[გიორგი ბექაური]
„ბოსტნეულის გრიპმა“ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერა, მაგრამ ქართველი ფერმერები გვარიანად შეაშფოთა. მართალია საქართველოში ინფექცია „იკოლი“ აღმოჩენილი არ არის, მაგრამ მომახრებლები კიტრს მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. ამას გადამყიდველების ნაბიჯი მოჰყვა და საბოლოო ჯამში, გლეხებს პროდუქცია კატასტროფულად გაუიაფდათ.
ნაწლავური ინფექციით „იკოლით“ გერმანიაში კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 35-ს მიაღწია. გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შვედეთშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინფიცირებულთა რიცხვი ევროპის 14 ქვეყანაში, ასევე კანადასა და აშშ-ში 3200 აღემატება.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზარდოს. თუმცა ის, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდა, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
მეცნიერების ვერსიით, ვირუსის გავრცელების მიზეზი ქვედა საქსონიის ერთ-ერთ ფერმაში წარმოებული მარცვლოვანი კულტურებია. მანამდე გერმანელი სპეციალისტები ვირუსის გამავრცელებლად ესპანეთიდან იმპორტირებულ კიტრს ასახელებდნენ.
როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექიმ ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა ჯერჯერობით, საქართველოში „იკოლის“ ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მთავარი, რითიც შეუძლია მოქალაქეებს ინფექციისგან თავი დაიცვან, ეს არის ჰიგიენური ნორმების სრული დაცვა, პროდუქტის კარგად გარეცხვა და მომზადება.
მწვავე ნაწლავური ინფექციით საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი ავადდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ახლაც ამ დიაგნოზით 20-30-მდე პაციენტი მკურნალობს.
„იმის თქმა, რომ ეს ინფექცია რაიმე კონკრეტულ პროდუქტით ვრცელდება, არასწორია, რადგან თვითონ ევროპაშიც ვერ დაადგინეს, რამ გამოიწვია მისი გავრცელება. თავიდან ითქვა, რომ კიტრით გავრცელდა, შემდეგ სხვა პროდუქტებზე მიტანეს ეჭვი. ამ დრომდე დადგენილი არ არის, რა გახდა ეპიდემიის წყარო.
ამიტომ, ჩვენი მხრიდან, რაიმე რეკომენდაციის გაცემა, რომ საქართველოში რომელიმე პროდუქტის შემოტანა შეიზღუდოს, საჭიროებას არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩვენთან არც კიტრი შემოდის და არც სხვა ბოსტნეული“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
თუკი „იკოლმა“ ქართველი ექიმები ვერ შეაშფოთა, სამომხმარებლო ბაზარზე მაინც შეიტანა დისონანსი. ბოლო დღეებში ქართულ ბაზარზე კიტრის საბითუმო ფასი რეკორდულად ეცემა. ფერმერების ნაწილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირაა რეალიზაცია თითქმის მთლიანად არის გაჩერებული. მათივე მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის საკოლმეურნეო ბაზრობებში კიტრის ფასი ლარზე დაბლა არ დაფიქსირებულა, საბითუმო მოვაჭრეები ფერმერებს კილოგრამში მხოლოდ 10 თეთრს სთავაზობენ.
ფერმერები კიტრზე მოთხოვნის შემცირების ერთ–ერთ ძირითად მიზეზად ევროპაში გავრცელებულ ე. წ. „ბოსტნეულის გრიპს“ ასახელებენ. „იკოლის“ ბაქტერიისგან გამოწვეული ინფექციით ევროპაში 3200-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. სპეციალისტები დაავადების გავრცელების წყაროდ გერმანიაში, საქსონიის ერთ-ერთი ფერმის პროდუქციას ასახელებენ. ე.წ. „ბოსტნეულის გრიპის“ გამო, ევროპელმა ფერმერებმა წინასწარი მონაცემებით, 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი ნახეს.