ქართული მანგანუმის ირგვლივ ვითარება ძალიან დაიძაბა. ამერიკული კორპორაცია და საქართველოს მთავრობა ერთმანეთს უკიდურესად დაუპირისპირდნენ. ბრძოლა ხანგრძლივი იქნება და რომელი მხარე გაიმარჯვებს მისი პროგნოზირება აბსოლუტურად შეუძლებელია.
2017 წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიას და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებას და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, კომპანიამ არათუ გამოასწორა საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის.
“შპს “ჯორჯიან მანგანეზში” აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული”, - აცხადებენ კომპანიაში.
ამ გადაწვეტილებას მაშინვე მოჰყვა მწვავე რეაქცია “ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელის, ამერიკული კორპორაცია “ჯორჯიან ამერიქენ ელიოზის” მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს კერძო კომპანიისა და საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლის საქმიანობაში უხეში ჩარევაა.
“ჯორჯიან მანგანეზის” მფლობელმა “ჯორჯიან ამერიქან ელოიზმა” მალევე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია.
“11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ჯორჯიან მანგანეზში” მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვან ფუნქციონირებას.
ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის “ჯი-ეი-ეი”-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის “ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის” წარმომადგენელი ესაუბრა შპს “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შპს “ჯორჯიან მანგანეზის” პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.
“ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი” საჯაროდ გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სულ სხვაგვარად წარმოაჩენენ სიტუაციას შპს “ჯორჯიან მანგანეზში”. ისინი ამბობენ, რომ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიაში განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის აღმოფხვრაც ახალმა მენეჯმენტმა მყისიერად და დროულად შეძლო. აღნიშნული ფაქტის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის სრულფასოვნად მუშაობას საფრთხე არ შექმნია.
“შპს “ჯორჯიან მანგანეზი” თვლის, რომ კომპანია “ჯიეიეი” შეგნებულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მიმართავს, დაინტერესდეს კომპანია “ჯიეიეის” მხრიდან ახალი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებით”, - აცხადებს სპეციალური მმართველის აპარატი.