13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა ჟონგ შანმა.
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, ბრენდები, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი სრულად, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, სადენები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა. მოკლე ისტორია ასეთია:
• 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
• 2015 წლის 10 დეკემბერს ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
• 2016 წლის 22-23 თებერვალს თბილისში გაიმართა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. სულ გაიმართა მოლაპარაკებების სამი რაუნდი და ორი სამუშაო შეხვედრა.
• 2016 წლის 6-10 სექტემბერს გაიმართა მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი პეკინში, რომლითაც მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების ძირითად ნაწილზე.
• 2016 წლის 5 ოქტომბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძირითადი ნაწილის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითიც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოლაპარაკებების ოფიციალური ნაწილის დასრულება.
ზემოთაღნიშნული რაუნდების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილის დასრულება გათვალისწინებული იყო 2016 წლის ბოლოსთვის, თუმცა მხარეებს შორის ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებების ძირითად ნაწილზე შეთანხმება მიღწეულ იქნა სამ რაუნდში.
საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის. ამას ადასტურებს იმ სახელმწიფოების სავაჭრო სტატისტიკაც, რომლებსაც გაფორმებული აქვთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები, მაგალითად:
ა) ჩინეთი-ჩილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდგომ (ხელი მოეწერა 2005 წელს, ძალაში შევიდა 2006 წელს) ჩილეს ექსპორტი ჩინეთში 2006-დან 2014 წლის პერიოდში საშუალოდ, წლიურად გაიზარდა 20%-ით (2014 წლის ექსპორტის მონაცემები 132%-ით აღემატება 2006 წლის მაჩვენებელს). ამასთან, საგარეო სავაჭრო ბალანსის საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 19%, ჩილეს ჩინეთთან აქვს დადებითი სავაჭრო სალდო, რომელიც 2006 წლიდან საშუალოდ 327%-ით გაიზარდა. ჩინეთიდან ჩილეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 2012 წელს შეადგინა 76 მლნ. აშშ დოლარი, რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება 2006 წლის მონაცემებს. მთლიანად ინვესტიციების ზრდამ ჩილეში 2012 წელს 2006 წელთან შედარებით 208% შეადგინა.
ბ) ჩინეთი-ახალი ზელანდიის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (ხელი მოეწერა და ძალაში შევიდა 2008 წელს). 2008-2014 პერიოდში ახალი ზელანდიის ექსპორტის საშუალო წლიურმა ზრდამ ჩინეთში 30% შეადგინა, ჩინეთიდან იმპორტი ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ გაიზარდა 9%-ით. ამასთან, საგარეო სავაჭრო ბალანსის საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 17%.
2005 წლის შემდგომ, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან ახალ ზელანდიაში 2012 წელს პირველად განხორციელდა და 409 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ახალ ზელანდიაში მთლიანად ინვესტიციების ზრდამ 2012 წელს 2008 წელთან შედარებით 53% შეადგინა.
გ) ჩინეთი-სინგაპურის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (გაფორმდა 2008 წელს, ძალაში შევიდა 2009 წელს). 2009-დან 2014 წლებში სინგაპურიდან ჩინეთში ექსპორტის საშუალო ზრდამ შეადგინა 10%. ხოლო ჩინეთის ექსპორტი სინგაპურში საშუალოდ 7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას სინგაპურში, ზოგადად FDI გაიზარდა 36%-ით, ხოლო სინგაპურში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები 44%-ით
დ) ჩინეთი- პერუს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (გაფორმდა 2009 წელს, ძალაში შევიდა 2010 წელს). 2010-დან 2014 წლებში პერუდან ჩინეთში ექსპორტის საშუალო ზრდამ 13% შეადგინა.
ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან და მათ სიას საქართველოც დაემატება.
***
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნა საელჩო თბილისში. ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.
ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.
2017 იანვარ-მარტის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 175.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.24%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ბრუნვის მიხედვით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა, საქართველოს მთლიან ბრუნვაში 7.7%-იანი წილით.
2016 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 717,1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,6%-ით აღემატება გასული წელის მაჩვენებელს. ბრუნვის მიხედვით ჩინეთი მე-3 ადგილზეა საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, საქართველოს მთლიან ბრუნვაში 7.6%-იანი წილით.
2017 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით, საქართველოდან ჩინეთში განხორციელდა 3.87 მლნ. აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი, რაც 232%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2016 წელს საქართველოდან განხორციელდა 13,95 მლნ. აშშ დოლარის ღვინის ექსპორტი ჩინეთში, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ექსპორტი საქართველოდან:
2010 - 222 055
2011 - 582 626
2012 -1 203 322
2013 – 898 432
2014 – 1 205 898
2015 – 2 672 154 (ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122% შეადგინა)
2016 – 5 299 149 - (ზრდამ 2015 წელთან შედარებით 98% შეადგინა)
2017 - იანვარ-აპრილი - 2 391 981 ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 207% შეადგინა.
2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, ქართული ღვინო მონაწილეობს ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში ეწყობა ღვინის ტურები და ა.შ.
ჩინეთში გახსნილია 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია, სალონი.პირველი ღვინის სახლი გაიხსნა 2015 წლის ივლისში სინძიანის პროვინცის ქალაქ ხორგოსში. ამჟამად, ქართული ღვინის ობიექტები გახსნილია სინძიანის, ჭეზიანგის, ძიანცის და გუანჯოუს პროვინციებში და ქალაქ შანხაიში.
***
საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ფორმატია მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, სადაც განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში ისეთ სექტორებში როგორიცაა მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა.
ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციები პირველად 2002 წელს განხორციელდა. მას შემდეგ 2016 წლის ჩათვლით სულ 495 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
საქართველოში წარმოდგენილი ჩინური კომპანიებიდან აღსანიშნავია „ჰუალინგ ჯგუფი“ - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, უძრავი ქონების და ფინანსურ სექტორში. „ჰუალინგ ჯგუფმა“ განავითარა მის საკუთრებაში არსებული 420 ჰექტარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე („თბილისის ზღვის პლაზა“, Tbilisi Sea Residence და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi. ჯგუფი ასევე გეგმავს მეორე პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობას ქ. თბილისში, ჭანტურიას N 12-ში)
კომპანიამ ასევე განავითარა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქ. ქუთაისში რომელიც მოიცავს 36 ჰექტარს. საინვესტიციო მოცულობა აღემატება 30 მლნ აშშ დოლარს. „ჰუალინგ ჯგუფი“ ასევე წარმოდგენილია ფინანსურ სექტორში - ფლობს აქციების 95%-ს ბაზისბანკში.
CEFC China Energy Company Limited - უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელიც აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებით. კომპანიას საბაზრო ფასად გადაეცა ქ. თბილისში, აღმაშენებლის 138 ნომერში არსებული ქონება, 2019 წლამდე ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შესაქმნელად.
***
მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა თბილისი-პეკინის მიმართულებით, ურუმჩის გავლით, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბრიდან ხორციელდება კვირაში ორჯერ. იმის მიუხედავად, რომ თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 2011 წლიდან ხორციელდება ფრენები, პეკინის მიმართულებით ფრენების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებას და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 3,277 ერთეული მგზავრი, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.7%-ით მეტია. რაც შეეხება 2016 წელს, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 15,878 ერთეული მგზავრი, რაც 2015 წელთან შედარებით 1.2%-ით მეტია.
***
ჩინეთი წარმოადგენს საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის კუთხით. აღსანიშნავია, რომ ორივე სახელმწიფოს გააჩნია მდიდარი ისტორია და ტრადიციები.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩინელ მოგზაურებს შესთავაზოს საკმაოდ კონკურენტული ტურისტული პაკეტები, მათ შორის პრემიუმ-კლასის სათხილამურო და დასასვენებელი, ღვინის, გასტრონომიული და კულტურული ტურიზმის მიმართულებები.
ტურისტული ნაკადის ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ორ ქვეყანას შორის სისტემატური პირდაპირი ფრენების არსებობით, რომლებიც ხორციელდება ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის მიერ (თბილისი-ურუმჩი-პეკინი, კვირაში 2 რეისი).
საქართველოს მხარე აქტიურად მუშაობს ჩინეთში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის კუთხით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ჩინეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „COTTM“, რომელიც იმართება ქალაქ პეკინში. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სისტემატურად მასპინძლობს პრესტურებს ჩინური მედიის წარმომადგენლებისა და ტუროპერატორებისათვის.
2016 წლის მაისში მხარეთა შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, ქვეყნებს შორის ტურიზმის სფროში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციას შორის.
2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წელს ჩინეთიდან შემოვიდა 13 973 ვიზიტორი, რაც 46%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2015 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან გვესტუმრა 9 552 ვიზიტორი, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
***
2015 წლის 9 მარტს, ქ. პეკინში, ხელი მოეწერა მემორანდუმს „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის“ თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა.
შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა, ვინაიდან იგი გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივით, „ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების პროექტის ხელშესაწყობად შექმნილია აბრეშუმის გზის ფონდი 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კაპიტალით. ფონდის დანიშნულებაა აბრეშუმის გზის პროექტის მონაწილე ქვეყნებში მსხვილ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა.
„ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტის ფარგლებში, 2015 წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა, რომელმაც ხუთჯერ შეამცირა სატრანზიტო დრო საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით. (თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვიდა).პროექტი საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის თანამშრომლობითა და ჩინეთის პროვინცია სინძანის ხელშეწყობით განხორციელდა.
ჩინეთიდან უმოკლესი გზით პირველი სარკინიგზო მატარებლის შემოსვლა შეფასდა, როგორც საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდისა და ახალი ბიზნესების განვითარების კუთხით ახალი ეპოქის დასაწყისი.
შემდგომში, მთელ ეკონომიკურ სარტყელზე, აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთანბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გამოყენებით მთლიანად შეიკვრება ერთიანი, დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონში საქართველოს როლს ეკონომიკური დანიშნულების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის.
პროექტის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით.
***
2015 წლის 15 და 16 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟითა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თანაორგანიზატორობით, გაიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელსაც 34 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში 30-მდე ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანს საქართველოს მიმართულებით დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილეობა და სხვა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების განხილვა წარმოადგენდა.
ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თბილისში ჩატარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველო თანდათანობით ხდება რეგიონალური ცენტრი სავაჭრო და საქმიანი საქმიანობისთვის. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველომ შექმნა გარდამავალი ქვეყანა მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებით, სადაც ბიზნესის კეთება კომფორტული და ადვილია (საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე -16 ადგილზეა). საქართველოს აქვს ეფექტური საჯარო მომსახურება, დივერსიფიცირებული და შეღავათიანი საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.
ფორუმი „სარტყელი და გზა“ 2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისში მეორედ გაიმართება.