დიდი ჰესი და უდიდესი პრობლემები

დიდი ჰესი და უდიდესი პრობლემები

[ეკა ბაქრაძე]

იმერეთში საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი ჰესი შენდება. თუმცა, დიდმა პროექტმა, რომლის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, უკვე წარმოშვა უდიდესი პრობლემები. გაურკვეველია 1000-მდე ადამიანის ბედი, 4 სოფელს წყალი შთანთქავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, „ნამახვანის“ კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება, დაახლოებით, 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ_კმ), აქედან სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი ტყეებია.

„ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები“, - ამბობს მანანა ქოჩლაძე.

ცნობილი ხდება, რომ სოფელ ჟონეთის, საკირისა და მამაწმინდის მოსახლეობა წყალტუბოში, იმ ახალ კორპუსებში დასახლდებიან, რომელთა მშენებლობაც დევნილი ოჯახების დასაკმაყოფილებლად დაიწყო. ოფიციალური პირები კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

მანანა ქოჩლაძის განცხადებით კი, განსახლების გეგმა ინვესტორს არ წარმოუდგენია. მისი ინფორმაციით, ინვესტორები სარგებლობენ ექსპროპრიაციის კანონით, რომლის მიხედვითაც განსახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი.

საინტერესოა, რა უნდა გააკეთოს სოფლის მოახლეობამ წყალტუბოში აშენებულ კორპუსებში. ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით და მესაქონლეობით ირჩენენ თავს, შესაძლოა, ოთხ კედელ შუა გამოკეტილები აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, წყალტუბო ბიზნესის მხრივაც არააქტიური ქალაქია. იქ არათუ ჩასახლებულებს, არამედ ძირძველ მოსახლეობასაც უჭირს ელემენტარული ყოფითი პირობებისთვის აუცილებელი შემოსავლის მოპოვება. „ნახევრად მკვდარ“ ქალაქში, აქტიური გლეხების ჩასახლება და მათი მიწას მოშორება, რა თქმა უნდა, მთავრობის მხარიდან უგუნური საქციელი იქნება.

„მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელის ნინო ჩხობაძის თქმით, ინვესტორები მოსახლეობის ნაწილს კომპენსაციას პირდება.  ჩხობაძის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი განსახლების წინააღმდეგია, ნაწილი კი სოლიდური კომპენსაციის მიღების იმედით ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„ეს 14 სოფელი ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ჩაასახლონ. ჯერ განსახლების გეგმა არ არსებობს. არის იკდევ სხვა ღირებულებები, ჩვენ ვკარგავთ მთლიანად ხეობას“, - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ჩხობაძე ირწმუნება, რომ „ნამახვანის“ პროექტი ტექნიკურად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, ჩხობაძის თქმით, ამ პროექტიდან საქართველოს ვერც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ვინაიდან ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თურქები საკუთარ ქვეყანაში წაიღებენ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი კი პრესასთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნულ პროექტზე პროფესიონალი ინჟინრები მუშაობენ.

„ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეიძლება უამრავი პრეტენზიები არსებობდეს, ამისთვის საჯარო განხილვები მოეწყობა. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხს, იგი ამ ეტაპზე რევიზიას გადის. კონსორციუმს მაღალი დონის ინჟინრები ჰყავს, რომლებიც ყველა საკითხს დეტალურად სწავლობენ“, - ამბობს ვალიშვილი.