პროკურორი ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების ტაქტიკიდან გამომდინარე, ყველა მოწმის დაკითხვა განხორციელდება. პროკურორის თქმით, ლაშა თორდიას გარდა ინცინდენტში მონაწილე რამდენიმე მოწმე უკვე გამოკითხულია. რაც შეეხება ყოფილი მთავრი პროკურორის დაკითხვას, პროკურორი დათუკიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების ტაქტიკიდან გამომდინარე გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის დაკითხვის საკითხიც.
პროკურორი ამბობს, რომ გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, საქმის დეტალების განხილვაში ვერ შევა, თუმცა აღნიშნა, რომ დროულად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება საქმის ამსახველ ვიდეოფირებს, საქმის პროკურორის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ დაკონკრეტდება რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.
სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის გამოკითხვა დასრულებულია. გამომძიებლებმა ნივთმტკიცების სახით, ექსპერტიზისთვის ლაშა თორდიას ტანსაცმელი წაიღეს, კერძოდ, ის ტანსაცმელი რომელიც თორდიას 13 მაისს მომხდარი შემთხვევისას ეცვა. ასევე წაღებულია სისხლიანი ხელსაწმენდები, რომელიც ავტომობილში იყო.
„დასრულდა ლაშა თორდიას გამოკითხვა. მოწმემ განმარტა, როგორც მომხდარი ფაქტი, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები. ამ ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული მტკიცებულების შინაარსზე ვერ ვისაუბრებთ. საქმეზე დაკითხულია არაერთი მოწმე და კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.
გამოძიებისგან ობიექტურობას მოითხოვენ ამ საკნდალური საქმის მთავარი მონაწილის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები. ისინი მოპოვებულ მასალებს და მტკიცებულებებს საგამოძიებო ორგანოებს მიაწვდიან და ითხოვენ, რომ ეს მასალები გამოძიებამ გაითვალისწინოს. ფარცხალაძის ერთ-ერთი ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძე გარკვეული პერიოდი დაელოდება გამოძიებას, იმ შემთხვევაში, თუ კიდევ არ მოხდა მისი გამოძახება, ასეთ შემთხვევაში ფარცხალაძემ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებას მისი დაკითხვა თავად მოსთხოვოს.
ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა. გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ადვოკატებმა თავად გამოკითხეს კაფე „ელ ცენტროს“ დაცვის თანამშრომლები, რომელთა თქმითაც, ინციდენტი არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ მასში ჩარეულიყვნენ.
„მცირე ჩოჩქოლი იყო. დაცვამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით იყვნენ ამ ინციდენტიდან. ჩვენი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი.
რაც შეეხება მიზეზს, ბატონმა თორდიამ ოთარ ფარცხალაძეს მისალმების ფორმა დაუწუნა. რეალურად ადგილი კი არ ჰქონდა მთავარ აუდიტორზე თავდასხმას, არამედ ეს იყო პროვოკაციის მცდელობა და შემდგომში პოლიტიკური მიზნებისთვის შეფუთული მოვლენა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.
ფარცხალაძის ერთ-ერთი ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი იმ მტკიცებულებებს ასაჯაროვებს, რომლითაც მისივე განმარტებით, დასტურდება, რომ ფარცხალაძის მხრიდან თორდიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. როგორც ჩიქოვანი აცხადებს, ისინი აგრძელებენ მტკიცებულებების შეგროვებას და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიმართავენ მთავარ პროკურატურას და მიაწვდიან მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტურ მტკიცებულებებს.
„საინტერესოა, რატომ არ გამოიჩინა ბატონმა ლაშა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რატომ არ მიმართა სამართალადმცველებს ინციდენტის დასრულებისთანავე. როგორც მისი მეუღლისგან საზოგადოება იღებს ინფორმაციას, 112-ში შეტყობინება შევიდა ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც თორდიამ ინციდენტის შემდეგ ყოველგვარი რეაგირების გარეშე გარკვეული დრო კვლავ გაატარა კაფე-ბარში, შემდეგ წავიდა სახლში, საიდანაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს. ეს გარემოება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ თორდიას მიზანი არა მასზე ვითომდა განხორციელებულ ე.წ. თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაა, არამედ ამ ფაქტის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ბიუროს სხდომაზე კამათის საგანი გახდა. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა. როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა, აუდიტის სამსახური არის პარლამენტთან დაკავშირებული უწყება და კოლეგებს საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„საუბარია გენერალურ აუდიტორზე განხორციელებულ თავდასხმაზე და იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებული იმუნიტეტით სარგებლობს, მომხდარი ინციდენტი საზოგადოებასა და მოქალაქეებში დაუცველობისა და დაუსჯელობის განცდას აჩენს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
თუმცა, ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზებას არ დაეთანხმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის რეგლამენტზე მიუთითა და განმარტა, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას, თუკი გამოძიების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე, პარლამენტი გამოძიების შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაც წერეთელმა უპასუხა, რომ მიუღებელია რაღაცა მიზეზის გამოძებნა იმისათვის, რომ უარი ითქვას საგამოძიებიო კომისიის შექმნაზე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად, ყველა ნიშანია იმისთვის, რომ პარლამენტი ჩაერიოს ამ საკითხში. მისივე თქმით, საუბარია მაღალი თანამდებობის პირზე, ასევე ლაპარაკია კორუფციულ გარიგებაზე, რომელშიც ჩართულია ყოფილი გენერალური პროკურორი.
უმცირესობის წინადადება გაიზიარა ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. როგორც დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სახლში სტუმრობენ ოთარ ფარცხალაძეს და ანგარიშს აბარებენ მას, გამოძიების სანდოობა ეჭვქვეშ დგება. მისივე შეფასებით, ჭიანურდება თავად საგამოძიებო პროცესი და ამიტომ მიზანშეწონილია პარლამენტი თავად დაინტერესდეს თუ რა მოხდა რეალურად.
„როდესაც გვესაუბრებით რაღაცა კაზიუსტიკაზე, რომლითაც გინდათ, რომ დაბლოკოთ პოლიტიკური პროცესი, ამას საზოგადოება კარგად ხედავს. ეს არ არის პირველი ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თქვენი ხელისუფლების პირობებში“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა უმარველსობას.
თავის მხრივ, სამადაშვილს წარსული შეახსენა ეკა ბესელიამ და განუმარტა, რომ პარლამენტში მოძალადეთა პარტიას წარმოადგენს.
„მე რომ დავიწყო ძალადობის ფაქტების ჩამოთვლა, დღეს ვერ დავასრულებ. თქვენ გავიწყდებათ, რომ მოძალადეთა პარტიას წარმოადგენთ დღეს პარლამენტში, ამ ტონალობაში ნუ მელაპარეკბით მე ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენთ მოძალადეთა პარტიას“, - მიმართა ეკა ბესელიამ.
ბიუროს წევრებს შორის გამართული კამათის მიუხედავად, უმცირესობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის დღის წესრიგში მაინც შევიდა. შესაბამისად, საკითხზე ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული საქმე უაღრესად აქტუალური საკითხია განსაკუთრებით პარლამენტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი თანამდებობა, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან. შესაბამისად, კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ეს საქმე სასწრაფოდ იყოს გამოძიებული.
„საკითხი პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ იქნება. მნიშვნელოვანია კონსტიტუციური ორგანოების სათანადო ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი. ამას ბუნებრივია, ვერ ექნება ალტერნატივა. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ ჯერ უნდა შევხედოთ გამოძიების მიმდინარეობას, თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებშიც არის საჭირო საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნა, ესეც შეგვიძლია განვიხილოთ.
ჯერ ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობას. მთავარია, სწრაფად წარიმართოს პროცესი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოების ვნებათაღელვას. როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციური ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის სავარაუდო ცემის ფაქტს, რაზეც არის საუბარი, ეს არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, საქმე სასწრაფოდ იყოს გამოძიებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაეფექტური გამოძიება საფრთხეს შეუქმნის, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ დაცულობის განცდა.
„საქმის დროული და ეფექტური გამოძიების გარეშე საფრთხე შეექმნება, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ და ეფექტურ ფუნქციონირებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა, მაშინ როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური ანგარიშსწორება. უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას მისივე საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. ინციდენტიდან 4 დღის თავზე საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კითხვებზე პასუხი“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი ფარცხალაძე უახლოეს დღეებში ქვეყნის დატოვებას გეგმავს. როგორც ვაშაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამაზე მიუთითებს მის სახლში სამართალდამცავ სტრუქტურებთან გამართული შეხვედრები, სადაც ვაშაძის ინფორმაციით, ფარცხალაძის ქვეყნიდან გასვლის გეგმებს განიხილავენ.
„ამის შესახებ ინფორმაცია იმ სამართალდამცველებმა მომაწოდეს, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დისკუსიებში იღებენ მონაწილეობას. საგამოძიებო უწყებაში ცდილობენ საქმე იქითკენ შემოატრიალონ, რომ ლაშა თორდია დებოშის მოყვარული ან ალკოჰოლისადმი მოდრეკილი პიროვნებაა. მივმართავ პარლამენტს, დაუყონებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ასევე, მოვუწოდებ პროკურატურას, რომ სასამართლო შუამდგომლობით, ფარცხალაძეს გარკვეული ვადით ქვეყნის დატოვება შეეზღუდოს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.