ახალი კონსტიტუცია ხიდაშელისთვის „მხედრიონთან“ ასოცირდება

ახალი კონსტიტუცია ხიდაშელისთვის „მხედრიონთან“ ასოცირდება

მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. ევროკავშირის ელჩი შეფასებით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

როგორც იანოშ ჰერმანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაზე განაცხადა, ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა დღის წესრიგში არსებულ საკითხთან მიმართებაში სხვადასხვა მოსაზრებები.

„არ მსურს დეტალებში ჩაძიება. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ახლა განხილვების დროა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს. ამ კუთხით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ ყოფნა და სხვადასხვა აზრის მოსმენა“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კონფერენციას დაესწრო დეპუტატების ნაწილი, ასევე უმცირესობა, არასაპარლამენტო ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ცვლილებები არ არის გამიზნული იმისთვის, რომ კონსტიტუცია გახდეს უფრო სამართლიანი, არამედ ცდილობენ, რომ ის მოარგონ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს. საკონსტიტუციო ცვლილებები გამოიწვია ერთმა ადამიანმა და ეს ადამიანი არის - გიორგი მარგველაშვილი.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ავლაბრის სასახლეში გამართული კონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა უმრაველოსობას, როცა საქმე ეხება თავდაცვისუნარიანობას, გვერდზე გადადონ პოლიტიკური თამაშები და პიროვნული ურთიერთობები.

„იმდენად პიროვნულად იქნა მიბმული, რომ პრეზიდენტს აქვს უშიშროების საბჭო, პრემიერმა შექმნა უსაფრთხოების საბჭო, რომ რაღაცნაირად არაპოლიტიკურად და არადახვეწილად წარიმართა პროცესი. მინისტრი მოვა თუ არ მოვა, პრემიერი დაესწრება თუ არ დაესწრება, ამ რეჟიმში გადავიდა წლების განმავლობაში საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ანგელოზის დღეზე იყო საუბარი და რომელი მინისტრი მიულოცავდა პრეზიდენტს ანგელოზის დღეს.

ჩვენ ამ თემებზე და ამ სტილით ურთიერთობა შეგვიძლია გავაგრძელოთ მიუხედავად იმისა, რომ ის სტილი არ მომწონს, მაგრამ ამ სფეროში მოვუწოდებ ყველას, გვერდზე გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური თამაშები, პიროვნული ურთიერთობები. ეს სფერო დავტოვოთ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების კუთხით ეფექტური გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

უშიშროების საბჭოს მდივანი ვარაუდობს, რომ შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით „სხვა შეიარაღებული“ ძალების შექმნის საფუძველი არ არის დადგენილი, ასევე არ არის დადგენილი მათი გამოყენების საფუძველი.

„ჩნდება შესაძლებლობა სამხედრო და „სხვა შეიარაღებული ძალები“ გამოყენებული იქნას არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, არამედ „უსაფრთხოების სხვა ამოცანების“ უზრუნველსაყოფად, მაგალითად, საპროტესტო აქციების დასაშლელად“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

კონფერენციაზე, დავით რაქვიაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და განმარტა, რომ ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად საჯარისო დანაყოფებს არ იყენებს.

„ვფიქრობ, რომ არგუმენტების მოყვანა, თითქოს არასათანადოდ შეიძლება იქნას გამოყენებული სხვა შეიარაღებული ძალები, საფუძველს მოკლებულია. საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს და ხელისუფლებას ჰყავს სხვა დანაყოფები და სხვა სტრუქტურები. შესაბამისად, იმის დაშვება, რომ არასათანადოდ საჯარისო შენაერთები იყოს გამოყენებული, არ მგონია, რომ საფუძვლიანი არგუმენტია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სფეროში სუბორდინაციის სისტემა, რომელიც არის მშვიდობიანობის დროს, შენარჩუნდება საომარი მოქმედებების დროსაც. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობამ და სამინისტროებმა, რომლებიც მშვიდობიანობის დროს მართავენ თავდაცვის სისტემას, ეკონომიკას, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, საგარეო ურთიერთობებს და ჯანდაცვის სისტემას - ყველაზე უკეთ იციან თოთოეულ ამ სფეროში როგორია მზაობის დონე.

აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ საომარი ვითარების დროსაც მათი მონაწილეობა ერთიანი პასუხის ფორმირებაში და ვითარების მართვაში ლოგიკური და აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალი პროექტით, პრეზიდენტი იქნება ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე - მას რჩება მნიშვნელოვანი სტატუსი.

პრეზიდენტის სასახლეში, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის მოდელი იძლევა შესაძლებლობას, რომ ცუდი სახელმწიფო მმართველის ვითარებაში ახალი „მხედრიონი“ წარმოიქმნას.

თინა ხიდაშელის განცხადებით, კონსტიტუციის მოდელში არის ჩანაწერი სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ძალების შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, არ არის განმარტებული, თუ რა იგულისხმება სხვა შეიარაღებულ ძალებში.

„ეს ბუნდოვანება ქვეყნისთვის სასურველი არ არის. არ შეიძლება კონსტიტუცია რომელიმე ადამიანზე მორგებით ან მის წინააღმდეგ იწერებოდეს. ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ კეთილი ნების ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში და სულ კარგი და კეთილი სურვილები აქვთ. არ შეიძლება კონსტიტუციაში იყოს დებულებები, რომელიც ერთმანეთს გამორიცხავს, ან ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

როდესაც კონსტიტუციაში წერ, რომ შენ ხარ სამხედრო ძალები და სხვა შეიარაღებული ძალები, ამის შემდეგ განმარტავ, რომ სამხედრო ძალები რა არის და რა ვითარებაში გადაადგილდება და არც ერთ სიტყვას არ ამბობ, თუ რას ნიშნავს სხვა ძალები, აჩენ შანსს ცუდი მმართველის პირობებში ახალი „მხედრიონის გაჩენის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„მხედრიონის ხსენება დამაზიანებელია, პირველ რიგში, ეროვნული ინტერესებისთვის და ასევე იმ ოპოზიციური ძალისთვის, ვინც ეს განაცხადა“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თავდაცვის ყოფილი მინისტრს. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია.

„ეს არის ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. რეალურად, ეს ჩანაწერი ეკუთვნის ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს, რომელიც არ შედის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში. ეს ჩანაწერი სწორედ ამას არეგულირებს. რეალურად, ეს დანაყოფები დღესაც არსებობენ სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი სწორედაც რომ აწესრიგებს საკითხს. ეს არის უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დამოუკიდებელი ინსტიტუტების დაკომპლექტების წესი, ესენია - სასამართლო, სახალხო დამცველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, გენერალური აუდიტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ანუ იმ თანამდებობების პირები, რომელთა ინიცირებაც პარლამენტის შიგნით ხდება და პარლამენტივე ამტკიცებს.

„უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობას. თუ უმცირესობის რაღაც ნაწილი არ უჭერს მხარს დამოუკიდებელ ინსტიტუტებში კონკრეტული პირების თანამდებობაზე განწესებას, მაშინ ასეთი პირების თანამდებობაზე განწესება არ უნდა მოხდეს. ესენი არიან ფაქტობრივად არბიტრები და არბიტრის დანიშვნაში უნდა მონაწილეობდეს ორივე მხარე“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, საზოგადოება საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული კონსტიტუციის ხარვეზებზე და მის დადებით ასპექტებზეც. შესაბამისად, საზოგადოების აზრი ადეკვატურად უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტიტუციის პროექტში.

„მქონდა პატივი გურიაში დავსწრებოდი და მონაწილეობა მიმეღო საყოველთაო განხილვებში. პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე, კონსტიტუციის ხარვეზებზე და მის დადებით ასპექტებზე, რაშიც ნამდვილად მედიას ეთქმის მადლობა.

მეორე საკითხია მთავარი პრობლემური ასპექტები, რომლებსაც მოსახლეობა უსვამს ხაზს. მას ცხადია, ესმის, როგორც თითოეულ ჩვენგანს, რომ საარჩევნო სისტემა არის გადამწყვეტი კონსტიტუციური ჩარჩოსთვის. თუ ჩვენ გვექნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული, მივიღებთ ზედმეტად კონსოლიდირებულ ძალაუფლებას.

მაგრამ თუ ეს გამოსწორდება და იქნება პლურალისტური, ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების განწყობის ადეკვატურ ასახვას, მაშინ შესაძლოა, კიდევ უფრო კარგ ვითარებაში აღმოჩნდეს და პოზიტიური ასპექტებით ხასიათდებოდეს ჩვენი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვა ხარვეზებიც არის“, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.