პოსტსაბჭოთა სივრცე თეთრი სახლის ფოკუსში

პოსტსაბჭოთა სივრცე თეთრი სახლის ფოკუსში

ძნელად თუ ვინმე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველადი მნიშვნელობის საკითხად, პოსტსაბჭოთა სივრცე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა რჩება და ასე იქნება იმ დრომდე, ვიდრე ამ რეგიონში, რუსეთი ერთ-ერთი მთავარი აგრესიული ძალა იქნება, რომელიც საკუთარი გავლენის აღდენას ცდილობს და ამას მსხვერპლად სწირავს როგორც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, ისე მეზობელი

ქვეყნების ბრძოლისუნარიან ნაწილს. სწორედ ამიტომ აღიქმება რუსეთი, როგორც დესტრუქციული ძალა და არა იმიტომ, რომ ის ცდილობს, საერთაშორისო პოლიტიკაში დასავლეთის მსოფლმხედველობისგან განსხვავებული, ე.წ. ალტერნატიული რეალობის შექმნას.

ის ფაქტი, რომ მიმდინარე თვის დასაწყისი, თეთრ სახლში პოსტსაბჭოთა სივრცისადმი ინტერესით აღინიშნა, ძალიან კარგია და ამაზე მიუთითებს, ჯერ საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილებების მიღება, შემდეგ ვაშინგტონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით გაგრძელდა და დასრულდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან შეხვედრით, რომელიც სტანდარტულად, რუსული მუხანათობის დემონსტრირებით, წინა ორ შეხვედრაზე მეტად განხილვადი საკითხი

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის პოსტსაბჭოთა სივრცე მნიშვნელოვანი მიმართულება და გააკეთებს თუ არა ისე, საკუთარი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ჩვენს რეგიონში ხანგრძლივად იქნეს შეზღუდული რუსეთი თავის ქმედებებში, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში მეტად თვალსაჩინო გახდა?

ის ფაქტი, რომ აშშ-ში საქართველოს მხარდამჭერი კანონები მიიღება და ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის რეალური როლის განსაზღვრა, ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის და შესაბამისად, საქართველოს გასაკეთებელია აქვს ის, რომ არ გაჩერდეს ამ გადაწყვეტილებაზე, შეძლოს გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთგვარი მასტიმულირებელი ძალა, შექმნას ანტირუსული (ანტისაოკუპაციო) კოალიცია, რომელიც გააერთიანებს ყველა პრობლემას, დაწყებული უკრაინიდან და დამთავრებული ყარაბაღის კონფლიქტით.

ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი მოკავშირეები გვყავს ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენდამი გამოხატული მხარდაჭერით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გამოირჩევიან.

მოცემულობა, რომელიც ახლა შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოს ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს გააღწიოს საკუთარი ლოკალური რეგიონიდან და ინტეგრირდეს გაცილებით მასშტაბურ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როგორც თანასწორი და თანმიმდევრული, დასავლური სამყაროს წევრობის მსურველი ქვეყანა.

თუკი საქართველო შეძლებს საკუთარი პრობლემები, განუყოფლად დაუკავშიროს უკრაინასა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემებს, შესაძლებელი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, იგივე ადგილი დაიმკვიდროს, რომელიც უკვე აქვთ დამკვიდრებული ბალტიის ქვეყნებს.

ფაქტია, რომ აშშ-ში, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება/გაღრმავების სურვილი შეინიშნება და ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა ამ შემთხვევაში ფილანტროპად გვევლინება... არა, რა თქმა უნდა, მასაც საკუთარი პრაგმატული გათვლები აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკიდურეად ქაოტური ვითარებაა შექმნილი წინა ადმინისტრაციის ქმედებების გამო.

ასევე მნიშვნელობას გვმატებს, თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობის დაძაბვა, რომელიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვან ფორპოსტს წარმოადგენდა ამ რეგიონში. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი იქნება ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიაში, რომელსაც ძალზედ საინტერესო სამხედრო და ზოგადად ძალოვანი ჯგუფი ჰყავს, მათი უმეტესობა პროფესიონალად ცივი ომის პირობებში ჩამოყალიბდა და შესაბამისად, კარგად ესმით ის მოცემულობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებებით არის შექმნილი და ერთიერთში იმეორებს ცივი ომის საბჭოთა პოლიტიკას.

ამავე კატეგორიის ფაქტორთა რიგს უნდა მივაწეროთ, ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ირანის მიმართ და მის როლთან ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სრულიად განსხვავებულია ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკისგან და ამერიკის ახალ საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ითვლება.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, აშშ-ის ახალი ადმინსტრაცია შეეცდება, არსებული შესაძლებლობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ადგილობრივი პოლიტიკური ძალების ქმედებათა გათვალისწინებით, დაგეგმოს საკუთარი პოლიტიკა, ამიტომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ მკაფიოდ განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და ამ თვალსაზრისით გადადგას ასევე მკაფიო ნაბიჯები, როგორც შიდა მმართველობის დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო პოლიტიკისა და კერძოდ, მოკავშირეთა შეძენის თვალსაზრისით.

სხვა შემთხვევაში, საქართველო ხელიდან გაუშვებს უნიკალურ შანსს, განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისა და საკუთარი პრობლემების დასავლეთის ინტერესებთან სინქრონიზაციის გზით.