„საქართველოში ნატოს ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება“

„საქართველოში ნატოს ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა იგეგმება“

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ახალ ხედვაში, საქართველოს, როგორც ერთადერთ სტაბილურ პარტნიორს ამ რთულ რეგიონში, განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, რადგან ამერიკას რეგიონში სხვა პროგნოზირებადი პარტნიორი არც ჰყავს. შესაბამისად, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ საერთაშორისო მისიებში, კიდევ უფრო აქტიური როლის შეასრულოს.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

გასული კვირის მთავარი მოვლენა იყო ტრამპი-კვირიკაშვილის დაუგეგმავი შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. პრემიერმა პრეზიდენტისგან მიიღო მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე. როგორ აფასებთ კვირიკაშვილის ვიზტს, რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრის შემდეგ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში?

ხათუნა ლაგაზიძე: პრემიერის ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის უპრეცედენტო მხარდამჭერის გამომხატველი საკანონმდებლო აქტი, კერძოდ, პირველად მოხდა ამერიკის კანონმდებლობით აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება. გასათვალისწინებელია, რომ არც ჯორჯ ბუშის და არც ბარაქ ობამას ადმინისტრაციას ასეთი კვალიფიკაცია რუსეთის ხელისუფლების ქმედებაზე არ მიუცია. ამ კანონით ამერიკამ აკრძალა იმ ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ვინც აღიარა, ან დააპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

ამავე კანონით, ამერიკა ფინანსურ დახმარებას უზრდის ევროკავშირთან ასოცირების ხელმშეკრულების მქონე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს...

- ამ ქვეყნებს ფინანსური დახმარება ეზრდებათ ორი მიმართულებით: პირველი - რუსეთის აგრესიასთან გამკლავება, მეორე - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რეალიზაცია. ბუნებრივა, რომ ამერიკის ეს ფინანსური დახმარება, ერთ-ერთი პირველი, საქართველოსაც ეხება. ამავე კანონით ამერიკის სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. თავისი არსით ეს კანონი არის უპრეცედენტო.

სწორედ, ამ ფონზე ხდება საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-შ, სადაც ის დაუგეგმავად ხვდება ტრამპს, ხოლო ვიზიტი ფარგლებში შეხვედრები გამართა ვიცე-პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან და რამოდენიმე სენატორთან. მხარდაჭერის კუთხით, რამდენად მნიშვნელოვან მოვლენასთან გვაქვს საქმე?

- ამ ვიზიტის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ ფონზე, რომ საქართველოს პრემიერთან ვიზიტის მერე, ძალიან მალე, ტრამპი ოვალურ კაბინეტში ხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და რუსეთის ელჩს ამერიკაში - სერგეი კისლიაკს, რომელიც სკანდალურად არის ცნობილი. 2013 წლის შემდეგ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო თეთრ სახლში. თავად ამერიკული პრესა აღნიშნავდა, რომ ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ მიმართა რუსეთმა თეთრ სახლს შეხვედრის შესახებ, მაგრამ აშშ ამ პრეცედენტს არ უშვებდა.

შეხვედრა დაუშვა სწორედ საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რამ გამოიწვია აშშ-ის ასეთი უპრეცედენტო დაინტერესება საქართველოსთან მიმართებაში?

- მით უმეტეს გასათვალისწინებელია ის, რომ ამ შეხვედრებემდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკის განვითარების სააგენტომ 40%-ით შეამცირა საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება. ერთი მხრივ, საქმე გვაქვს ფინანსური დახმარების შემცირებასთან, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერასთან.

შესაბამისად, ისმის კითხვა, რას ელიან საქართველოსგან როგორც პარტნიორისგან ამერიკელები?- პოლიტიკა ძალიან პრაგმატული სფეროა და აქ ცალმხრივი მიმართულებით მოძრაობები, როგორც წესი, არ ხდება ხოლმე. მხარდაჭერის სანაცვლოდ, საქართველოსგან როგორც პარტნიორისგან, ბუნებრივია, ამერიკა რაღაცის მიღებას ელის.

ამ მიმართულებით, ოფიციალური განცხადებებიდან ბევრს ვერაფერს გავიგებთ, თუმცა საინტერესოა თეთრის სახლის ოფიციალურ საიტზე დადებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაგვიხადა ჩვენი სამხედროების მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის, ამ კუთხით ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც შეუცვლელი პარტნიორის როლს.

შეხვედრებისას განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთოების შემდგომი გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, აგრეთვე ეკონომიკური მიმართულებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თეთრის სახლის ამავე განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ამერიკამ საქართველოს აღუთქვა მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის კუთხითაც.

აქვე საინტერესოა თავდაცვის მინისტრის დამაინტრიგებელი განცხადება, რომ იგეგმება ამერიკა-საქართველოს უპრეცედენტო თანამშრომლობის პროექტი, ბუნებრივია, - თავდაცვის სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ხედვაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს?

- ამ ყველაფრიდან უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ახალ ხედვაში საქართველოს, როგორც ერთადერთ სტაბილურ პარტნიორს, მსოფლიოს ამ ერთ-ერთ რთულ რეგიონში განსაკუთრებული დატვირთვა ექნება. პრინციპში, რომ შევხედოთ, ამერიკას რეალურად რეგიონში სხვა პროგნოზირებადი პარტნიორი არც ჰყავს. ერთის მხრივ არის რუსეთი, ირანი, ახლო აღმოსავლეთი, აზერბაიჯანი, რომელმაც დიდი ხანია დათმო ამერიკის სტაბილური პარტნიორის როლი და, რომელიც, ბოლო წლების განვალობაში დაბალანსების პოლიტიკას ეწევა რუსეთსა და ამერიკას შორის. და - სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი თურქეთი.

ამ ფონზე, საქართველო სწორედ ის ადგილია, რომელიც ამერიკამ გამოსცადა როგორც სტაბილური პარტნიორი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის, რომ ალბათ, საქართველოს მოეთხოვება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ საერთაშორისო მისიებში კიდევ უფრო აქტიური როლის შესრულება.

ანუ, შესაძლებელია უკვე არსებულ საერთაშორისო მისებში ქართველი სამხედროების რაოდენობა ამერიკის თხოვნით გაიზარდოს?

- შესაძლებელია. აგრეთვე, თუ ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ახალ ანალოგიურ საერთაშორისო მისიას წამოიწყებს, დიდი ალბათობით ქართველი სამხედროების მონაწილეობა გარდაუვალი იქნება. ეს არის ის, რაც ლოგიკური ანალიზის შედეგად ჩანს. აქვე უნდა ვახსენოთ ჩვენი თავდაცვის მინისტრის განცხადებაც, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის უპრეცედენტო სამხედრო თანამშრომლობა იგეგმება.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე თვის წინ ჯერ ამერიკულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, შემდეგ უკვე მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველოში იგეგმება ნატოს ახალი საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა, დაახლოებით ისეთივე მასშტაბის, როგორიც გერმანიაში. შეიძლება კიდევ უფრო ფართო მასშტაბის სამხედრო თანამშრომლობაზე იყო საუბარი. ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ურთიერთობები გადადის ძალიან მნიშვნელოვან და აქტიურ ფაზაში.

ამ ფონზე საინტერესოა ტრამპი-ლავროვის შეხვედრა და მით უფრო, როდესაც ორივე მხარე კმაყოფილია შეხვედრით...

- დიახ, კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განხილვა, სულ მცირე, რუსეთის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, არაფერს ვამბობ ზოგადად, რეგიონში საქართველოს როლზე და ამერიკის ინტერესზე. ვფიქრობ, რომ ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ტრამპის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის ელჩთან, რომელსაც თავის მხრივ, წინ უძღოდა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსის, ჯეიმს კომის თანამდებობიდან გადაყენება. ეს ის ჯეიმს კომია, რომელსაც კლინტონი ღიად აბრალებს საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული საფუძველი კლინტონის ამ ბრალდებას აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ როგორც შემდეგ გაირკვა, 2016 წლის ზაფხულიდან გამოძიების ფედერალური ბიურო, სერიოზულ გამოძიებას აწარმოებდა ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების თაობაზე, მაგრამ კლინტონის იმეილების სკანდალისგან განსხვავებით (როცა კლინტონი სამსახურებრივი მიმოწერისთვის საკუთარ, პირად ფოსტას იყენებდა) კომს არ უცდია, რომ გამოძიების შედეგები ფართოდ გაეცნო ამერიკული საზოგადოებისთვის.

თუმცა, ტრამპის არჩევის შემდეგ, გამოძიების შესახებ ინფორმაციები ძალიან ხშირად ხვდება ამერიკულ მედიაში...

- დიახ, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკის ფედერალური ბიურო უკვე ინტესიურად აქვეყნებდა ინფორმაციებს მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელსაც უნდა დაედგინა ტრამპის გუნდის შესაძლო უკანონო კავშირები რუსეთთან. ჯეიმს კომის გადადგომამდე ერთი კვირით ადრეც, ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორი გამოვიდა განცხადებით, რომ მან ადრევე გააფრთხილა ტრამპის ადმინისტრაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ჰქონდა საკმარისი ფაქტები უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩევლის მაიკლ ფლინის შანტაჟირებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც გამოძიება შედიოდა ძალიან ინტენსურ ფაზაში, ტრამპმა მოქმედი გენერალური პროკურორის - ჯეფ სეშენსის რეკომენდაციით თანამდებობიდან გადააყენა გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი, რასაც მოჰყვა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება ამერიკულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში. ეს ის ჯეფ სეშენსია, რომელმაც სენატში მოსმენებისას განაცხადა, რომ მას არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ წრეებთან, ხოლო როგორც შემდეგ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, ის ორჯერ შეხვდა სწორედ სკანდალურად ცნობილ რუსეთის ელჩს - სერგეი კისლიაკს, რომელსაც ამერიკის უსაფრთხოების სამსახურები რუსეთის მთავარ ჯაშუშად და ახალი ჯაშუშების გადაბირებაში მთავარ მოქმედ პირად იცნობენ და რომელსაც სულ ახლახანს შეხვდა ტრამპი საკუთარ კაბინეტში, რაც, გასაგებია, რომ გახდა ძალიან დიდი სკანდალის და უკმაყოფილების მიზეზი ამერიკაში.

თავად ლავროვთან შეხვედრას ასე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება არ მოჰყოლია. ტრამპმა კმაყოფილება გამოხატა ამ შეხვედრით, ისევე როგორც ლავროვმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ტრამპიც და ტილერსონიც არიან საქმიანი ადამიანები და ნებისმიერ ურთიერთობებს პრაგმატული პრიზმიდან უყურებენ.

ლავროვის შეხვედრის დასრულებისთანავე, ტრამპი ხვდება ჰენრი კისინჯერს. როგორ ფიქრობთ, შეხვედრის თემა იყო მხოლოდ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა, რადგან მანამდე შეხვდა საქართველოს პრემიერს, ასევე დაგეგმილი იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა?

- სხვათა შორის ამერიკული მედია ხუმრობდა, როდესაც ჟურნალისტები და ფოტო-რეპორტიორები მიიწვიეს ტრამპის კაბინეტში სურათის გადასაღებლად, მათ ეგონათ, რომ ლავროვისა და ტრამპის შეხვედრა უნდა გადაეღოთ, ხელთ კი კისინჯერი და ტრამპი შერჩათ. ჰენრი კისინჯერი, რომელიც ცნობილია, როგორც 1970-80-იანი წლების მსოფლიოს არქიტექტორი, რომელმაც დაალაგა ამერიკისა და ჩინეთს შორის უაღრესად გართულებული ურთიერთიერთობები, რომელიც ცივი ომის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადატვირთვის პოლიტიკის ავტორად გვევლინება, არის დღეს მოქმედი მსოფლიო პოლიტიკური აზრის საუკეთესო წარმომადგენელი.

და როგორც ჩანს, ის ძალიან გავლენიანი ადამიანია ტრამპის კარზეც და დღემდე ინარჩუნებს საუკეთესო ურთიერთობას, როგორც ჩინეთის, ასევე რუსეთის როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ პირველ პირებთან.

ტრამპთან ამ შეხვედრამე კისინჯერი შეხვდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ კისინჯერია შუამავალი ამერიკა-ჩინეთს შორის კორეის საკითხზე. კისინჯერი ფიქრობს, რომ მიუხედავად კონკურენციისა, ჩინეთსა და ამერიკას შორის არის პარტნიორობის რესურსი და მათ ერთად შეუძლიათ იარონ აღმშენებლობის გზაზე. როგორც ჩანს, კისინჯერია ჩინეთისა და რუსეთის ლობისტი ტრამპის კარზე.

ჩვენთვის მრავლისმთქმელია მისი პოზიცია პუტინის რუსეთისა და ზოგადად მრავალპოლუსიანი სამყაროს მიმართ. ძალიან ბევრი მოქმედი ამერიკელი პოლიტიკოსისგან და პოლიტოლოგისგან განსხვავებით, კისინჯერს მიაჩნია, რომ ამერიკისა და რუსეთს შორის ძალთა ბალანსი ხელს შეუწყობს გლობალურ სტაბილურობას.

ის პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი უნდა აღვიქვათ როგორც არსებითი ელემენტი ნებისმიერი გლობალური განვითარებისა და არა, როგორც საფრთხე ამერიკისთვის. საინტერესოა, რომ მას ცალკე აღებული არც ჩინეთი და არც რუსეთი არ მიაჩნია ამერიკის საფრთხედ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამერიკისთვის რეალური საფრთხე რუსეთ-ჩინეთის კავშირია. ამიტომ, ის ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკა უნდა მიემართოს იმისათვის, რომ რუსეთ-ჩინეთის ალიანსი არ შედგეს.

სანაცვლოდ, ის მოუწოდებს ამერიკას სამპოლუსიანი სამყაროს ფორმირებისკენ და აღიარებისკენ...

- ის ამბობს, რომ ამერიკას აღარ აქვს რესურსები და აღარც უნდა ხარჯოს რესურსები იმისათვის, რომ იყოს მსოფლიოს ერთადერთი სუპერ სახელმწიფო, მან ეს ტვირთი სამპოლუსიან სამყაროზე უნდა გადაანაწილოს ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით. გარდა ამისა, ძალიან განსხვავებულია კისინჯერის ხედვა იგივე უკრაინის სტატუსთან მიმართებაში, იმავე ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში გავრცელებული ხედვისგან. იგი უკრაინას განიხილავს როგორც რუსეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ რგოლს და არა როგორც დაპირისპირების ფორპოსტს რომელიმე მხარისათვის. კისინჯერის დოქტრინის თანახმად, უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური ქვეყანა და შესაბამისად, უნდა დაემშვიდობოს მინიმუმ ნატოში გაწევრიანების და დიდი ალბათობით ევროკავშირში გაწევრიანების სურვილსაც.

როგორ ფიქრობთ, მიიღებს დასავლეთი კისინჯერის ხედვას უკრაინასთან მიმართებაში და საერთოდ, რამდენად რეალურია მისი ხედვა?

- რამდენად რეალურია ეს სხვაა, მაგრამ მისი დოქტრინა სრულიად ცვლის მსოფლიოში დღეს არსებულ ძალთა ბალანსს. ჯერჯერობით კისინჯერი უმცირესობაშია თავისი იდეებით, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ მას უდიდესი გავლენა აქვს ტრამპის კარზე.

კისინჯერისთვის მთავარია საერთაშორისო წონასწორობა და ამ მიზნისკენ სავალ გზაზე დემოკრატია და ადამიანის უფლებები ნაკლები მნიშვნელობისაა. ეს სწორედ ის საკითხია, სადაც ტრამპი და კისინჯერი ერთმანეთს კარგად უგებენ. ტრამპმა საარჩევნო კამპანიისას არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა თუნდაც პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს და უნდა დაემშვიდობოს დემოკრატიის მთავარი დამცველის როლსო.

როდესაც თურქეთში სავარაუდო სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან გვქონდა საქმე, ტრამპს სთხოვეს შეფასება, მან მხარი დაუჭირა ერდოღანის ხელისუფლებას და სწორედ მაშინ თქვა, რომ ამერიკამ თავი უნდა დაანებოს პარტნიორი ქვეყნების საქმეებში ჩარევას.

ამერიკის განვითარების სააგენტომ 40%-ით შეამცირა საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება და არა მარტო საქართველოსთვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის გავრცელების კუთხით, ამერიკის საგარეო დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ბიუჯეტის პროექტი მოარგო ტრამპის ხედვას?

- ერთი რამ, რაც ჩვენთან მიმართებაში არის ძალიან საინტერესო, საქართველოს პრემიერისა და ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური პირების შეხვედრის ამსახველ არც ერთ ინფორმაციაში, სიტყვა „დემოკრატია“ ხსენებული არ იყო. მე არ მახსენდება საქართველოს ოფიციალური პირების შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან, სადაც ხაზი არ გაესვათ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ნიშანდობლივი მოვლენა, რომ შეხვედრებისას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე არ უსაუბრიათ, ყოველ შემთხვევაში, ამის გასაჯაროება არ უცდიათ.

ეს რას ნიშნავს?

- ეს ნიშნავს, რომ დემოკრატული ინსტიტუტები და დემოკრატიული მართვის მოდელი საქართველოში ჩვენი საზოგადოების დასაცავია. ტრამპის ადმინისტრაცია მიიღებს დემოკრატიის იმ ხარისხს, რა ხარისხითაც მისაღები იქნება ის საქართველოს მოსახლეობისთვის. ამიტომ, ამ შემთხვევაში ყველაფერი საქართველოს საზოგადოების სიმტკიცეზე და სიმწიფეზეა დამოკიდებული.