თურქეთის პრემიერ-მინისტრის-ბინალი ილდირიმის საქართველოში სტუმრობის შემდეგ დღეს დილით რამდენიმე თურქი დააკავეს. მათ შორის, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველოში საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე თურქი ბიზნესმენი მუსტაფა ემრე ჩაბუკი აიყვანეს. დაკავებული ამჟამად მოდულის შენობაშია გადაყვანილი. თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში, მას ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუკი დემირელის კოლეჯისა და რამდენიმე სკოლის დირექტორია.
ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მხარის მოთხოვნით მოხდა. მუსტაფა ემრე ჩაბუკს ტერორისტული ორგანიზაციისთვის წილის მიყიდვას ედავებიან. დაკავებულის მეუღლე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს. მანამდე კი ირკვევა, რომ დაკავებულის ინტერესებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დაიცავს. For.ge-სთან საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, სადაც, ალბათ, განიხილება დაკავებულის თურქეთში ექსტრადირების საკითხი.
„დღეს რამდენიმე ბიზნესმენი დააკავეს, მათ შორის, ერთ-ერთია მუსტაფა ემრე ჩაბუკი. ეს ადამიანი იყო დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი და მას სკოლის მართვის მინდობილობა ჰქონდა. ჩვენთვის გადმოცემული მასალებით ირკვევა, თითქოს იგი ხელს უწყობდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას. როდესაც წავიკითხე თურქული მხარის „დასაბუთება“, გაკვირვებული დავრჩი. მას აბსურდული ბრალდება ჰქონდა წაყენებული, თითქოს დემირელის კოლეჯში ერთ-ერთი პარტნიორის წილის გაყიდვას აპირებდა და ცდილობდა, ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენელზე გასხვისებულიყო ქონება. საუბარია ამერიკაში რეგისტრირებულ კომპანიაზე, რომლისთვისაც არავის დაუდია ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის კუთხით. სხვათა შორის, თურქული მხარის „დასაბუთებაშიც“ არ წერია, რომ ამერიკული კომპანია ტერორისტული ორგანიზაციის ხელშემწყობს წარმოადგენდა. იქ აღნიშნულია, რომ ბატონ ჩაბუკს არ ეკუთვნოდა საგანმანათლებლო ორგანიზაციაში წილი, არამედ უბრალოდ, აღნიშნულია, რომ, როგორც მინდობილი პირი, ხელს უწყობდა წილის გასხვისებას ამერიკულ კომპანიაზე. მაინტერესებს, ამერიკულ კომპანიაზე წილის გასხვისება რატომ არის ტერორიზმთან დაკავშირებული? არადა, ამ ბრალდების თავი და ბოლო სწორედ ეს არის“, - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
შეკითხვის საპასუხოდ, დაკავებული ბიზნესმენი იცნობდა თუ არა ფეთჰულა გიულენს, უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ გიულენთან კავშირი არანაირად არ არის დასაბუთებული აღნიშნულ ბრალდებაში. უფრო მეტიც, გიულენთან ურთიერთობა თურქ ბიზნესმენს არ ჰქონია, ის არასდროს შეხვედრია ბატონ გიულენს თურქეთში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულა ეს ადამიანი.
სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა განვითარდეს, ასევე, გადამჭრელი ზომები უნდა იყოს მიღებული ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ დაუსაბუთებელი ბრალდებით თურქეთის მოქალაქის თურქეთის სახელმწიფოსთვის გადაცემა ხელს არ შეუწყობს სამართლის დამკვიდრებას და ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო პრესტიჟს დააზიანებს.
მისივე თქმით, არსებობს მრავალრიცხოვანი დასკვნები (მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან) თურქეთში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის შესახებ. უკანასკნელი თვეების განმავლობაში იქ ათეულ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს უკანონო ბრალდების მუხლით. ამიტომ თურქეთში პატიმართა მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუკის ექსტრადირება დაუშვებელია.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პირადად იცნობს მუსტაფა ემრე ჩაბუკს, როგორც საგანმანათლებლო სკოლების კოორდინატორს. მისი ინფორმაციით, თურქი ბიზნესმენი განათლებით ფილოლოგია, პროფესორია. ამდენად, გიულენთან არარსებული კავშირის გამო მისი დაპატიმრება ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის საზიანოა.
„თურქეთში დღესაც და გუშინაც 144 ოფიცერი დააპატიმრეს. დაკავებულთა რაოდენობა უკვე 20 ათასს აღწევს. თუ ყოველი მეორე ქვეყანაში ტერორისტია და რეპრესიებმა თურქეთში მასშტაბური სახე მიიღო, მაშინ რა განსხვავებაა სტალინისა და ბერიას რეპრესიებისგან? ფაქტობრივად, ევროკავშირმა ერდოღანს უნდობლობა გამოუცხადა, ნატოს ბევრი ოფიცერი შეიფარა და პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერდოღანისა და ტრამპის ძალზე ცივი შეხვედრა შედგა. რაც ჩაიდინეს ერდოღანის დაცვის წარმომადგენლებმა, როცა დაერივნენ და მშვიდობიან დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რაც არ მომხდარა ამერიკაში.
ეს არის ერდოღანის პოლიტიკური შიზოფრენიის გამოვლინება. ერდოღანის მხრიდან ასეთი იარლიყების მიკერება გასაგებია. ამიტომ საქართველო არ უნდა ჩაერიოს ასეთ საკითხებში და არ უნდა მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება, რადგან ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. შესაძლოა, მისი სიცოცხლეც ფსონზე იყოს დადებული. მე თვითონ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო დონის ექსპერტი ვარ და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. არ აქვს მნიშვნელობა, თურქეთის პრეზიდენტი ჩამოვა, თუ პრემიერი, ფაქტობრივად, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს თურქეთი გადავიდა რბილი ავტორიტარული რეჟიმის მმართველობის ფორმატში, რასაც არა მარტო თურქული ადგილობრივი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებენ, არამედ ამას საერთაშორისო საზოგადოებამაც შესაბამისი პასუხი გასცა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში და განმარტა, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის დროსაც ყველას აწებებდნენ იარლიყებს, სააკაშვილი და ერდოღანი კი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული წევრია, ამიტომ ევროკავშირის პოზიციიდან უნდა ამოვიდეთ, რომელმაც, ფაქტობრივად, ერდოღანს პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა. მით უმეტეს, რომ საშინელება ხდება თურქეთის ციხეებში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრების მიმართ. ამდენად, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების პოზიცია უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ და ასე ვოლუნტარისტულად არ მიიღოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, ეს თურქი ბიზნესმენების დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. For.ge გასულ თვეშიც წერდა, რომ ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერის მოტივით საქართველოში თურქი ბიზნესმენი სინან სარაჩი დააკავეს.