წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ისევ განიცდის ცვლილებას. თუკი სახელმწიფო უწყებები დაგეგმილ მაჩვენებლს არ ცვლიან, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე დაიწყეს ნავარაუდევი მონაცემების კორექტირება.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში იქნება. პირველი ოთხი თვის დაკვირვების შემდეგ სებ-მა დაადგინა, რომ დარჩენილი თვეების განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი მოხდება და წლის პროგნოზი არ შეიცვლება.
„მოსალოდნელია, რომ 2017 წელს მშპ-ს ზრდაში მცირე, თუმცა პოზიტიურ წვლილს შეიტანს წმინდა ექსპორტი, რომელიც უარყოფითი პოზიციით ხასიათდებოდა 2013 წლის შემდეგ, საგარეო შოკის დაწყებიდან. საგარეო სექტორში არსებული სირთულეების განეიტრალების ფონზე, მოსალოდნელია, რომ წმინდა ექსპორტი ზომიერად გაუმჯობესდება და 2017 წლის რეალური მშპ-ს ზრდაში მცირე, თუმცა დადებით წვლილს შეიტანს. წინა წლებში წმინდა ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებდა რეგიონში არსებული გამწვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც ქართულ პროდუქციის მოთხოვნაზე და ფულად გზავნილებზე აისახებოდა.
აღნიშნული ფაქტორების უარყოფითი გავლენა საბოლოოდ დაბალანსდა, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც 2014 წელთან შედარებით დაბალი ფასებია (რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკის ყველა სექტორზე), ხოლო მეორე მხრივ, რეალური ლარის ეფექტური გაცვლითი კურსის გასულ პერიოდში მომხდარი კორექტირებით“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.
რამდენად ემთხვევა ეროვნული ბანკის პროგნოზი საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდს? ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივები“ - თანახმად, საქართველოს მშპ-ს ზრდა წელს 3.9%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით არ შეცვლილა. ევრობანკის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4,2%-ს შეადგენს.
თუ სებ-ისა და ევროპული ბანკის მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა, სულ სხვაგვარი შეხედულება აქვს მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკს. გავლენიანი ორგანიზაციის ანალიტიკოსებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 3,5%-მდე შეამცირეს. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზი 5,2%-ს შეადგენდა. გამოდის, რომ კლება თვალსაჩინოა. მსოფლიო ბანკი საქართველოში 2018 წლისთვის - 4%-იან ზრდას, ხოლო 2019 წლისთვის კი 4,5%-ს ვარაუდობს.
„ინვესტიციების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გამოცოცხლება და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, - ნათქვამია ბანკის ანგარიშში, მაგრამ რეალურად მშპ-ს პროგნოზი შემცირებულია.
მსგავსი ტენდენცია მოსალოდნელია რეგიონის ქვეყნებშიც, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2017 წელს 1,9%-ია. სომხეთში მსოფლიო ბანკი 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო აზერბაიჯანში - 1,4%-ს.