საქართველოს პარლამენტი გირჩით დაბოლილების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტი გირჩით დაბოლილების წინააღმდეგ

თავდაცვის სამინისტრო, საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სისტემაზე მუშაობს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს არის საერთო პრობლემა, გლობალური სახელმწიფოებივი მიდგომის საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო, როგორც უწყება, კანონმდებელთან და სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად იქნებია ჩართული, სხვა კონკრეტული დეტალების დაზუსტების თვალსაზრისით.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, მღვდელთმსახურების მოტივით სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. ამ მიზნით კომიტეტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. კომიტეტის სხდომაზე ყურადღება ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის შესახებ გამახვილდა, რომლის შექმნის მიზანს ახალგაზრდების მღვდელმსახურებად კურთხევა და ამ გზით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარება წარმოადგენს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მომავალ საზოგადოებას წარუდგენს პროექტს. for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტი მსჯელობს კონკრეტულ ინიციატივაზე, კანონით როგორ დარეგულირდეს საკითხი, რომლითაც აღიკვეთება კონსტიტუციური ვალდებულებებისგან ხელოვნურად თავის არიდება.

„მოგეხსენებათ, რომ „გირჩის“ მიერ შეიქმნა ხელოვნური ინსტრუმენტი კონსტიტუციური ვალებულებისაგან თავის არიდებისთვის. ეს არის მცდელობა იმისა, რომ კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ გავაკეთე პატარა სამუშაო ჯგუფი. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში მოხდეს მკაფიო განმარტება. ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. ორგანიზაციას ჰყავს მღვდელთმთავარი და ეპისკოპოსი, სწორედ ისინი განაგებენ იმ ახალგაზრდების კურთხევის პროცედურას, რომლებიც უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლაზე. როგორც „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის დიდი ხანია უშედეგოდ იბრძვიან, რადგან, მიაჩნიათ, რომ ეს არის იძულება, როდესაც ადამიანებს ერთი წლის განმავლობაში აძულებენ დაკავდნენ რაღაც საქმიანობით.

„გირჩი“ მოუწოდებს წვევამდელებს, მივიდნენ მათ ოფისში და გაწევრიანდნენ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაში“. „გირჩის“ ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციამ ქუთაისში 50–მდე ადამიანი აკურთხა. ახალი პოლიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით, ყველა მათგანი ორგანიზაციაში ჯარიდან თავის არიდების მიზნით გაწევრიანდა. მისი თქმით, საყოველთაო გაწვევა არის ფარსი და ბიუროკრატიული იარაღი სახელმწიფოს ხელში.

„საქართველოში ყოველწლიურად 50 000-მდე ადამიანი ხდება 18 წლის. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ 5 000 მათგანი მიყავს ჯარში. ეს რეალურად ის რაოდენობაა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება არა როგორც ჯარისკაცები, არამედ, როგორც ყარაულები. ჩვენ ბევრმა სპორტსმენმა მოგვმართა, რომლებიც იძულებული არიან ერთი წლით უარი თქვან თავიანთ კარიერაზე. ასევე, ადამიანებს ატოვებინებენ გაჭირვებით ნაპოვნ სამსახურს და აიძულებენ ერთი წელი ყარაულები იყვნენ“, - ამბობს თემურ ცამციშვილი.

მისი თქმით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საკონტრაქტო ჯარის სახით, ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის საკმარისი რესურსი ისედაც ჰყავს და საყოველთაო გაწვევა საჭირო არ არის. „გირჩის“ ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებენ საპატრიარქოში.

„ასეთ არასერიოზულ განცხადებებზე რაზეც „გირჩი“ საუბრობს განცხადებებს არ ვაკეთებთ, არასერიოზული ხალხია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.

ექსპერტის, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძის განმარტებით, ჩამოყალიბდა ახალი სექტა, რომლითაც სამართლდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია რა ცვლილება უნდა შევიდეს კანონში.

„რა უნდა დაწერონ? პარტიას არ აქვს უფლება ჩამოაყალიბოს სექტა? მაშინ უნდა განმარტონ, რას ნიშნავს მღვდელმსახური? ყველა რელიგიას თავისი წესი აქვს, მაგალითად, მუსულმანები ირჩევენ მუფტს, მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელდასმაა. ეს არის „გირჩის“ პიარპროპაგანდა და სხვა არაფერი. ეს ჰგავს 60-იანი წლების ჰიპების იდეებს, რომ აბსოლუტური თავისუფლება და არავითარი სახელმწიფო. ანარქისტული მიდგომაა, არაფერ კავშირში არ არის რეალობასთან. პლანი უნდათ, ჯარში წასვლა - არა, მალე თავისუფალ სექსს მოინდომებენ და წავიდა გართობა, სრული ანარქიაა. ყურადღების მიქცევაც არ ღირს. ყოფითი დანაშაულის დონეს არ გაცდება ეს ინიციატივა. ვინც მივა ამ ქაღალდით, რომ ის არის მღვდელმსახური, წავა ჯარში. არავითარი ძალა არ აქვს. ეს არის არარსებული რელიგიური სექტა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.

სამხედრო მიმომხილველი, ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ დღეს მოქმედი კანონი „გირჩს“აძლევს შესაძლებლობას, პიროვნებას მისცეს მღვდელმსახურის საბუთი, რომ ამ გზით წვევანდელი აარიდოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მისი თქმით, სწორედ ამ ნაწილში იგეგემება ცვლილება.

„როდესაც კონკრეტული პარტია მღვდელსამსახურის რაღაცა ცნობას მისცემს ახალგაზრდას, რა თქმა უნდა, ის ამით მღვდელმსახური არ გახდება, ფიქტიური ცნობა იქნება, თუმცა, მოქმედი კანონი ამის საშუალებას სამწუხაროდ იძლევა. ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა ეს არაა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანების მოვალეობა, ეს არის მთელი მოსახლეობის ვალდებულება.

თუ შენ თვლი თავს საქართველოს მოქალაქედ, მაშინ შენი წვლილი უნდა შეიტანო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. ეს შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს, მაგრამ რაც შეეხება სავალდებულო სამხედრო სამსახურს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პირობებია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს როგორც სავალდებულო სამსახური, ასევე კონტრაქტით სამსახური, ალტერნატიული სამსახური, ვისაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მას შეუძლია მართვის სამსახური გაიაროს, არსებობს გადავადება.

„ამ დროს გამოდიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ფიქტიური მღვდელმსახურის ცნობა მისცენ ახალგაზრდებს და ამ გზით აარიდონ თავი სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამას უშვებს კანონი და ამით ისარგებლეს გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. შეიძლება პოლიტიკური მიზნებიც იყოს ჩადებული, რომ ეს ახალგაზრდები შემდგომში თავისი პარტიის ერთგულებად, ან თავისი პარტიის რიგებში იხილონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.