასამართლოს და დიდი ალბათობით, ეს მუხლები ისევ გაუქმდება. მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პროცედურა, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.

თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ 2009 წელს მიღებული ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ 2011 წელს გააუქმა, დიდი ალბათობაა, რომ ახლა მიღებული ცვლილება 2012 წლის არჩევნებისთვისაც ძალაში იქნება და 2013 წლის არჩევნებისთვისაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის, რომ როგორმე ეს არჩევნები გადააგოროს და ამ პერიოდში აქციების ჩატარება მაქსიმალურად შეზღუდოს.