„რეალობას აცდენილი“ - მმართველი გუნდი NDI-ს უნდობლობას უცხადებს

„რეალობას აცდენილი“ - მმართველი გუნდი NDI-ს უნდობლობას უცხადებს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკური ნაწილი გაასაჯაროვა. კვლევის მეორე ნაწილი მიმდინარე მოვლენებს, სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს, ლიდერებს და პოლიტიკოსებს ეხება. NDI-მ, როგორც ამბობს, საერთო ჯამში 2,493 რესპონდენტი გამოკითხა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,7%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ნაკლები ენთუზიაზმით არის განწყობილი ზოგადად პოლიტიკოსებისა და ლიდერების შეფასების მიმართ. მისივე თქმით, გამოკითხვის თანახმად უპრეცედენტოდ მაღალია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უჭერს მხარს.

„ჩემი აზრით, ეს არის გზავნილი არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვის. ოდნავ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ იმაში, რომ მოიგონ საქართველოს მოსახლეობის გული. თუმცა, კარგი ამბავი, რაც კვლევაში ჩანს ის არის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმეტესობა, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა. ტორტონის განცხადებით, არაპირდაპირი წესით არჩევის მომხრე პოლიტიკოსებს, საკუთარ მოსაზრებაში მოსახლეობის დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევა დაჭრიდება.

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, 63% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ხოლო 37% ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს; 24% პენსიონერია და არ არის დაინტერსებული სამსახურის პოვნით.

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას - 29% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დგას; 10% - „ნაციონალური მოძრაობას“, 4% „პატრიოტთა ალიანსს“ და 3% „ლეიბორისტულ პარტიას“ ასახელებს. გამოკითხულთა 4%-მა არ იცის პასუხი, დაასახელა; 3%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ს გამოკითხულთა მხოლოდ 17% მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა ქართულ ოპოზიციას გააძლიერებს, 47% ფიქრობს, რომ დაასუსტებს, 19% კითხვაზე პასუხი არ აქვს. NDI-ი ასევე დაინტერესდა რას ფიქრობს საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. 84% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით.

პრეზიდენტის არჩევას ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან მხარს უჭერს 9%, 2% ასეთი არჩევის არც ერთ წესს არ ეთანხმება, 4%-მა კი არ იცის. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი 47% მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა, 28% მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება პრეზიდენტის და პრემიერის საქმიანობას, გამოკითხულთა უმეტესობა „საშუალოდ“ აფასებს. პოლიტიკოსთა საქმიანობის შეფასების რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:

გიორგი მარგველაშვილი - 3% კარგად, 24% - საშუალოდ, 50% - ცუდად, 12% - ძალიან ცუდად.

გიორგი კვირიკაშვილი - 3% ძალიან კარგად, 22% კარგად, 53% საშუალოდ, 11% ცუდად, 3% ძალიან ცუდად.

ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგად 1%, კარგად 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 17%, ძალიან ცუდად - 4%.

დავით ნარმანია - ძალიან კარგად 1%, კარგად 7%, საშუალოდ 33%, ცუდად 37%, ძალიან ცუდად 15%.

გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, 14% ძალიან კარგი, 44% კარგად, 23% საშუალოდ, 6% ცუდად, 1% ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% მა პასუხზე უარი განაცხადა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის რეიტინგი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, თუ 2015 წლის აპრილის კვლევაში ეკლესიის საქმიანობას კარგად და ძალიან კარგად ჯამში 75% აფასებდა, წელს ამ მაჩვენებელმა 58% შეადგინა.

რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა სამინისტროების საქმიანობაც. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას - შედეგები ასე გადანაწილდა: ჯანდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 9%, კარგად 34%, საშუალოდ 36%, ცუდად 10%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 8%;

იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად 29%, საშუალოდ 40%, ცუდად 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%;

თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 20%, უარი პასუხზე 1%;

ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად 26%, საშუალოდ 40%, ცუდად 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%.  

განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად 24%, საშუალოდ 40%, ცუდად 16%, ძალიან ცუდად 5%, არ ვიცი 12%;

შსს - ძალიან კარგად 1%, კარგად 19%, საშუალოდ 44%, ცუდად 15%, ძალიან ცუდად 3%, არ ვიცი 17%;

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად 13%, საშუალოდ 42%, ცუდად 9%, ძალიან ცუდად 1%, არ ვიცი 33%, უარი პასუხზე 1%.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად 17%, საშუალოდ 44%, ცუდად 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 23%; უარი პასუხზე 1%.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად 10%, საშუალოდ 42%, ცუდად 15%, ძალიან ცუდად 3%, არ ვიცი 29%;

დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად 14%, საშუალოდ 42%, ცუდად 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 21%.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად 12%, საშუალოდ 40%, ცუდად 22%, ძალიან ცუდად 5%, არ ვიცი 20%.

ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად 8%, საშუალოდ 41%, ცუდად 20%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 24%; უარი პასუხზე 1 %.

ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად 9%, საშუალოდ 39%, ცუდად 23%, ძალიან ცუდად 5%, არ ვიცი 24%; უარი პასუხზე 1%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ სოციოლოგიური კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აფასებენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, იმ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკულად გამოხატავს უმრავლესობის მიმართ პოზიციას, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით სამჯერ მეტი რეიტინგი აქვს, რაც ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში.

„აუცილებელია ჩვენ ვნახოთ, თუ ვინ ატარებს ხოლმე საველე სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენად ობიექტურია კვლევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კვლევები წარსულში არასდროს ობიექტური არ ყოფილა, მით უმეტეს, პოლიტიკურ ნაწილში.

ჩვენ მას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ, რადგან ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას, თუმცა შეიძლება მაინც ვილაპარაკოთ გარკვეულ ტენდენციებზე. ამ კვლევითაც კი, რომელიც კრიტიკულად გამოხატავს ხოლმე ჩვენს მიმართ პოზიციებს, ჩვენ გვაქვს სამჯერ მეტი რეიტინგი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან, რაც ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ იმ ფონზე, როცა NDI-ის კვლევებით, მოსახლეობის თითქმის 65% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, „ქართული ოცნების“ რეიტინგის ვარდნა აბსოლუტურად ბუნებრივია. სალომე სამადაშვილის განცხადებით, კვლევა აჩვენებს, რომ უმთავრესი პრობლემა, რომელიც საქართველოში საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, უმუშევრობა და ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობაა.

„გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ უკან წავედით. და ეს გასაკვირი არაა მაშინ, როცა „ოცნებას“ ქვეყნის განვითარების არანაირი ხედვა არ აქვს. სიტუაცია უკეთესი იქნებოდა ჩვენ რომ მოგვცემოდა საშუალება ჩვენი საარჩევნო პროგრამა განგვეხორციელებინა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

NDI-ის პოლიტიკურ კვლევაში არ მოხვდა „ევროპული საქართველო“. გიგა ბოკერია განცხადებით, NDI არ სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ ვის მისცემს ხმას, სწორედ ამიტომ არ მოხვდა იქ „ევროპული საქართველო“. ბოკერიას განცხადებით, კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით.

„ამ მთავრობამ ქვეყანა დაწია უკან და თვითონ არის პრობლემა. კვლევა, სამწუხაროდ, არ სვამს კითხვას, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებში, სწორედ ამიტომ არ მოხვდა იქ „ევროპული საქართველო“, თუმცა გამოკითხულთა 17% კი თვლის, რომ „ევროპული საქართველოს“ გამოჩენა არის კარგი ოპოზიციისთვის, თუმცა სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული, რათა ეს მავნებლური მთავრობა დემოკრატიული გზით გადავაყენოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.