საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ასევე დიდი პრობლემაა უწყვეტი ზოლის გადაკვეთა და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა. რამდენად შემცირდება ჯარიმების გაზრდით დარღვევების რაოდენობა, ეს მალე გამოჩნდება. ქვეყანაში არსებული სოციალური პირობებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჯარიმების მოცულობა ამ ეტაპზეც საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს საქმეს რომ არ შველის, აშკარა და ყველასათვის ნათელია.
2016 წელს სიჩქარის გადაჭარბების 1434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა, 2025-მა კი, დაზიანება მიიღო. შარშან 200 000 ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო.
„ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარეს წარმოადგენს 50 კმ/სთ-ში, საქართველოში კი 60 კმ/სთ-ში (კანონი 15 კმ/სთ-ში დამატების უფლებას გვაძლევს). 50 კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80 კმ/სთ შეჯახება დაღუპვის რისკს 60%-მდე ზრდის.
საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50 კმ/სთ-იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30 კმ/სთ“, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.
მძღოლების დაუმორჩილებლობის შესახებ საუბრობენ არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ საგზაო დეპარტამენტშიც.
„ავარიების ძირითადი მიზეზი არის გადაჭარბებული სიჩქარე და გასწრების წესების დარღვევა. პატრულიც და ჩვენც, ჩვენი კომპეტენციის მიხედვით, ვცდილობთ გზებზე უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ თუ მძღოლი არ დაემორჩილა ამ წესებს, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს.
პირველ რიგში მძღოლების მხრიდან უნდა იყოს დაცული ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ გზებზეა დაწესებული. ვთხოვ ახალგაზრდა მძღოლებს და ზოგადად ყველა მძღოლს, გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა, სულ მცირე გადაცდომის და საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის უმნიშვნელო გადაჭარბების გამოც კი თვითმკვლელები ან მკვლელები გახდნენ. მიაქციეთ ნიშნებს ყურადღება“, – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ.
საქართველო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ევროპაში ლიდერი ქვეყანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად 581 პირი დაიღუპა და 9951 ადამიანი დაშავდა. რაც შეეხება ქვეითებს, გზებზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაა.
საავტომობილო სფეროს ექსპერტი დავით მესხიშვილიც ეთანხმება საერთო შეფასებას. მისი აზრით, ავტოავარიების გახშირების მთავარი მიზეზი ქალაქში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაა.
„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას პრობლემა ჯარიმების გამკაცრებით მოეგვარებინა, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან კანონმდებლობა, პირიქით, ბევრად უფრო ლოიალური გახდა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. ეს კიდევ ყველაფერი არ არის - თუ ფული გაქვთ, შეგიძლიათ, მშვიდად გადააჭარბოთ სიჩქარეს, რადგან ჩამორთმეული მართვის მოწმობის აღდგენა ახლა სულ რაღაც 500 ლარი ჯდება. მეორე მთავარი მიზეზია ზოლიდან ზოლში გადასვლის დროს მოხვევის მაჩვენებლის ჩაურთველობა, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, გასწრება იქ, სადაც არ შეიძლება“, აცხადებს მესხიშვილი.