ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება, შესაბამისად, მმართველ გუნდს შესარჩევი ჰყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი ჰყავთ 1000-ზე მეტი კანდიდატი. კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება და უკვე ივლისის ბოლოს მმართველი გუნდი მერობის და გამგებლების კანდიდატებს დაასახელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერებისა და გამგებლების კანდიდატების შესარჩევად შიდა გამოკითხვის ჩატარებას აპირებს.
ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ასეთი გამოცდილება და პრაქტიკა გააჩნია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მისთვის ცნობილი არ არის, რა იგეგმება საკუთრივ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ სხვადასხვა რაიონში მაჟორიტარი დეპუტატები სწორედ გამოკითხვის საშუალებით შევარჩიეთ - შევაფასეთ მათი ცნობადობისა და პოპულარობის ხარისხის მიხედვით და გადაწყვეტილება ამის გათვალისწინებით მივიღეთ. პარტიაში ამის პრაქტიკა არსებობს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
მმართველ გუნდი ღიად არ პასუხობს, ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის. თუმცა, პირად საუბარში ადასტურებენ, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება. for.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში კახა კალაძის კანდიდატურაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რადგან ერთნი ფიქრობენ, რომ კალაძეს ფინანსურ რესურსთან ერთად პიროვნული რესურსიც აქვს, და შესაძლოა, თბილისის მერის თანამდებობიდან დიდი პოლიტიკისკენ დამოუკიდებლად იაროს.
მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდში დაპირისპირებას არ ადასტურებს ზურაბ ალავიძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. რაც შეეხება კახა კალაძეს, მინისტრი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
„სამთავრობო გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ხშირი ურთიერთობა გვაქვს გუნდში ერთმანეთთან და ამას ვერ ვგრძნობ. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
რაც შეეხება მოქმედ მერს, დავით ნარმანიას, რომლის მიმართ უკმაყოფილოა მმართველი გუნდიც, მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება. თბილისის მერის განცხადებით, განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის განიხილება ეს ვერსიაც.
„კონსულტაციები მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის არის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და როგორც კი დასრულდება, აუცილებლად გაიგებთ ამის შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიები უკვე ემზადებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკის სახით წარსდგებიან „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკური პარტია“, მათ მერობის საერთო კანდიდატი ეყოლებათ და ეს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი იქნება.
დეპუტატი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს მერის არჩევნებში. თუმცა, მისი კანდიდატურა წარდგენილი იქნება თუ არა „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ, ამ ინფორმაციას ელისაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებიდან შემოთავაზება აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
არჩევნებისთვის ემზადება „ევროპული საქართველო“. პარტიაში თბილისის მერის ერთ-ერთ კანდიდატად ელენე ხოშტარია განიხილება. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან იქნება სწორედ ის, ვისი ხილვაც უნდათ თბილისელებს და ვისაც მხარს დაუჭერს პარტიის თბილისის ორგანიზაცია.
„პარტიაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება დემოკრატიული გზით, პარტიული მექანიზმების გამოყენებით, მე ვგულისხმობ ე.წ. კარდაკარსაც. ჩვენი პარტია ამჟამად თბილისში ატარებს კარდაკარს და ერთ-ერთი შეკითხვა არის სწორედ ის, ვის ხილვას ისურვებდნენ თბილისელები თბილისის მერის პოსტზე.
პარტიის ყრილობის დღეს, 27 მაისს ასევე შედგება კენჭისყრა და თბილისიდან არჩეული დელეგატები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ამიტომ ეს არ არის ის შემთხვევა და ეს არ არის ის პარტია, სადაც მე ერთპიროვნულად ვიტყვი, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ერთ-ერთი კანდიდატი ნამდვილად არის ელენე ხოშტარია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
დაახლოებით ორკვირიან მონაკვეთში თბილისის მერობის კანდიდატურას დაასახელებს „პატრიოტთა ალიანსი“. თბილისის საკრებულოს დეპუტატი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პარტია 3-4 კანდიდატზე მსჯელობს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არც ირმა ინაშვილია და არც დავით თარხან-მოურავი.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მერობის კანდიდატები უახლოეს არჩევნებზე არ იქნებიან. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობთ. ჩვენ გვეყოლება მერობის კანდიდატი თბილისში და სხვა ქალაქებში, ასევე, გვეყოლება გამგებლობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ყველა რაიონებში.
თვითონ კანდიდატიურას რაც შეეხება, 3-4 კანდიდატს ვიხილავთ, მათ შორის არის ცნობადი სახეებიც. მოვლენებს წინ არ გაუსწრებ და მათ ვინაობას არ დავასახელებ, რადგან,დაახლოებით ორ კვირიან მონაკვეთში და შეიძლება უფრო ადრეც, ჩვენ შეგვეძლება განვაცხადოთ ვინ არის ჩვენი მერობის კანდიდატი თბილისში“, - აცხადებს გოჩა თევდორაძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლიც გავრცელებული ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იმ 9 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციას მხარდაჭერის მოპოვების შანსები ბევრად უფრო მცირე აქვს, ამ თვალსაზრისით კონსულტაციები დაწყებულია. რაც შეეხება მერობის კანდიდატს, შესაძლოა ისევ ნიკანორ მელია იყოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის, 2014 წლის არჩევნები იყო.
„დღეს ჩვენ განახლებული პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში. ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, განახლებული მიდგომა და გვინდა ეს ყველაფერი თქვენთან შევათანხმოთ, რათა განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს განახლებული ხედვა და განახლებული პროგრამით ჩვენ შევიდეთ ბრძოლაში თბილისში არჩევნების მოსაგებად“, - განაცხადა მელიამ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ როგორც წესი, ყველა პარტია ცდილობს დაასახელოს ისეთი კანდიდატი, ვისაც დიდი პოლიტიკური კაპიტალი აქვს. ამ თვალსაზრისით, მისი თქმით, მმართველი გუნდში სერიოზული ლიდერია კახა კალაძე, რომელსაც წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, კალაძეს რეიტინგი მაღალია.
„მას დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიას და გარდა ამისა, სერიოზული ლიდერია პარტიის შიგნითაც, საკამაოდ მძლავრი გავლენა აქვს. ასე რომ, მისი თანაზომიერი კანდიდატურა ვერც ერთ პარტიას ვერ ეყოლება. გასაგებია ელენე ხოშტარია, მაგრამ მან ძალიან მცირე რაოდენობის მხარდაჭერა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში. მერი არის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც შეუძლია ხალხის აყოლიება. რასაკვირევლია, მენეჯერული უნარებიც უნდა ჰქონდეს მას, მაგრამ პირველ რიგში პოლიტიკური თავკაცია, რომელსაც შეუძლია ადამიანები მომართოს და საერთო მიზნისკენ წაიყვანოს.
ნარმანიას ეს თვისება ნაკლებად აქვს, კალაძეს პოლიტიკურ გავლენაში და პოლიტიკური ლიდერის უნარობაში ვერ გაუტოლდება. თუ შევხედავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კონფიგურაციას, კალაძე ერთ-ერთი სერიოზული ლიდერია. „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიან ადამიანები არიან გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე. ბუნებრივია, რომ კალაძეს მეტი გავლენა და წონა აქვს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ მერობის კანდიდატად კახა კალაძის დასახელების შემთხვევაში ანალიტიკოსი მეორე ტურის ალბათობას გამორცხავს, რადგან, დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში უპრობლემოდ მოიგებს არჩევნებს.
„კალაძის კანდიდატურის შემთხვევაში ნაკლებად ველოდები მეორე ტურს. დავით ნარმანიას ძალიან კარგი მენეჯერული და სამეცნიერო გამოცდილება ჰქონდა, მინისტრადაც ნამუშევარი იყო, მაგრამ არ ჰქონდა რეიტინგი, არ ჰქონდა პოლიტიკური კაპიტალი, არ იყო ლიდერი. კალაძე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა და თანაც - ბევრად. თუ კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში მეორე ტურს არ ველოდები. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კალაძე პირველივე ტურში მოიგებს დიდი უპირატესობით“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.