პუტინის ოპოზიციაში მყოფი იური ლუჟკოვის პირველ დამცველად სწორედ რუსეთის ხელისუფლება მოგვევლინა. მოსკოვის ყოფილი მერის შავ სიაში შეყვანის „პასუხის პასუხად“ საქართველომ რუსეთის საგარეო უწყების კრიტიკა იწვნია. ჩვენს ქვეყანას რუსებმა სტუმართმოყვარეობაც დაუწუნეს და სისტემატურ პროვოკაციებშიც დაადანაშაულეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არასასურველ პირთა სიაში ლუჟკოვის შეყვანის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ ის რისკები, რაც საქართველოში მათ გამგზავრებას უკავშირდება.
„როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. რთულია რაციონალურად ახსნა მსგავსი ქმედების. ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის“,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც წუხილს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს ანალოგიურ სიტუაციებში მოუწიათ ჯარიმების გადახდა და თავისუფლების აღკვეთაც კი. ამის საპასუხოდ, ქართული მხარე კვლავაც აფიქსირებს, რომ ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას არ დავუშვებთ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით, რადგან რუსეთმა დაიცვა და გამოექომაგა თავის ექსოლიგარქს, რომელიც პუტინის ოპოზიციად ითვლებოდა, ეს ნიშნავს, რომ ლუჟკოვმა შეასრულა თავისი მისია და ის შემთხვევით არ ჩამოსულა საქართველოში. ნიშანდობლივია, რომ მისი სტუმრობა დაემთხვა ლავროვის ვიზიტს და ეს იყო რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ელემენტი.
„ლუჟკოვმა კიდევ უფრო გააძლიერა ის მესიჯი, რაც ლავროვმა გამოხატა სოხუმში. ლუჟკოვს კიდევ ერთხელ გაახმოვანებინეს რუსეთის ოფიციალური პოზიცია, რომელსაც იგი დაიკავებს საქართველოსთან მიმართებით. მან ილაპარაკა აფხაზეთის რკინიგზის დაუცველობასა და რუსულ ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, ლუჟკოვის მისია ვითომ არაფორმალური იყო, მაგრამ ეს იყო მნიშვნელოვანი კრემლისთვის. კრემლმაც გამოიყენა ლუჟკოვი, როგორც დიპლომატიის ინსტრუმენტი, რათა უფრო კარგად მოსულიყო ის მესიჯი, რაც ლავროვმა და ხაჯიმბამ გაავრცელეს სოხუმში. ამით ლუჟკოვმა პლუსები ჩაიწერა პუტინის კალათაში და, როგორც ჩანს, რეაბილიტაციის საბუთიც მიიღო.
მას შეუძლია მოსკოვში დაბრუნდეს გადასახლებიდან, რადგან ის გადაასახლეს კალინინგრადის ოლქში, ხოლო მისი მეუღლე ლონდონში გადაასახლეს. კრემლს შემთხვევით არ შეურჩევია ლუჟკოვი, ის ხომ ოდიოზიური პიროვნებაა. ლუჟკოვი არ გამოირჩეოდა ჟირინოვსკისგან, ლუჟკოვი და ჟირინოვსკი იყვნენ პოლიტიკური კლოუნადის წარმომადგენლები“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში, რომლის აზრითაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ სწორად აღიქვა საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალისგან წასული მესიჯები ლუჟკოვის ქმედების საპასუხოდ.
ფაქტობრივად, ჩვენი უარი იყო პასუხი იმ მესიჯებზე, რაც ლავროვმა და ლუჟკოვმა საქართველოში გაახმოვანეს. ის ფაქტი, რომ რუს ტურისტებს მოუწოდეს, არ იმგზავრონ საქართველოში, ან შეზღუდონ ვიზიტორთა რაოდენობა, იგივეა, რაც რუსეთმა ჩაიდინა რუს ტურისტებთან მიმართებით თურქეთში. კერძოდ, კრემლმა მაშინვე აკრალა რუსი ტურისტების ჩასვლა თურქეთში, რაც რუსეთ-თურქეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ამას მოჰყვა რუსეთის ელჩის მკვლელობა ანკარაში.
„დაახლოებით ისეთივე დონეზე დააყენა რუსეთმა საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ თუ თავმოყვარე ქვეყანა ვართ და გვაქვს პოლიტიკური ამბიციები, ლუჟკოვის „შავ სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით ჩვენი ნაბიჯი ადეკვატური იყო. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი სახელმწიფო, მით უმეტეს, რომ რუსეთსაც გააჩნია საკუთარი შავი სია და თავის ქვეყანაში არ უშვებს არასასურველ პირებს. ამ სიაში რუსეთმა შეიყვანა 200-300 ადამიანი“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლუჟკოვთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივი კუთხით უნდა შეფასდეს. სხვა დანარჩენი სპეკულაციები და იდეოლოგიზირებული მოსაზრებებია. ანალიტიკოსის თქმით, ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა მიღებული აქვს ანტიქართულ მოქმედებებში, მათ შორის, საომარ მოქმედებებში, ცხადია, სასურველი სტუმარი საქართველოში ვერ იქნება. თუმცა ამას ძალიან მარტივი სამართლებრივი მოწესრიგება სჭირდება. ყველა სახელმწიფოს შეუძლია ასეთი ნონ გრატას, ანუ არასასურველ პირთა სია გამოაქვეყნოს. ოღონდ მანამდე შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში და უნდა მიეთითოს, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოაქვეყნოს ისეთი სია, ვისაც საქართველოში გადაადგილება შეეზღუდება.
უშიშროების სამსახურმა, შს სამინისტრომ ეს სია უნდა შეიმუშაონ, რადგან ყველა თავმოყვარე სახელმწიფო ასე იქცევა. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ნამყოფია ისრაელში, არაბულ ქვეყანაში ვიზით ვერ ჩავა.
„უბრალოდ, სტუმრადაც რომ ჩახვიდეთ ისრაელში, პასპორტში თუ გაქვთ ისრაელის ვიზა ჩარტყმული, არაბულ სახელმწიფოში არ ჩაგიშვებენ, პირიქითაც ასეა. უფრო მეტიც, ამერიკელებმა და ევროპელებმა სანქციები დააწესეს იმ პირთა მიმართ, ვისაც პირდაპირ და უშუალოდ უკრაინის კონფლიქტში აქვთ მიღებული მონაწილეობა. თუკი უკრაინის სუვერენიტეტს პატივს სცემენ დასავლეთის სახელმწიფოები, ჩვენ რა ღმერთი გვიწყრება, საკუთარ სუვერენიტეტს პატივი არ უნდა ვცეთ? ლუჟკოვი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, უნდა ვიცოდეთ, ვისი ყოფნაა საქართველოს ტერიტორიაზე არასასურველი, ჯერ ერთი, იქიდან გამომდინარეც, რომ ასეთი პირის უსაფრთხოებას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.
მტერი ჩამოდის და სახელმწიფომ არ იცის, ვიღაც გამწარებული ხომ არ მივა და აგურს ხომ არ ჩაარტყამს თავში? მისთვისაც სჯობია, თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლისგან. რატომღაც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ოფიციალური სია ვერ შედგება და არაოფიციალურ შავ სიაზე უნდა შევთანხმდეთო. რას ნიშნავს არაოფიციალური შავი სია? ასეთ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა აკეთებდეს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა, რომლის შეხედულებითაც, მტრული ურთიერთობის ზღვარზე ვართ რუსეთთან და, სანამ ასეა, ვერ მივიღებთ ვერც ლუჟკოვს, ვერც პუტინს და ვინმე სხვას, აქ ჩამოსულს, როგორც კერძო პირს.