ქართველი ქალები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ

ქართველი ქალები ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ

[მანანა ნოზაძე]

დღეს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია „ქალები სიცოცხლისა და ქვეყნის ღირსების გადასარჩენად“ გაიმართა. ქართველმა მანდილოსნებმა, მსახიობებმა, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია პარლამენტში მოხსენებით გამოსული სახალხო დამცველის ანგარიშს დაამთხვიეს, რომელიც 26 მაისის მოვლენებსაც ასახავდა. ამასთან, ქართველმა ქალებმა სპეციალური მიმართვა საკანონმდებლო ორგანოს კანცელარიას ჩააბარეს და მასზე სწრაფი რეაგირება მოითხოვეს.

მიმართვაში, რომელსაც ასამდე ქალბატონმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ რუსთაველის გამზირი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ადგილია. აქ დაიღვარა იუნკრების სისხლი, 9 აპრილს სწორედ აქ დაიღუპნენ მამულიშვილები და ბოლოს, ხელისუფლებამ 26 მაისი ხალხს ისეთი სისასტიკით მიულოცა, რაც ისტორიას არ ახსოვს.

მიმართვაში, ასევე ნათქვამია, რომ „ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მანდილოსნების ვალია, ხმა აიმაღლონ და პროტესტი გამოთქვან ყოველგვარ ძალადობაზე“. ამიტომ, მანდილოსნები მოითხოვენ, რომ მიუკერძოებელი სპეციალისტების მონაწილეობით, 26 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, ხოლო დაკარგული პირები მოიძებნონ და ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები შეწყდეს. ქართველი ქალების ეს მოთხოვნა მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.

მართალია, მანდილოსნებმა ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრა მისი თბილისში არყოფნის გამო ვერ მოახერხეს, მაგრამ ამის იმედი მომდევნო სამშაბათისთვის დაიტოვეს. ისევე, როგორც მომდევნო სამშაბათს დააანონსეს მომავალი აქცია.

„პრესაგე.ტვ“ აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.

„ქართული აკადემიის“ წევრი, მსახიობი  ნინელი ჭანკვეტაძე ბრძოლის შეჩერებას არ აპირებს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი შეიკრიბება, რადგან პირადად ყოველ სამშაბათს, ორ საათზე პარლამენტის წინ პროტესტის გამოსახატავად აპირებს მისვლას.

„ჩვენ შევიკრიბებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმ ქვეყანაში, სადაც ძალისმიერი მეთოდებით ხდება სიცოცხლის ხელყოფა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი შეიკრიბება პროტესტის გამოსათქმელად. 26 მაისი გახლავთ სულ ბოლო ჯალათური გამოვლენა ამ ხელისუფლებისგან. კარგი იქნება, პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს უფრო ადრეც უნდა გაეკეთებინა პარლამენტს, ჩვენი ჩარევის გარეშე. ოღონდ საგამოძიებო კომისია მარტო პარლამენტარებისგან არ უნდა დაკომპლექტდეს, მასში უნდა შევიდნენ საერთაშორისო დამკვირებლები და საზოგადოების წარმომადგენლები, ვისაც ენდობა საზოგადოება“, - აცხადებს ჭანკვეტაძე.

ამასთან, იგი მოითხოვს, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ პატიმრები და პირველ რიგში, სოსო ჯაჭვლიანი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა.

„ის ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მიდის ზეწოლა დაკავებულ ადამიანებზე, მათ ოჯახებსა და ყველა პირზე, ვინც ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან შეკრებილ მანდილოსნებს სოლიდარობა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„ბრძოლით შედეგს ყოველთვის მივაღწევთ, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენც სოლიდარობის გამოსახატად მოვედით, იმ სოლიდარობის, რომელიც ქართულ საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აკლია. ის ინფორმაცია, რომ მტკვარმაც გამორიყა ადამიანთა გვამები, სამწუხაროდ, არსებობს. თუმცა, ბუნებრივია, დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ დღეს მსოფლიო უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა  ხელისუფლების მიმართ ძალიან სერიოზული, უმძიმესი განცხადება გააკეთეს. ეს შეეხება დაკარგულთა ბედის სასწრაფოდ გამოძიებას, ასევე, საპატიმროებში მყოფი ადამიანების უფლებების დარღვევას. ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება 26 მაისი. ამას ვპირდებით ხელისუფლებას“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ „პრესაგე.ტვ“სთან საუბარში.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მან 27 მაისს საკრებულოში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

„ამ მოთხოვნის ერთგული ვრჩები, რადგან პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში  ძალადობაზე პასუხის გაცემის  შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს მოთხოვნა მანამდე მექნება, სანამ 7 ნოემბრიდან მოყოლებული, დარბეული ყველა აქციისთვის არ დაისჯებიან ის პოლიციელები და თანამდებობის პირები, რომლებმაც ზოგმა ბრძანების ფარგლებში, ზოგმა კი საკუთარი ინიციატივით, მოსახლეობაზე ძალა იხმარა და ამით მათ დაშინებას შეეცადა“.

ხიდაშელის აზრით, ყველა მოქალაქის ვალია,  მომხდარის დამოუკიდებელი გამოძიება მოითხოვოს და ეს პოლიტიკური მოთხოვნა სულაც არ არის. 

„წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი გაოცებას ვერ ფარავს იმ გაუბედურებული ოჯახების მიმართ, რომლებმაც ტრაგედიის მიუხედავად, სახლში დარჩენა არჩიეს.

„მე გამკვირებია იმ დაპატიმრებულების ახლობლების, იმ გაუბედურებული ოჯახების, რომლებიც სხედან სახლში და არ გამოდიან. რას ჰქვია, ეშინიათ! მეტი რა უნდა გაუკეთონ ამ ოჯახებს? რაც მეტად შეეშინდებათ, კიდევ უარესი მოუვათ“.

მსახიობი  ნანა შონია აცხადებს, რომ  მარტო ქუჩაში ხალხის გასვლით გამოსავალს ვერ ხედავს, მაგრამ ეს ერთ-ერთი დამხმარე ძალაა, რომელიც ამ ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ აუცილებელია.

„26 მაისის შემდეგ ხალხი დაშინებულია და ზუსტად ამაში ვხედავ ტრაგიზმს. შიშს ვერ უმკლავდებიან ადამიანები. მესმის კიდეც მათი და ხანდახან არც მესმის ეს ამბავი, რადგან ძალა ერთობაშია. თუკი ქართველი ერი ამას მივაღწევთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. მე მგონი, შიშის ტალღა გადაივლის. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს და არავის შიში და რიდი არ უნდა ჰქონდეს, თუკი საქმე ეხება თავისუფლებასა და ქვეყანაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას“.

26 მაისის დილას ხელოვანი ადამიანების მიერ სააკაშვილისგან მიძღვნილ ჯილდოებს, ნანა შონია  მიუღებლად მიიჩნევს.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს ჯილდოები არავის უნდა მიეღო და უარი ეთქვათ, მით უფრო, იმ ტრაგიკულ დღეს. მთელი საქართველოსთვის ის დღე ძალიან მძიმე იყო. ჩემთვის რომ მოეცათ ეს მედალი, დავუბრუნებდი. უბრალოდ, არავინ მომცემდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, რა მოჰყვებოდა ამას. არც მინდა ასეთი ჯილდო. ჩემი ჯილდი არის სულ სხვა რამ, ხალხის სიყვარული“, - აცხადებს ნანა შონია.

ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ აქციებმა პერმანენტული ხასიათი უნდა მიიღოს.

„ქართველმა საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ არ აპირებს, შეეგუოს იმ უსამართლობას, რომელიც გამეფებულია საქართველოში. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დეკლარირებულად შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოდ. ვერცერთი კლასიკური ნიშნით, ის სახელმწიფოს ფუნქციას ვერ ამართლებს. კონსიტიტუციით ქვეყანაში სიცოცხლის უფლება გარანტირებულია, სინამდვილეში, საქართველოში ეს უფლება  ხელყოფილია“.

ლორთქიფანიძის აზრით, 26 მაისის შემდგომ  საზოგადოება გაოგნებულია. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან, რა მასშტაბის სამართალდარღვევა მოხდა ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„ეს ადამიანები ხელებს წევდნენ,  ნებდებოდნენ და  გასვლას, გასაქცევს ითხოვდნენ, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ. მათ ცემაში  კლავდნენ, საკუთარ სისხლში აბანავებდნენ, შემდგომ კი ფიზიკური დაზიანებებით მიჰყავდათ და  სამი თვით დილეგში აგდებდნენ. ეს ადამიანები დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან მოთავსებულნი - თბილისში, კასპში, მცხეთაში, გორში, გურჯაანში, თელავში. მათი რიცხვი 150-ს აჭარბებს. ისინი ორი და სამი თვის ვადით არიან დაკავებულნი“, - აცხადებს დეპუტატი.

„სამწუხაროდ, მე შეზღუდული მაქვს მონიტორინგის განხორციელების უფლება. 2009 წელს ვახორციელებდი ამ უფლებამოსილებას, მაგრამ შემდგომში შემცვალეს როტაციის მომიზეზებით. თუმცა აღმოჩნდა, რომ დღევანდელი მონიტორინგის ჯგუფში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ორი მაჟორიტარი დეპუტატი - ქარელისა და ახალქალაქის. უმცირესობის გარეთ მყოფი დეპუტატები კი, წარმოდგენილნი არ არიან. ბუნებრვია, ეს ლოგიკურ კითხვას ბადებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დავით ბაქრაძეს, როგორც ქვეყნის მეორე პირს, გადადგას ეს პოლიტიკური ნაბიჯი და თავად მიიღის მონაწილეობა ამის დარეგულირებაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ  განაცხადა, რომ დღეს ქალების მიმართვა გადაეცემა პარლამენტს და მეორე მიმართვა გაეგზავნება ევროპის სტრუქტურებს, რადგან  საერთაშორისო საზოგადოების, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ეუთოს, გაეროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნა ზუსტად ისაა, რომ მომხდარი ობიექტურად გამოიძიონ და დამნაშავენი დაისაჯონ.

„პარლამენტს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის ბერკეტი გააჩნია. ამდენად, უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, დაიბარონ მერაბიშვილი და იგი დაკითხონ. გარდა ამისა, შეჩერდეს რეპერესიები, რადგან დაპატიმრებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უკვე 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. პირადად დავდივარ საქართველოს ყველა რაიონში, სადაც ვნახულობ 26 მაისს დაკავებულ პირებს. უკვე შევხვდი პატიმრობაში მყოფ 20-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ღირსების შემლახავად, არაადამიანურად ეპყრობიან.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სია შს სამინისტროს გააჩნია და სწორედ მათ უნდა გაგვცენ პასუხი, ვინ იპოვეს და ვინ - არა. დაკარგული ადამიანების ძებნის მხრივ ჩვენი შესაძლებლობა უკვე ამოიწურა. 46 კაციანი სია იყო და ჯერჯერობით, მასზე არანაირი რეაგირება არ მიგვიღია“, - აცხადებს ბესელია.