[მერაბ ბრეგაძე]
ხორცზე ფასების გაორმაგებამ პარლამენტში ვნებათაღელვა გამოიწვია. ოპოზიცია მინისტრ კვეზერელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს სვამს, რომელმაც თავის დროზე პირობა დადო, რომ ხორცის ფასი ათ ლარზე მეტი არ იქნებოდა. საპარლამენტო უმრავლესობას გაძვირების ხელისუფლებისთვის გადაბრალება „დემაგოგიად“ მიაჩნია.
„ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტს ურჩევენ, ბაკურ კვეზერელის გადაყენების რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართოს.
„ქვეყანაში სასურსათო პრობლემებს შექმნა უკავშირდება იმ მენეჯმენტს, რომელიც წესრიგში არაა და ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით. მაშინ, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ, მაგრამ თქვენ დაიცავით. ახლა კი, როდესაც კვეზერელმა საჯაროდ პირობა დადო, რომ სასაკლაოების მოწყობის შემდეგ ხარისხიანი ხორცი მხოლოდ 10 ლარი ეღირებოდა, ბოლო კვირის განმავლობაში, ხორცის ღირებულებამ 20 ლარს მიაღწია. კვეზერელმა დადებული პირობა ახლაც არ შეასრულა და პირველ რიგში, თქვენ გიმუხთლათ“, - მიმართა ვიცე–სპიკერმა ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განაცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ცისკარიშვილის მტკიცებისა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ კვეზერელთან პერსონალური პრობლემები არ აქვთ.
„ბაკურ კვეზერელი კარგი მეგობარია, კარგი მეოჯახეა, მაგრამ როგორც მინისტრთან ჩვენ პრეტენზიები ნამდვილად გვაქვს. გვესმის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დავაყენებთ, ამიტომ მივმართავთ პარლამენტს, რომ მიიღოს დადგენილება და პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაყენების რეკომენდაციით მიმართოს.
თქვენ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ღონისძიებების გატარება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა გადაწყვიტეთ იმ გზით, რომ ამ ადამიანებმა ხორცი საერთოდ არ ჭამონ. ეს არის ძალიან ცუდი გზა, მოკლე, ადვილად მისაღწევი. ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დაცულია - ხორცისგან აღარ მოიწამლება, რადგან დღეს თბილისის ბაზარში ხორცი ზუსტად იგივე ფასი ღირს, რაც ლონდონის ცენტრში“.
თარგამაძის გამოსვლას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ადგილიდან გამოეხმაურა და აზერბაიჯანში ღორის ხორცის ფასი შეახსენა.
„მოკლედ ეს აზერბაიჯანი, რომ არ ჰქონდეს პეტრეს რა ეშველებოდა? კარგია, ბატონო აზერბაიჯანი, მაგრამ იმ აზერბაიჯანში სხვა რაღაცეებია იაფი, მაშინ ადექით და ნავთობიც გააიაფეთ. აქ აღარ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით ღონისძიებებს ვამკაცრებთ, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ უმრავლესობას, მთავრობას და ნაციონალურ მოძრაობას შეგახსენეთ ის, რაც თქვენმა მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა ამავე ტრიბუნიდან განაცხადა - „საქართველოში იქნებოდა ჯანსაღი ხორცი 10 ლარად“. სად არის ეს ხორცი 10 ლარად?“, - მიმართა უმრავლესობას თარგამაძემ.
ამასთან, უმცირესობის ლიდერი დაინტერესდა, მას შემდეგ რაც კვეზერელი თავის პირობებს არ ასრულებს რატომ არის ეს მინისტრი კვლავ სოფლის მეურნეობის სამინისტროში:
„პეტრე ცისკარიშვილი, რომელსაც ეკონომიკაში ძალიან კარგი განათლება აქვს მიღებული, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ხშირად საუბრობს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, კონკურენციაზე, მაგრამ ამავე დროს, პირადად იგი და მთელი უმრავლესობა გამოირჩევა ორმაგი სტანდარტებით. ორმაგი სტანდარტები მდგომარეობს სწორედ იმაში, როდესაც ჩვენ გვიკითხავენ ლექციას, რომ თურმე სახელმწიფო რეგულირება უნდა იყოს შეზღუდული და თავისუფალი კონკურენცია უნდა იყოს, ამავე დროს მთავრობა, უმრავლესობის ლიდერის ხელმძღვანელობით, პარლამენტში ახალისებს და მხარს უჭერს ქვეყანაში მონოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას“.
თარგამაძის შეფასებით, მონოპოლიზაციის კლასიკური ნიშანი არის ის, რაც ხორცთან მიმართებაში მოხდა, რადგან ერთი-ორ კონკრეტულ ორგანიზაციას მიეცა ხორცის მიღებისა და ჩაბარების საშუალება, რის გამოც კონკურენცია არ არის და 10-ის ნაცვლად ხორცი 20 ლარი გახდა.
„20 ლარიანი ხორცი - ეს არის ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნამდვილი სახე. ეს არის გამოსავლის პოვნა ეკონომიკაში სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის. როდესაც იმისთვის, რომ ვიღაცამ უფრო ადვილად მოაგროვოს თანხები, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ისედაც ძალიან შეზღუდულ საარსებო კალათას ვუზღუდავთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: გადააყენეთ ეს მინისტრი და უარი თქვით თქვენს მონოპოლისტურ ეკონომიკაზე, რომელიც მთელ საქართველოს უფრო მეტი შიმშილობით ემუქრება“.
ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსწორებისკენ პარლამენტს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი მოუწოდებს. მისი თქმით, ხორცზე ფასის ზრდა იმან განაპირობა, რომ საქონლის სასაკლაოებზე დაკვლასა და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ახალ საკანონმდებლო რეგულაციას მხარი სწორედ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაუჭირა:
„ამდენად, ხორცის ღირებულების ზრდაზე პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელსაც ეკისრება. მოსახლეობის უმრავლესობა ხორცს გაძვირებამდეც ვერ ყიდულობდა, გაძვირების შემდეგ კი მას საერთოდ ვერ ეკარება“.
ცაგარეიშვილის თქმით, როცა ხელისუფლება კითხულობს, თუ სად არის მონოპოლია, ის სწორედ ხორცის ბიზნესშია, რადგან დედაქალაქში ხორცი ისე ვერ შემოვა, თუ საქონელი თელეთში ან ნატახტარში არ არის დაკლული.
„ამ საკითხის მოგვარება ერთად უნდა ვცადოთ. პრობლემა ნამდვილად არსებობს და მისი მოგვარება ჩვენი ვალია“.
საპარლამენტო უმრავლესობას კი, ბაზარზე ხორცის გაძვირების „ხელისუფლებისთვის გადაბრალება დემაგოგიად“ მიაჩნია. დეპუტატი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ „ოპოზიციას საბაზრო ეკონომიკა და სტალინური საბჭოთა ეკონომიკა ერთმანეთში ერევა“.
„ბაზარზე ფასების ცვლილების გამო სოფლის მეურნეობის მინისტრის გათავისუფლება გეგმიური საბჭოთა ეკონომიკის პირობებში დაბრუნებას ნიშნავს“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პეტრე ცისკარიშვილს კი სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. დებატებისას ცისკარიშვილმა „ქრისტიან-დემოკრატებს“ ბაზარზე სურსათის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით მათი ადრინდელი მოთხოვნები გაახსენა.
„თქვით, როდის იყავით გულწრფელი - როცა კონტროლს ითხოვდით, თუ ახლა?! სასაკლაოების მოწყობით ბიზნესს ხელი კი არ ეშლება, არამედ პირიქით, ამით ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ხდება. თუკი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება სურს, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სურსათის ხარისხია“.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის შეფასებით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ მონოპოლიებთან დაკავშირებით არასწორი წარმოდგენები აქვთ.
„მინდა ვთქვა, რომ არასწორი წარმოდგენები აქვს ბატონ გიორგის მონოპოლიებთან დაკავშირებით და ის თუ როგორ არის ბაზარზე ეს საკითხი დარეგულირებული და როგორ ხდება მონოპოლიების დროს. არავის არასდროს არ შევზღუდავთ შექმნას სასაკლაოები, საწარმოები და მოახდინოს ხორცის მიწოდება და დისტრიბუცია“.
კუბლაშვილის თქმით, ხორცის ფასის საკითხში მინისტრი ხელოვნურად ვერ ჩაერევა, რადგან ეს იყო საბჭოთა ეპოქა, როდესაც მინისტრები ყველა მაღაზიაში პირადად აწესებდნენ პროდუქტზე ფასებს:
„ხორცი მაშინ იქნება იაფი, თუ მისი მოწოდება გაიზრდება. ვერც ერთი მინისტრი ვერ დაადგენს ხორცის ფასს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც კარგად გესმით სურსათის უვნებლობის კუთხით განსაკუთრებული სიფხიზლეა საჭირო და ხელის შეწყობა, რომ შეიქმნას კონკურენტუნარიანი გარემო, რის შემდეგაც ფასები დარეგულირდება“.
გარდა ამისა, კუბლაშვილი ლონდონში და აზერბაიჯანში ხორცის ფასებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ მეზობელი ქვეყნების საბაზრო ფასები უფრო მეტ გავლენას ახდენს ადგილობრივ ფასებზე, ვიდრე ლონდონის:
„ამას აგიხსნით ნებისმიერი ეკონომიკის ექსპერტი მცირე ეკონომიკური განათლებით. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება ვიდრე მონოპოლიებზე ისაუბრებთ იქნებ, შევთანხმდეთ, რომ ფასი ამ ქვეყანაში უნდა დააგინოს ბაზარმა და არ უნდა იყოს ხელისშემშლელი პირობების არც ერთი საწარმოსთვის. ასეთი დროს კი, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა არასწორია“.
რამდენად დამაჯერებელად გამოიყურება საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებები, ამის ანალიზს მკითხველს მივანდობთ.