NDI-ის კვლევა შეუთავსებელი ციფრებით

NDI-ის კვლევა შეუთავსებელი ციფრებით

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მორიგი სოციოლოგიური კვლევა გაასაჯაროვა. საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, პირველი ნაწილი ძირითადად შეეხება საგარეო პოლიტიკას, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - ევროკავშირის მხარდაჭერა, ნატო-ს მხარდაჭერა, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და პროპაგანდა.

რაც შეეხება კვლევის მეორე ნაწილს, ის წარმოდგენილი იქნება 15 მაისს და კითხვები შეეხება მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს, ლიდერებს და პოლიტიკოსებს. NDI-მ საერთო ჯამში 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა, საშუალო ცთომილების ზღვარი +/-2,7%-ია.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, რესპოდენტთა 40% მიიჩნევს, რომ არ არის, ხოლო 8%-მა არ იცის, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია. NDI კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, მაჩვენებლები ასე გადანაწილდა - რუსეთი - 63%; თურქეთი - 6%; ამერიკა - 5%; საქართველო - 1%; სომხეთი - 1%; ირანი - 1%.15%-მა არ იცის რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართვლოსთვის ყველაზე დიდი საფრთხეს.

კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, ხმები ასე გადანაწილდა: აშშ - 35%; საქართველო - 12%; რუსეთი - 10%; აზერბაიჯანი - 2%; საფრანგეთი - 1%; თურქეთი - 1%; გერმანია - 1%; სომხეთი - 1%. კატეგორია „არც ერთი“ აირჩია 18%-მა, ხოლო 17%-მა პასუხი „არ იცის“.

გამოკითხულთა 80%-თვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 12%-ისთვის მიუღებელი. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში გამოკითხულთა 83%-სთვის მისაღებია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 11%-ისთვის კი - არა. საქართველოს დიდი ქალაქების მიხედვით მონაცემები ასეთია - გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 10% არა.

პატარა ქალაქების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 83% აცხადებს, რომ მისაღებია, 9% ამბობს - არას. რაც შეეხება საქართველოს სოფლებს, აქ ასეთი მონაცემებია - გამოკითხულთა 82% - მიესალმება, 13% კი აცხადებს, რომ - არა. რაც შეეხება უმცირესობებით დასახლებულ ადგილებს - გამოკითხულთა 34%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 20%-ისთვის - მიუღებელია.რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, NDI-ის გამოკითხულთა 68%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი, ხოლო 21%-ისთვის მიუღებელია.

NDI-ის გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, მომავალ 5 წელიწადში (2017-2022) გახდება ევროკავშირის წევრი. 21% ფიქრობს, რომ 5-10 წლის შემდეგ, 18% მიიჩნევს, რომ 10 წლის შემდეგ, 10% კი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს არ გახდება ევროკავშირის წევრი.

NDI ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, 42% აცხადებს, რომ ეს ცუდი მოვლენა იყო, 10%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. როგორც NDI-ში განმარტავენ, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ სსრკ-ს დაშლა ცუდი იყო, მაინც უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. უმეტესად კი საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მიიჩნევვენ სოფლის ტიპის და უმცირესობათა დასახლებებში მცხოვრები გამოკითხულები და ასევე ასაკოვანი ადამიანები.

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 21% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, ხოლო 65% - ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეეხება რუსული პროპაგანდის არსებობას, NDI-ის გამოკითხულთა 47% ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, 27% არ ეთანხმება ამ პოზიციას, ხოლო 26%-მა არ იცის.

კითხვაზე,რა საშუალებებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, გამოკითხულთა 39%ქართულენოვანი სატელევიზიო არხებს ასახელებს, 34% პოლიტიკური პარტიებს, 32% ინტერნეტს და სოციალურ მედიას, 15% არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებს, 14% სამოქალაქო საზოგადოებას, 6%გაზეთებს, 3% თვლის, რომ რუსული პროპაგანდა მეგობრების და მეზობლების საშუალებით ვრცელდება; 1% კი ეკლესიას ასახელებს, 4%-მა კი არ იცის.

რუსული პროპაგანდის არსებობის მიუხედავად, გამოკითხულთა 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო დაცული ქვეყანაა. NDI-ის კითხვაზე, საქართველომ უნდა გაზარდოს, იგივე დატოვოს, თუ შეამციროს ეროვნულ თავდაცვაზე გამოყოფილი თანხა - გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ უნდა გაზარდოს, 32% მიიჩნევს, რომ იგივე დატოვოს, 8 % ფიქრობს, რომ უნდა შეამციროს, 12%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს, 18% კი ფიქრობს, რომ სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.

კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ, რადგან ჯარისკაცებს სტაბილური შემოსავალი აქვთ, გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ეთანხმება, გამოკითულთა 7% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება. გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოში ხალხი სამხედრო კარიერას იმიტომ ირჩევს, რომ მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, 16% აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება.

63% აცხადებს, რომ სამხედრო კარიერას იმისთვის ირჩევენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდათ, რასაც არ ეთანხმება 31%. 57% სამხედრო კარიერის არჩევის საფუძვლად ასახელებს იმას, რომ მათ მოსწონთ სამხედრო სფერო, 32% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. 52% ფიქრობს, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ იმიტომ, რომ სამხედრო სამსახური პრესტიჟულია, 41% კი ფიქრობს, რომ ასე არ არის.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებით, ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ს მხარს არ უჭერს, ძირითადად, იმ მითებსა და ჭორებს ასახელებს, რომელიც ანტიდასავლური და დეზინფორმაციული კამპანიების მიერ ვრცელდება.

„მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, თუმცა ასე უმეტესად, შედარებით მაღალი განათლების მქონე ადამიანები და ქალაქის ტიპის დასახლებებში მყოფი ადამიანები მიიჩნევენ. რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვას, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ნატოსა და აშშ-სთან თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი იქნება.

ძალიან ბევრი კი, შიდა ფაქტორებს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის გაძლიერებას ასახელებს. ისევე, როგორც სხვა კვლევებში, ამ კვლევაშიც ჩანს, რომ მნიშვნელოვანია მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა, რომლებიც მარტივად შეიძლება მოექცნენ პროპაგანდის გავლენის ქვეშ“, - აღნიშნა ლორა თორნტონმა.

NDI-ის კვლევის იმ ნაწილის, რომლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, იზიარებს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა და ამის თქმის საფუძველს აძლევს ის საფრთხეები, რაც დღეს მსოფლიოში ტერორიზმთან დაკავშირებით არსებობს.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის მზარდი პოზიტიური დინამიკაც, რომელიც საქართველოს ტურიზმთან დაკავშირებით აქვს. წელს ჩვენ გაცილებით მეტ ტურისტს ველოდებით. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქედან, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ისე ჩვენი სტუმრები, თავს გრძნობენ უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროპის ნაწილია და შეუძლებელია, ნებისმიერ გამოკითხვას უფრო ნაკლები შედეგი დაედო.

„არც თურქეთს, არც ირანს და არც რუსეთს არ აქვს არანაირი სურვილი, არც მისწრაფება და არც საშუალება, რომ გახდეს ევროპის ნაწილი. ამიტომ ქართველებმა სწორად გაიაზრეს ეს მიღწევა. თუ ჩვენ არა მარტო გავიაზრებთ, არამედ გამოვიყენებთ ამ მიღწევას ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გარწმუნებთ, რომ მომხრეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ციფრებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე ამახვილებს ყურადღღებას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 22%-მდე ემხრობა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, ხოლო გამოკითხულთა 65% - ევროკავშირს, მაგრამ იქვე, შემდგომ ბლოგში NDI-ის ეს ციფრი უკვე იზრდება 80%-მდე, სადაც წერია, რომ 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სახელმწიფო კურსს, როგორც ანჯაფარიძე აცხადებს, ამ ნაწილში დაახლოებით 20%-მდე არის ცდომილება.

„მაგრამ იგივე შედეგები, ერთგვარად წინააღმდეგობაში მოდის შემდგომი ბლოკის გამოკითხვის შედეგბთან, სადაც აღნიშნულია, რომ 47% მიიჩნევს საბჭოთა კავშირის დაშლას დადებით მოვლენად, ხოლო 42% უარყოფით მოვლენად, რაღაცნაირად, ეს ციფრები ერთმანეთთან არ თავსდება და სამწუხაროდ, NDI და მისი სოციოლოგები დეტალურად არ გვიხსნიან, რით არის გამოწვეული ასეთი წინააღმდეგობა“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, საინტერესო მომენტია ისიც, რომ ბოლო 3-4 გამოკითხვის შედეგად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა სტაბილური რჩება.

„დაახლოებით 20-24%-ია, არც ქვემოთ იწევს, მაგრამ არც ზემოთ მიდის. თუ ამას დავუმატებთ იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც გამოკითხვის დროს თავი შეიკავა პასუხისგან, ვფიქრობ, ეს პროცენტული მაჩვენებელი ცოტა მეტი უნდა იყოს. როცა შენ ადამიანს ეკითხები, უჭერ თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ის ყოყმანობს და არ უნდა პოზიციის დაფიქსირება, ეს ჩემის აზრით უფრო იმის მაჩვენებელია, რომ ამ ადამიანს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ არ ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.