ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით, საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში იმყოფება. ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე კი საზღვარგარეთ გადახვეწილია. შობადობის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164–ე ადგილზეა. გაზრდილია სიკვდილიანობის დონე, განსაკუთრებით – ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის პარტიის მტკიცებით, საქართველო დემოგრაფიული კატასატროფის ზღვარზე იმყოფება.
პარტიის მთავარი საბჭოს წევრის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, „დღეისათვის ქვეყანაში არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხეებიდან დემოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია, რადგან გაეროს მსოფლიო ფონდის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ქართველ ექსპერტთა გათვლებით, საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი“.
“ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთი მილიონით შემცირდა, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე კი ემიგრაციაშია და ემიგრაციის პროცესი ამჟამადაც გრძელდება. შობადობა მკვეთრად დაეცა. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა გაიზარდა, ისევე, როგორც ნარკომომხმარებელთა რიცხვი. უარესდება კრიმინოგენული სიტუაციაც” – აცხადებს სოფრომაძე და დასძენს:
“დარღვეულია შიდა და გარე მიგრაციული პროცესები, მაღალია იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და მძიმეა მათი უმრავლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღინიშნება უარყოფითი მიგრაციული სალდო, მძიმეა საქართველოდან გასული მიგრანტების უდიდესი ნაწილის ხვედრი, აღინიშნება მოსახლეობის ეკონომიკუად აქტიური ნაწილის შემცირება, იზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სივრცული განაწილების დისბალანსი, ხდება მთიანი რეგიონის დეპოპულაცია (2002 წლის აღწერით 162 საზღვრისპირა სოფელი პრაქტიკულად ცარიელია), მძიმდება კრიმინოგენული სიტუაცია (2003 წელს - 8110 მსჯავრდებული, 2008 წელს - 20804), იზრდება ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი (30 000-მდე მომხმარეველი), მძიმეა საქართველოდან გასული მიგრანტების უდიდესი ნაწილის ხვედრი”.
მისივე თქმით, საქართველოს, ერთის მხრივ, გააჩნია დაბალგანვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პრობლემები და მეორეს მხრივ, ხასიათდება განვითარებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევით, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს.
„დემოკრატიულ მოძრაობას“ დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზად ქვეყნის დემოგრაფიული პროგრამის შემუშავება, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახების ხელშეწყობა, ახალშობილთა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვისათვის ზრუნვა, ეკონომიკის განვითარება, მაღალმთიანი რეგიონებისა გაუკაცრიელების პროცესის შეჩერება და საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან სისტემატიური საქმიანი კონტაქტი ესახება.
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს ამა თუ იმ სახის დემოგრაფიული პრობლემა, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, რომ ეს პრობლემა ეროვნული საფრთხის მატარებელია”, – აცხადებენ „დემოკრატიულ მოძრაობაში“.
საქართველოში ფონი იმითაა გართულებული, რომ აქ დღეისათვის ერთდროულად დგას როგორც მოსახლეობის შემცირების, ისე დაბერების ზრდის პრობლემა. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის სიჭარბე, ხოლო დაბერება განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების მახასიათებელია.
შობადობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზეა. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (ერთი ქალის მიერ სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა) 1,4-1,7-ის ფარგლებშია (მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით) ანუ საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს.
გაზრდილია სიკვდილიანობის დონე, განსაკუთრებით – ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში. დღეისათვის ის 1000 ცოცხლად დაბადებულზე 25-ის ფარგლებშია, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 3-4-ს არ აღემატება. სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია სიკვდილიანობის მეტობა შობადობაზე. მთლიანობაში მოცემულ პროცესს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მილიონით შემცირება მოჰყვება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში რეალობა იმაზე უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე პროგნოზებშია მოცემული.
შექმნილ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს მიგრაციული პროცესების ინტენსივობა. 1990-2006 წლებში განსხვავება ჩამოსულებსა და ქვეყნიდან გასულებს შორის უარყოფითი იყო და დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა. დღეისათვის ეთნოკონფლიქტებით გამოწვეული გარე მიგრაციის შედეგად 105 000 ემიგრანტიდან მხოლოდ უმცირესობას აქვს ოფიციალური ლტოლვილის სტატუსი.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების შედეგად, ქვეყნიდან 800 000 მოქალაქეა გასული. უმძიმესია ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მათი რიცხვი საქართველოს მთელი მოსახლეობის 6%-ია და 2009 წლის მონაცემებით 260 000-ს შეადგენს.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს აღრმავებს ის გარემოება, რომ იზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სივრცული განაწილების დისბალანსი, ხდება მთიანი რეგიონის დეპოპულაცია (162 საზღვრისპირა სოფელი პრაქტიკულად ცარიელია), უარესდება კრიმინოგენული სიტუაცია, იზრდება ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი.
“ხელისუფლებამ პრობლემა ვერ აქცია საზოგადოებრივი განსჯის საგნად, ვერ ჩამოაყალიბა ერის ფიზიკური გადარჩენის სტრატეგია და პოლიტიკა, თავიც არ შეიწუხა ამ ეროვნული სატკივარით; უფრო მეტიც, რიგი სახელმწიფო პროგრამების გაუქმება ან შემცირება პრობლემისადმი ანტიეროვნული დამოკიდებულების მაჩვენებელია.
ცხადია, რომ ამ უსერიოზულესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში აუცილებელია არსებული დემოგრაფიული ვითარებისა და ტენდენციების სრულყოფილი ანალიზი, ახლო და შედარებით შორეული პერსპექტივების პროგნოზირება; ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება”, – აცხადებენ ბურჯანაძის მოძრაობაში.
ამასთან ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.
გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, არსებული მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ პერიოდშივე 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირებულია. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, არსებული მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.
სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება, არამედ, სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას შუძლია.
საგულისხმოა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, ბუნებრივი მატების თვალსაზრისით საქართველოსთვის სარეკორდო იყო 1963 წელი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დაიბადა 106 000 ბავშვი. და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა პიკურ მაჩვენებელთან შედარებით მილიონნახევრით ნაკლები იყო.