სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე დარჩენა ემუქრება

სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე დარჩენა ემუქრება

უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თოქ-შოუ „Наша Україна“-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესაბამის სამსახურებს, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მასალების მოძიება დაავალა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი აცხადებს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის მასალების მოძიების პროცედურა დაწყებულია საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის წინააღმდეგ, რომელასც ასევე უკარაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„მე ერთ-ერთი მათგანი ვარ უკრაინის იმ ცოტა პოლიტიკოსს შორის, ვისაც მხოლოდ უკრაინის პასპორტი აქვს. ამას გარდა, იგი საქართველოში ამ ერთადერთი მიზნით, ოფიციალური ვიზიტით, რომ თბილისში მათ მოელაპარაკოს, იქნებ რაიმე ყალბი დოკუმენტი მომზადდეს, რომლის საშუალებითაც შეძლებს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ბატონო პრეზიდენტო, მე ეს ყველაფერი ვიცი და მინდა გითხრათ, რომ არაა საჭირო ამ მინიშნებების გამოგზავნა, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ შევწყვეტ სიმართლის ლაპარაკს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიხიელ სააკაშვილის, დავით საყვარელიძის და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა თავი უკრაინას შეაფარეს. ექს-პრეზიდენტმა საქართველო 2013 წელს დატოვა, პროკურატურამ მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

კერძოდ, საუბარია 5 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვაზე, რომელიც სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის დახარჯა. საააკაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იძებნება. დაპატიმრების შემთხვევაში მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ქართულმა მხარემ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 13 თებერვალს, რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

იმავე წლის 29 მაისს პოროშენკომ სსკს-ით ძებნილი სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა და მას უკრაინის მოქალაქეობაც მიანიჭა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 2015 წლის დეკემებრში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. უმაღლესი რადას დეპუტატი ფრაქცია „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ფორსირებულად გადაწყდა, ამიტომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

გარდა ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია 364-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ძიების დაწყების საფუძველი რადას რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნა გახდა, რომლებმაც სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას მიაწოდეს და საქმის აღძვრა მოითხოვეს. საქმე „ОПЗ“ (ოდესის საპორტო ქარხნის) გაყიდვას ეხება. როგორც რადას დეპუტატი ნაზარ ხოლოდნიცკი აცხადებს, სააკაშვილის ქმედებებმა ოდესის საპორტო ქარხნის გასაყიდი ფასის შემცირება გამოიწვია, რის გამოც სახელმწიფო 6,5 მილიარდი გრივნით დაზარალდა.

რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას, ისევე როგორც მინიჭებას, კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი. როგორც წესი, მოქალაქეობის მინიჭება ყველა ქვეყანაში უფრო იოლი პროცედურაა, ვიდრე ჩამორთმევა. ეს პროცედურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში გაცილებით რთულია.

for.ge-სთან საუბრისას საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა, აცხადებს, რომ სააკაშვილის საკმაოდ აგრესიული ქმედებები არ შეესაბამება იმ გეგმებს, რაც უკრაინის მმართველ ელიტას ჰქონდა. სააკაშვილი, რომელიც სერიოზული დისკომფორტი იყო თავიდანვე, კონტროლირებადი არ არის.

„მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი დადის და უბუნტებს ხალხს. ცხადია, რომ უკრაინის მმართველ ელიტას ეს არ მოსწონს. ისინი იმედოვნებდნენ, რომ სააკაშვილი კონტროლის ქვეშ იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას ისინი ვერ ახერხებენ, რადგან კონტროლიდან არის გასული. თავდაპირველად პოროშენკოს გეგმა იყო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო 3-4%-ის ფარგლებში, რათა იულია ტიმოშენკოსთვის წაერთმია ხმები, თუმცა, როგორც ჩანს, ბატონი მიხეილი დაუკრეფავში გადადის და უკვე თავად მმართველ ელიტასაც აზარალებს თავისი რიტორიკით“, - აცხადებს ირაკლი გოგავა.

მისივე თქით, კონტროლიდან გასული სააკაშვილი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგეს პოროშენკოსთვის გარდა იმისა, რომ ზედმეტად ამღვრევს წყალს. როგორც გოგავა აცხადებს, დღეს მისი რეიტინგი 3-4%-ის ფარგლებში მერყეობს.

„მზარდი ტენდენცია არ არის. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ახერხებს შეუთანხმდეს გარკვეულ ოლიგარქებს, რომ რაღაცა კომბინაციები გააკეთოს, რათა შეძლოს ხელი შეუშალოს უკრაინის მმართველ ელიტას. საერთოდ, პოროშენკოს მხრიდან არასწორი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც მას მიანიჭეს უკრაინის მოქალაქეობა, ეს იყო ულამაზო ჟესტი საქართველოს მიმართ.

მეორე, რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევას, სააკაშვილი იქნება პირი მოქალაქეობის გარეშე, ეს მისთვის ზედგამოჭრილი სტატუსია. საერთაშორისო სამართლი არეგულირებს მოქალაქეობის გარეშე პირების სამართლებრივ მდგომარეობას, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები გააგდებენ ქვეყნიდან, უბრალოდ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან ერთად, სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ შეირყა საქართველოში, მისი პოლიტიკური ფასი განახევრებულია დასავლეთში. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის ის ფიგურა, რომელსაც საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი უჭერს მხარს. მისი თქმით, სააკაშვილი უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი ფიგურა დასავლეთისთვის, რადგანაც არც არაფერს წარმოადგენს,

„არა მგონია სააკაშვილის ის ფიგურა იყოს, რომ აშშ და დასავლეთი დღე და ღამე სააკაშვილზე ფიქრობდეს. რაღაცა ძალიან გაბუქებული წარმოდგენა იქმნება ამ კაცზე. სააკაშვილი არის ის ფიგურა, რომელსაც საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიონი კაცი უჭერს მხარს. აი, ეს არის სააკაშვილი, აქ იწყება და აქ მთავრდება. 2012 წელს გამოჩნდა რა შეუძლია სააკაშვილს, სულ ეს იყო“, - აცხადებს ვახატანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებამ“ 2016 წელს ერთხელ უკვე მოახერხა, რომ ნახევარმილიონამდე აიყვანა მისი მხარდამჭერები, თუ ასე გააგრძელა, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს მხარდამჭერები.

„აი, ეს სააკაშვილი საფრთხე შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ვიდრე უკარაინაში. სააკაშვილის ამ ინფორმაციას ქვეტექსტად მიჰყვება ის, რომ მე იმდენად შევაშინე პოროშენკო, ცდილობს, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე მომიშოროს. ალბათ, პოროშენკო არსებული პოლიტიკური მდგომარეობოდან გამომდინარე იმოქმედებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.