კონსტიტუციის პროექტზე გერმანიაში, კონფერენციაზე, მსჯელობენ, მოგვიანებით ვენეციის კომისიაც მოამზადებს საკუთარ დასკვნას. ოპოზიცია კრიტიკულ შენიშვნებს ელოდება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კომისია დადებით დასკვნას დადებს. ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ორივე მხარისთვის წონიანი არგუმენტი იქნება, რათა საბოლოო ჯამში, შედარებით კომპრომისულ ვარიანტზე მოხდეს შეჯერება.
ვაჟა ბერიძე: რაღაც კონსენსუსი უნდა გამოიძებნოს, ვგულისხმობ, მონარჩენი ხმების თემას, ისე, როგორც სხვა ცვლილებს. პრინციპულად არ მომწონს მთელი ეს საკონსტუიტუციო პროცესი, პარლამენტის მიერ ცვლილებების მომზადებიდან - განხილვამდე.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ვიღაცის ნებას დაქვემდებარებულიპროცესი. განხილვის ფორმატიც აურზაურის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე რეალური განსჯის. უმჯობესი იქნებოდა, ჯერ კონსტიტუციონალისტებს დაემუშავებინათ ცვლილებების პროექტი, შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, თუნდაც პარტიებთან და არასამთავრობოებთან მოეთათბირებინათ - ეს ფორმატი არაფერს არ იძლევა პროექტის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ყველაფერი მიდის ემოციებამდე.
გადაუნაწილებელ ხმებთან დაკავშირებით ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თუ ბარიერი არ დაიწევს, ბარიერგადალახულ პარტიებზე მიღებული ხმების პროპორციულად მაინც გადანაწილდეს მანდატები.
როგორც ჩანს, მმართველმა ძალამ იცის, რომ თუ პროცესი მივიდა საპარლამენტო არჩევნებამდე, ის ვერ მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, მაგრამ შანსი აქვს, თუ გააჩერებს პოლიტიკურ პროცესს, პირველ ადგილზე გავიდეს - ნაციონალების ელექტორატი უფრო მეტად ვერ გაიზრდება, სხვებს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით, შესაძლოა, ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეთ.
ამის გარდა, უკვე 5 წელიც შესრულდება ივანიშვილის მმართველობის დაწყებიდან და ეს ის დროა, რომლის იქითაც დასავლური დემოკრატია ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის მმართველობას უკვე ეჭვის თვალით უყურებს, როდესაც შეიძლება, პოლიტიკური პროცესები გადაიზარდის დაპირისპირებაში და ისევ აუცილებელი გახდეს ქუჩიდან ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი მერკანტილური ინტერესებით „ოცნება“ არ უნდა ხელმძღვანელობდეს.
კონსტიტუციის დახმარება საჭირო არ გახდებოდა თუ სხვა სფეროებში დალაგდებოდა სიტუაცია, გაიზრდებოდა ეკონომიკური მაჩვენებლები, შეიცვლებოდა სოციალური ვითარება და ა.შ. ახლა რაც სახეზე გვაქვს არის ის, რომ დასავლეთს მოწონს ჩვენს მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკაშიც შესაძლოა, დადებითი ტენდენცია გამოიკვეთოს - რამდენიმე დიდ, მათ შორის, ევროპის და ჩინეთის ბაზრებთან მოვიპოვეთ თავისუფალი ვაჭრობის უფლება, რაც ინვესტიციების გაზრდის შანსს გვმატებს. თუ ეს ყველაფერი დალაგდება, დაჭირდება კი დღევანდელ მმართველ ძალას აკრძალული მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნება?
- მთავრობა და მისი საქმიანობა რაღაც ნაბიჯებს მართლაც დგამს და სხვადასსხვა მიმართულებით უკეთესობაც არის, მაგრამ ეს ყველაფერი არასაკმარისია იმისათვის, რომ ხალხმა იგრძნოს წინსვლის შედეგები.
10 და 15 პროცენტიც რომ იყოს ეკონომიკის ზრდა და არა 3-4%, ეს მოსახლეობის სოციალურ დაცულობაზე ვერ აისახება. ვერც ერთი ხელისუფლება ჯადოსნურ ჯოხს ვერ აიქნევს, რომ ხალხის მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალოს ოთხ, გნებავთ, რვა წელიწადში.
როდესაც დანგრეული ეკონომიკის პირობებში, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით მეზობელ ქვეყანასთან, ინვესტიციები არ შემოდის, წარმოება არ ვითარდება, ხელშესახები გაუმჯობესება შეუძლებელია.
რაც შეეხება ამერიკას, მათ ჩვენი რეფორმები კი არ მოწონთ, ეს არის პოლიტიკური ჟესტი დიპლომატიურ ენაზე, რომელიც გარკვეული მხარდაჭერის გამომხატველია - სინამდვილეში მათ ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობა მოწონთ. როდესაც დასავლეთისთვის რუსეთი მოწინააღმდეგეა, ხოლო თურქეთი - ერთობ საჭოჭმანო პარტნიორი, ასეთ პირობებში რეგიონში თავიანთი გავლენის გასამყარებლად საქართველოზე უკეთეს ქვეყანას ვერ იპოვნიან.
ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ რაკი ასეთი სიმპათიებია, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ავტომატურად გაუმჯობესდება. ამიტომ, უკეთესია, საკუთარ თავს თვითონვე მივხედოთ და კრიტიკულად გავიაზროთ არსებული რეალობა, რის წინაპირობასაც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ვერ ვხედავ.
შევხედოთ რა ხდება: შეიკრიბა პოლიტიკური კოალიცია და მოვიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ის ბიძინა ივანიშვილმა დაშალა და მმართველ ძალად შემოგვთავაზა პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც პოლიტიკური ძალის ნიშანწყალი არ ეტყობა ჩამოყალიბებიდან დღემდე. მათი პოლიტიკა ივანიშვილის იდეების პრაქტიკაში გატარებაა.
დღეს არ არის სიტუაცია, სადაც დებატების შემდეგ ყალიბდება პოლიტიკა, ისახება ეკონომიკური ამოცანები. ნახეთ, ალბათ, რა შეცდომაც დაუშვა პარლამენტის ახალგაზრდა სპიკერმა კონსტიტუიციის განხილვისას. ასე პოლიტიკის კეთება შეუძლებელია.
ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შეჩერებულია და ფაქტობრივად, სრული პროფანაცია მივიღეთ. არც ერთი საკონსტიტუციო განხილვის დროს არ მინახავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით ვინმეს არგუმენტირებული მოსაზრებები გამოეთქვას. საკონსტიტუციო საკითხები არ არის ის თემა, რომლის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამოიმუშავო დარბაზებში - პროცესებისადმი უფრო სერიოზული მიდგომაა საჭირო.
კარგია, რომ საპარლამენტო მმართველობისკენ მივდივართ, რადგან ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით ამ მოდელმა შეიძლება უფრო მეტად გაამართლოს, მაგრამ საპარლამენტო მმართველობას ძლიერი პარტიები ესაჭიროება.
ჩვენი, ხშირად, თითო კაცის, პოპულიზმზე მომართული, ღარიბი, ადამიანური რესურსებით მწირი პარტიები როგორ უზრუნველყოფენ პოლიტიკური სისტემის გამართულობას?!
საიდან გვექნება ძლიერ პარტიებზე დაუძნებული საპარლამენტო მმართველობა? თანაც მაჟორიტარულ არჩევის წესზეც უარს ვამბობთ... მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ვერ მოხვდება, რადგან წარმოუდგენელია, ის პარტიული აქტივისტის როლში. არც ორპალატიანი სისტემა გვაქვს და იმ თვალსაზრისით, რომ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მაჟორიტარულ სისტემასაც ვაუქმებთ - ესეც არ მგონია სწორი.
ვფიქრობ, იმ გარემოს შეცვლაა საჭირო, რომელიც მმართველი ძალის გამარჯვებას უზრუნველყოფს, და არა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
სხვა საკითხებიც არის საკამათო - რატომ არ უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული მიწის საკუთრების საკითხი, თუ ის საზოგადოებას აღელვებს? მიწა წარმოების საშუალებაა და მისი საკუთრება არ უნდა იზღუდებიდეს, მაგრამ ამის გარდა არსებობს უსაფრთხოება, ეროვნული ინტერესები რომლისთვისაც საზიანო შეიძლება იყოს გაუაზრებლად და უანგარიშოდ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა - ეს არანაირად არ არის ჩამორჩენილობის და არამოდური აზროვნების მაჩვენებელი.
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანშიც არსებობს გარკვეული შეზღუდვები მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. თქვენ აღნიშნეთ რომ ამერიკას ჩვენი რეფორმები კი არა გეოსტრატეგიული მდებარეობა აღელვებს. მომავალი არჩევნების დროს ხომ არ უნდა ველოდეთ ისეთ აქტიურ ჩარევას, როგორც ეს მოხდა თუნდაც 2003 წელს?
- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელებს უნდათ დასავლეთისკენ მიმავალი საქართველო, დაპურებული და განვითარებული, თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით. ეს არის მათი პოზიცია. მაგრამ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლების სათავეში, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, მათი ნდობით იყოს აღჭურვილი.
ასეთად, პირველ რიგში, მოიაზრებენ„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მისგან წარმოქმნილ პარტიებს. სხვათა შორის - „ქართულ ოცნებასაც“, რომლის მიმართაც თავიდან ეჭვები იყო. აკვირდებიან იმ ახალ ძალებსაც, რომლებიც პოლიტიკურ არენაზე არიან.
თავიანთი პრობლემების გათვალისწინებით, ამერიკელებს არ შეუძლიათ, ბევრი დრო და ფინანსები დახარჯონ ახალი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე. ამიტომ, ჩაბღაუჭებულები არიან იმ 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას და 5 ათასამდე პერსონას, რომელსაც ბოლო 20 წელია აფინანსებენ. ესენიც ფსევდოერთგულებით პასუხობენ და მათ მესიჯებს გაუაზრებლად იმეორებენ.
თუ ახალ პოლიტიკურ ძალას მოისურვებენ, ამას გააკეთებენ მათთვის სანდო მარგველაშვილის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანებისგან, ან დავით უსუფაშვილზე გააკეთებენ აქცენტს. სამწუხაროდ, ხშირად მათი აქცენტები საქართველოს მოსახლეობის ხედვებისგან განსხვავდება, მაგრამ რეალობა ასეთია.
NDI-ს ბოლო კვლევას თუ გადავხედავთ, ძალიან დიდ რაოდენობას ადამიანებისა, თავისიანად არავინ არ მიაჩნია - ასეთი თითქმის მოსახლეობის ნახევარია. პირველ ადგილზეა - ოცნება“ 9%-ით, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და ა.შ. ესეც დასაფიქრებელია. ამერიკელებმა კარგად იციან პროცესების განვითარების ლოგიკა. ადრე თუ სოციოლოგიურ კვლევებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებდნენ, ახლა შედარებით რეალური სურათი დაიდო.
ამით კი ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - საქართველოს მოსახლეობა არენაზე ახალ პოლიტიკურ ძალებს ელის. არა გადალაგებით, არამედ, თვისობრივად ახალ ძალებს. თუ გამოჩნდა ასეთი ძალა, ის შეიძლება გახდეს ახალი საიმედო პარტნიორი დასავლეთისთვის. დასავლეთს კი, სხვებისგან განსხვავებით, სურს ერთიანი, განვითარებული, უკონფლიქტო საქართველო.
რაც შეეხება კონსტიტუციას, უნდა ველოდეთ მის გადახედვას და შედარებით კომპრომისული ვარიანტის მიღებას?
- სხვა გზა მათ არ აქვთ. ერთადერთი გონივრული, რაც ამ განხილვის პროცესშია, არის ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გაითვალისწინებენ. ეს ხელისუფლებისთვისაც და მისი ოპონენტებისთვისაც საკმარისი იქნება, რომ საკონსტიტუციო პროცესი კი არ დამთავრდეს, არამედ დაიწყოს.
მთლიანობაში კი, ვფიქრობ, ყველაფერი მალე წავა ფინალისკენ, რადგან არც შემოთავაზებული ვარიანტია დიდ შედეგებზე გათვლილი და არც ოპონირებაა სათანადო. პროცესის დიდ ხანს გაწელვამ კი, შესაძლოა, დესტაბილიზაციამდეც მიგვიყვანოს. მითბუმეტეს, რომ პრეცედენტი უკვე იყო, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომ არაფერი ვთქვათ აჭარაში განვითარებულ მოვლენებზე. ამას ხელისუფლებისთვის დაფიქრების საფუძველი უნდა მიეცა.
დაახლოებით 30 წელია საქართველოში პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ ცხოვრებას ქმნიან, თუმცა არასდროს ყოფილა საზოგადოება პოლიტიკურიო სპექტრით კმაყოფილი. ეს პოლიტიკური ცხოვრების თანმდევი პროცესია, თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სინდრომი?
- ვრცელი თემაა... ძალიან ხშირად ტოტალიტარული რეჟიმის შემდეგ ხელისუფლებაში მოდის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის ინტერესებს არ ასახავს. მას შემდეგ, რაც ხალხის ინტერესების გამომხატველი ეროვნული მოძრაობა ძალაუფლებას ჩამოაშორეს (ესეც შინაგანი კანონზომიერი პროცესი იყო), ამის შემდეგ ხელისუფლებებს ხალხის მხარდაჭერა აკლდა, იმის მიუხედავად, რომ ყველა ლიდერს დასაწყისში მოსახლეობის უმეტესობა ირჩევდა.
როგორც ჩანს, ქართველებს გვჯერა, რომ უმოკლეს დროში კეთილდღეობის მიღწევაა შესაძლებელი, თუ ეს ბოროტი რუსეთი თავს დაგვანებებს. მაგრამ არც რუსეთი გვანებებს თავს, სხვა ახალი პატრონებიც გამოგვიჩნდა, რომლებიც ვერ გვპატრონობენ, საკუთარი ინტერესები მეზობლებმაც დააფიქსირეს.
იმ 20%-ის გარდა დანარჩენი საქართველოს ერთიანობა რომ შევინარჩუნეთ, ესეც დიდი მიღწევაა იმ კოლიზიების ფონზე, რაშიც მოგვიხდა ცხოვრება. შევარდნაძეს ეგონა, მორჩება ბალკანეთში დაპირისპირება და მოხედავენ ამერიკელები საქართველოსო. ის კონფლიქტი მორჩა და ამერიკა სხვა რეგიონში გადაერთო - ეს პრობლემები არ მთავრდება და ჯერჯერობით არარეალურია, რომ ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამერიკული პოლიტიკური წრეების მიმართ საყვედური არ გვეთქმის.
ჩვენ არ ვვარგივართ, მხოლოდ მესიჯებს ვიმეორებთ და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია ქვეყნის რეალურ ცხოვრებაში. ხელისუფლებების პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებაში მოდის არა ის, ვინც ამას იმსახურებს, ვისაც შეუძლია საკუთარი განათლება ქვეყნის განვითარების პრიზმაში გარდატეხოს...
ერთადერთი, ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ამისი უნარი, რომელმაც გარკვეული პოზიტიური როლი შეასრულა, თუმცა მასვე ეკუთვნის იდეა, რომ ქვეყნის სათავეში უნდა იყოს ძლიერი პოლიტიკურიო ძალა და მართვადი ოპოზიცია და ა.შ. ამ შეცდომების მიუხედავად, მას ჰქონდა პოლიტიკოსის თვისებები, მათგან განსხვავებით რომლებიც თავს აღმაშენებელს ადარებენ.