რა ელოდება აფხაზეთს ბაღაფშის შემდეგ

რა ელოდება აფხაზეთს ბაღაფშის შემდეგ

სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებამ აფხაზი სეპარატისტები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. სოხუმში ბევრს მსჯელობენ, ვის ანდონ ოკუპირებული რეგიონის ბედიღბალი. თუმცა, ეჭვს არ იწვევს ის, რომ ბაღაფშის მემკვიდრის ვინაობას კრემლი განსაზღვრავს. სამწუხაროდ, თბილისის ზეგავლენა შექმნილ მდგომარეობაზე ნულამდე არის დაყვანილი. 

რუსული „ლენტა.რუს“ მკითხველთა კითხვებს, აფხაზური „ჩეგემსკაია პრავდას“ რეადაქტორი ინალ ხაშიგი პასუხობს.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა იქნება თუ...

– ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, რესპუბლიკაში რთული პერიოდი დადგა. ბევრი იმედოვნებს, რომ რეალური ცვლილებები მოხდება. რეალურად, ახალ ეტაპზე გადავდივართ. დასვენების დრო არ გვაქვს და ახალგაზრდა სახელმწიფოს ახალი იმპულსი უნდა მიეცეს. კარდინალურ რეფორმები და მოდერნიზაცია გვჭირდება.

როგორ მოიქცევა „ედინაია აფხაზია“, საერთო კანდიდატს მხარს დაუჭერს თუ რამდენიმე ნაწილად გაიყოფა?

– ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ, საეჭვოა, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს. პარტიას გამაერთიანებელი ფიგურა აღარ ჰყავს. ვიცე–პრეზიდენტი ანქვაბი და პრემიერი შამბა ამ როლს ვერ ერგებიან. შეუძლებელია იმის თქმა, რომ პარტია არჩევნებზე მათ მხარს დაუჭერს. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, პარტიის შიგნით ერთიანობა არ იქნება. შეიძლება ფსონი დაიდოს ანქვაბზე, ან შამბაზე, შეიძლება რომელიღაც სხვა ფიგურა იყოს, კერძოდ პარტიის ლიდერი დაურ თარბა. ნებისმიერ შემთხვევაში, „ედინაია აფხაზია“ ძველი სახით არსებობას შეწყვეტს და ნაკლები გავლენა ექნება.

ვის დაუჭერს მხარს გალის რაიონი?

– თუ შამბას და ანქვაბის კანდიდატურები იქნება წამოყენებული, გალის ხმები მათ შორის გაიყოფა. გალის მაცხოვრებლების ხმები ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება და კანდიდატები შეეცდებიან იმ მოთამაშეების მხარდაჭერის მოპოვებას, რომლებიც გალში გავლენას ფლობენ. საუბარია გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბესლან არშბაზე და პარლამენტის დეპუტატ რუსლან ქიშმარიაზე; რომელიც წლების მანძილზე გალის რაიონს ხელმძღვანელობდა.

რა პერსპექტივებს ხედავთ თბილისის და სოხუმის ურთიერთობებში?

– არანაირი წანამძღვრები არ არის, რომ საერთოდ რამეზე ვისაუბროთ. 2008 წლის შემდეგ კონფლიქტი გაიყინა და უახლოეს მომავალში გალღობის არანაირი პერსპექტივა არ არის. ერთის მხრივ, ისმის კითხვა, საერთოდ რაზე უნდა ვისაუბროთ? პოზიციები რადიკალურად განსხვავდებიან. ასევე, ერთი–ერთზე საუბრის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.

მეორეს მხრივ, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან აშშ და ევროკავშირი. თუ ისინი დაინტერესებულნი იქნებიან, როგორღაც გამოაცოცხლონ მოლაპარაკების პროცესი, სავსებით შესაძლებელია, რომ აფხაზეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებზე დათანხმდეს. ალბათ შუამავლებს შორის აღმოჩნდება რუსეთი. ასე რომ, არ ვიტყოდი, რომ ეს სუფთა ქართულ–რუსული  მოლაპარაკებებია. იგი აუცილებლად ვიღაცის შუამავლობით უნდა ჩატარდეს.

რაც შეეხება ურთიერთობებს... პატიოსნად მითხარით, ადამიანურად, აფხაზები განიცდიან თუ არა ქართველებთან ურთიერთობის გაწყვეტას?

– 1992–93 წლების შემდეგ, თითქმის ყოველ აფხაზურ ოჯახში არის დანაკარგები. ვფიქრობ, რომ ახლა ურთიერთობების გაწყვეტას არავინ განიცდის. ქართულ–აფხაზური ომის შემდეგ დარჩენილი ჭრილობების მოშუშება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. შესაძლოა, აფხაზების რამდენიმე თაობის შეცვლა გახდეს საჭირო, რომ ქართველებისადმი და საქართველოსადმი  დამოკიდებულება მთლიანობაში შეიცვალოს.

არ ვფიქრობ, რომ აფხაზეთის შემდეგი პრეზიდენტი ქართველი დევნილების დაბრუნებაზე დათანხმდება. თუ ოდესღაც საკითხი გადაწყდება, ისიც - ნაწილობრივ მოხდება, კონფლიქტის სრული დარეგულირების კონტექსტში. მას შემდეგ, რაც საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

რამდენად შესაძლებელია აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა?

– ამჟამად, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არ დგას. აფხაზური საზოგადოების დღის წესრიგში ის არსოდეს იდგა. ახლა, მითუმტეს არ დგას. ვფიქრობ, რომ კრემლშიც ეს საკითხი აღარ განიხილება.

პირადად თქვენ თუ გსურთ, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იხილოთ?

– არ მსურს და ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ აფხაზეთის მოქალაქეთა უმრავლესობის აზრია. ჩვენ დამოუკიდებლობის გზა ჯერ კიდევ 1993 წელს ავირჩიეთ და დღემდე ვფიქრობთ, რომ აფხაზეთს სხვა ალტერნატივა არ აქვს.

თავისი მენტალობით, აფხაზები რუსებთან უფრო ახლოს არიან თუ ქართველებთან?

– ვფიქრობ, რომ აფხაზები ახლოს არიან აფხაზებთან. ჩემთვის რთულია რაღაც სანტიმეტრებით გავზომო, ვისთან ვართ ახლოს – რუსებთან თუ ქართველებთან. აფხაზები მაინც არ ჰგვანან არც რუსებს და არც ქართველებს.