რამაზ საყვარელიძე:  „ქართული საზოგადოება უნარიან ალტერნატივას ელოდება“

რამაზ საყვარელიძე: „ქართული საზოგადოება უნარიან ალტერნატივას ელოდება“

26 მაისის შემდეგ საქართველოში ახალი პოლიტიკური წელთაღრიცხვა დაიწყო. რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლა სულ უფრო ნაკლებპერსპექტიული ხდება. თუმცა, „რვიანში“ გაერთიანებული პოლიტიკური ძალებიც, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზაზე აქცენტს საზოგადოების სამოქალაქო აქტიურებაზე აკეთებენ. ამ მცდელობის შედეგი კი, დაახლოებით, ერთ წელიწადში გამოჩნდება.

 

ამ საკითხებზე პრესაგე.ტვ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

ოპოზიციური „რვიანი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის საზოგადოების გააქტიურებას აპირებს და ამ გზაზე საპროტესტო აქციების ორგანიზებასაც არ გამორიცხავს როგორ ფიქრობთ, საარჩევნო გარემოს ცვლილების მოთხოვნით შესაძლებელია საზოგადოების ქუჩაში გამოყვანა? 

– „რვიანში“ შედეგიანობის მოლოდინი აქვთ. მგონია, რომ ეს მოლოდინი ცოტა დაგვიანებულია. პარტიების გადაწყვეტილება საზოგადოებასთან ურთიერთობის გააქტიურების შესახებ, დამაფიქრებლად ჟღერს. ეს ნიშნავს, აქამდე არ ჰქონდათ  ურთიერთობა და ახლა გადაწყვიტეს. გამოდის, რომ პარტიამ ამ წინადადებებს საკუთარ ელიტაში მუშაობით მოუყარა თავი და ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. ამიტომ, პარტიებს დიდი შრომა მოუწევთ, საზოგადოების დაკვეთად აქციონ ის, რაზეც აქამდე მოსახლეობასთან ნაკლებად იმუშავეს.

 

მაშინ, საკითხს ამ კუთხით მივუდგეთ – რატომ არ არის საზოგადოების დაკვეთა ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა?

– საზოგადოება საკმაოდ ემოციური რამ გახლავთ. მას, უპირველეს ყოვლისა, ის აწუხებს ხოლმე, რაც დღეს, ამ მომენტში აღელვებს, ხვალისა და ზეგისა - მომდევნო დღეებში გაახსენდება. რატომ მოგახსენებთ ამას - დღეს საზოგადოებას აწუხებს ის, რომ ურტყამენ რეზინის ჯოხს და ტყვიას ესვრიან, თან ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებსაც ფორმა არ აცვიათ, გვარი არ აწერიათ და, შესაბამისად, ვერსად უჩივლებ. ადამიანები კი იკარგებიან, კვდებიან და მათი სიკვდილის მიზეზი გაუგებარია და ა.შ.

 

საზოგადოებას აწუხებს ის, რომ ხორცი ერთ კვირაში ორჯერ გაძვირდა და მიზეზი სრულიად გაუგებარია. რაც დრო გადის, ფასები იზრდება და ხელისუფლების მხრიდან ამ ამბავის გამოსწორების შეპირება, პარადოქსულად, საწინააღმდეგო პროცესით არის შეცვლილი. ეს თითოელი მოქალაქის სიკვდილ-სიცოცხლ საკითხს ეხება. ადამიანებს, უბრალოდ, საჭმელი არ აქვთ. სხვა რაზე უნდა იყოს მსჯელობა?

 

ამ ფონზე, ნუ გაგვიკვირდება, საზოგადოებას რომ არ აწუხებდეს არჩევნები, რომელიც ერთი წლის მერე უნდა ჩატარდეს.

 

 „რვიანმა“ ეს მხოლოდ ახლა გააცნობიერა?

– „რვიანი“ პოლიტიკოსების ნაკრებია და მათ, ბუნებრივია, პოლიტიკური ანალიზის გაცილებით მეტი უნარი აქვთ. უფრო სცალიათ ასეთი ანალიზისთვის, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისი ბევრი სატკივარით.

 

პოლიტიკოსები ხედავენ, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესის კომპონენტი უნდა იყოს არჩევნები. თუ რამე არ მოგწონს, გინდ ეკონომიკაში და გინდ ცხოვრების სხვა სფეროში, სასურველ შედეგს სწორედ არჩევნებში ხმის მიცემით უნდა მიაღწიო. რადგან ეს ქრესტომატიული ჭეშმარიტება მათთვის ცნობილია, საარჩევნო მექანიზმზე ისინი უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე საზოგადოება. ასე რომ, საზოგადოების მეტნაკლები გულგრილობაც ბუნებრივია და პოლიტიკოსების მხრიდან საარჩევნო პროცესის აქტუალურად დანახვა ასევე ნორმალურია. უბრალოდ, სხვადასხვა წრესთან და ფენასთან გვაქვს საქმე.

 

მაინც რა უნდა იყოს ამ ეტაპზე პოლიტიკოსების მთავარი ლოზუნგი – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, თუ ხელისუფლების შეცვლა?

– ჩემი აზრით, ეს ერთი მოვლენის ორი სათაურია. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საზოგადოება მაშინ ზრუნავს, როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი აწუხებს. თუ ხელისუფლების მიმართ, კმაყოფილების გარდა, სხვა გრძნობა არ იქნება, ასეთ საზოგადოებას არც შეაწუხებს, როგორია ქვეყნის საარჩევნო კანონი.

 

ასე რომ, რეალურად, ეს ხელისუფლების შეცვლის ამოცანაა. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, საარჩევნო გზით მივიდნენ ამისკენ ადამიანები, თუ მიზნის მიღწევა საპროტესტო აქციების გზით უნდა მოხდეს.

 

რაც შეეხება საპროტესტო გზას... განვლილი გზის და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, მაინც რა პერსპექტივები არსებობს?

– საპროტესტო მუხტის ბოლო გამოვლინება, 21 მაისის შემდეგ მიმდინარე პროცესები იყო. ერთ–ერთი მიზეზი, თუ რატომ არ მოიყარა ადამიანების დიდმა რაოდენობამ, არის ის, რომ ორგანიზატორებმა საზოგადობას არაფერი ახალი, 2009 წლის აპრილისგან განსხვავებული არ შესთავაზეს. „გამოვიდეს რაც შეიძლება მეტი ხალხი და ხელისუფლება უარს იტყვის ძალაუფლებაზე“, – ასეთი ჩანაფიქრი იყო. ამ მიდგომის ხალხს უკვე ნაკლებად სჯერა. ნახეს, რომ ხელისუფლებამ სამ თვეს გაძლება მოახერხა, ყველაფერს თავი აარიდა და ისევ სათავეში დარჩა.

 

შესაბამისად, იგივე ფორმულით მოქმედება, დიდ ოპტიმიზმს არ იწვევს. ახალი ფორმულა კი არსად ჩანდა. რადგან ახალი სტრატეგია შემუშავებული არ იყო, არც იმაში იყო რწმენა, რომ ეს პროცესი წინაზე უფრო შედეგიანი იქნებოდა. მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარი იყო, რატომ გადაწყვიტეს მომიტინგეებთან ასე დაუნდობლად გასწორება. ძალის ამ გადამეტების გამო, უფრო ძლიერი მუხტი გაჩნდა, რომელიც თავის მხრივ, როდის გააჩენს ახალ საპროტესტო ტალღას, უცნობია.

 

ამ ყველაფერს, ხელისუფლების მიმართ მეტი უნდობლობა დაემატა. საეჭვოა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავის მოქალაქეებს ალყაში მოაქცევს იმისთვის, რომ კარგად ურტყას (სხვა მიზანი ალყას არ აქვს), საარჩევნო პროცესში რაიმე არსებითს დათმობს. აქედან გამომდინარე, იმღამინდელმა უაზრო სისასტიკემ არჩევნების მიმართ ნდობაც შეამცირა. რაში გამოიხატება მომავალში ეს უნდობლობა, სად ამოტივტივდება მოულოდნელად, როგორც ხალხის დამოკიდებულების ერთ–ერთი მიზეზი, ეს არავინ იცის.

 

როდესაც ხელისუფლება არანაირ დათმობებზე არ აპირებს წასვლას, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

– ჩემი და არცერთი ექსპერტის საქმე არ არის გამოსავლის ფორმულის დადება. ჩვენ, ასე ვთქვათ, სარედაქციო მუშაობას ვეწევით და არა საავტოროს. მოვლენების შეფასებებს ვაკეთებთ და არ ვქმნით ამ პროცესებს. პოლიტიკური ცხოვრების მოვლენებს პოლიტიკოსები ქმნიან. 

 

მოთხოვნები პოლიტიკოსების მიმართ უფრო ინტენსიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომელ ფრთას ეკუთვნიან ისინი. ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში გაჩნდა დამოკიდებულება, რომ ოპოზიციონერების მიმართ უფრო კორექტულები არიან და კრიტიკულები - ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლების მომხრეებში იგივე დამოკიდებულებაა, ოღონდ - პირიქით. ეს ისევ საზოგადოების პოლარიზაციას გამოიწვევს.

 

გინდ ხელისუფლება, გინდ ოპოზიცია, თუ რაიმე სასარგებლო შედეგს ვერ აღწევს, თავად საზოგადოება თუ მომთხოვნი არ გახდა, საზოგადოების და მთლიანად ქვეყნის ცხოვრებაში სასურველი პროგრესი არ იქნება. შეიძლება რომელიმე პარტია გიყვარდეს, მაგრამ კრიტიკული მაინც უნდა იყო. საკუთარი შვილი რომ გიყვარს, ხომ არ ნიშნავს, რომ არაფერი მოთხოვო? განებივრებული ბავშვი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი არსებობის უნარს კარგავს. საუბარია სწორ დამოკიდებულებაზე - უახლოს ადამიანშიც თუ რაიმე არ მოგწონს, უნდა მიუთითო. ეს, პირველ რიგში, მისთვის დახმარებაცაა. გარდა იმისა, რომ ამით რაღაც მითიურ, ილუზიურ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ პროცესებს ხელს არ უწყობ.

 

ამიტომ, საზოგადოება გაცილებით მომთხოვნი უნდა იყოს, როგორც ხელისუფლების, ისე - ოპოზიცის მიმართ. მივესალმები, რომ უშუალოდ ხელისუფლების მონაწილე გიგი უგულავამ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა 26 მაისს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. გამართლებას კი შეეცადა, თუმცა - უშედეგოდ. პოლიციას ემოციების მართვა უნდა შეეძლოს. მეორე – ალყაში მოქცევა იქამდე დაიგეგმა, ვიდრე სამართალდამცველის დაღუპვა ცნობილი გახდებოდა. ალყაში მოქცევა უკვე გულისხმობდა, რომ ძალის გადამეტებას ექნებოდა ადგილი და ა.შ.

 

მაგრამ ის, რომ უგულავამ ხელისუფლების იმღამინდელ მოქმედებაში რაღაც ხარვეზი შენიშნა, უკვე პოზიტივია. სავარაუდოა, რომ მომავლისთვის ხელისუფლების ეს გუნდი ასეთი ტიპის შეცდომების არდაშვებას შეეცდება.

 

საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა ახსენეთ... ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად მიღწევადია ერთ წელიწადში ნორმალური არჩევნების უზრუნველყოფა?

– თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც არის, არ მგონია, სასურველი დონის არჩევნებამდე მივიდეთ. ვგულისხმობ ისეთ კენჭისყრას, რომლის შედეგებშიც ეჭვი არავის გაუჩნდება. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. ერთი მხრივ, სავარაუდოა, რომ ხელისუფლება არაფერს დათმობს. სავარაუდოა ისიც, რომ მთავრობა საარჩევნო სტრატეგიაში უხეშ სამართალდარღვევებს აღარ ჩადებს. ეცდება, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ იურიდიულად მისი მოქმედება უხარვეზო იყოს. ასევე, ძალიან დაბალია დღვანდელი პოლიტიკური ალტერნატივის წონა. სახელისუფლებო გუნდის გარდა, ვინც საზოგადოებას საკუთარ თავს სთავაზობს, მათ მიმართაც კრიტიკული დამოკიდებულებაა.

 

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებისადმი პროტესტის ხარჯზე ჰქონოდა მაღალი რეიტინგი, როგორც, თავის დროზე, ნაციონალურ მოძრაობას შევარდნაძის მიმართ, პროტესტის ხარჯზე ჰქონდა აკრეფილი.

 

სხვათა შორის, თავად ოპოზიციასაც, ეს ეტაპი, მაგალითად, 2007 წელს ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებამ ევოლუცია განიცადა და მისი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ნაწილი, ავტომატურად და ცალსახად ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს არ უჭერს. მათთვის ოპოზიციის რეიტინგიც მაღალი არ არის.

 

ასეთი რეიტინგული დეფიციტის და ასიმეტრიის ფონზე, ეჭვს იწვევს, მოახერხებენ თუ არა ეს ოპოზიციური ძალები უფრო აზრიანად პროცესების წაყვანას, ქაოსისგან ქვეყნის გადარჩენას, ეკონომიკის მართვას და სხვ. ეს კითხვის ნიშნები მოსახლეობაში, ალბათ, მომავალ არჩევნებამდე იქნება.

 

თუ... აი, ეს „თუ“ არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი. თუ არ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ჯგუფი, ან განახლებული ძველი სახეები, ახალი სულისკვეთებით და საზოგადოებამ ბოლო მომენტში არ ჩადო ის იმედი, რომლითაც ის უნარიან ალტერნატივას ელოდება. მხოლოდ ასეთმა სიახლემ შეიძლება დღევანდელი სურათი მნიშვნელოვნად და არსებითად შეცვალოს.