უმრავლესობისთვის უსუფაშვილის შეთავაზება მიუღებელია

უმრავლესობისთვის უსუფაშვილის შეთავაზება მიუღებელია

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია მოწოდებულია, რომ ერთპიროვნული დიქტატურები და ერთპიროვნული ავტორიტარული მმართველობები არ ჩანაცვლდეს კოლექტიური ავტორიტარული მმართველობებით. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზებებით გამოდის.

უსუფაშვილის შეთავაზება ასეთია - საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე არ დადგეს, საშემოდგომო სესიამდე იურიდიულ კომიტეტში მისი დახვეწის გარეშე; საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წლის ივნისში ინიცირებულ და კენჭისყრისთვის მომზადებულ პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო სისტემას; საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.

„პრეზიდენტის ინსტიტუტი ვერა და ვერ ვაქციეთ იმად, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია - სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლოდ და გარანტად. ასე გაგრძელება უბრალოდ დაუშვებელია, არა ზვიადის, ედუარდის, მიშას, გიორგის მიმართ, არამედ ქართულ სახელმწიფოს მიმართ. ეს ერთნაირად უნდა გაითვალისწინონ მომავალმა ზვიად-გიორგებმაც და მთელმა საქართველომაც.

შექმნილ ვითარებაში სწორედ ამის გაუთვალისწინებლობა იქნება „ოცნების“ მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება. არის გამოსავალი. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელითვე, ერთი მხრივ, 2023 წლამდე ქვეყანას ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, მეორეს მხრივ გათვალისწინებულია გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური ცვლილებების ორი მოწვევის პარლამენტის მიერ მიღება. ამ ორი პოლიტიკური და სამართლებრივი მიდგომის ერთობლიობა იძლევა შესაძლებლობას 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სისტემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივანდოთ 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.

„ამ შემთხვევაში მინიმუმ 4 წლით ერთნაირად დაკმაყოფილდება დღეს არსებული ყველა მოთხოვნა და პოზიცია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება ხალხის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ვინაიდან 2020 წლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პოლიტიკური ძალები გვერდს ვერ აუვლიან ამ საკითხს“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ყოფილი სპიკერის შეთავაზებას არ ღებულობენ მმართველ გუნდში. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობას აქვს თავისი დღის წესრიგი, ეს არის საყოველთაო - სახალხო განხილვა და ეს იქნება საქართველოს პარლამენტი.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატები - ეს იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, ეს არის საყოველთაო - სახალხო განხილვა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტი. ამ ფორმატებში ვიმსჯელებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კონსტიტუციას და კონსტიტუციის თითოეულ მუხლთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ოპონენტები აპელირებენ საარჩევნო სისტემაზე, როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის არჩევნებთან მიმართებაში.

არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს ნებისმიერი სუბიექტურ ინტერესს ამ სფეროში, რადგან, ნებისმიერი მოდელის ფარგლებში მზად არიან არჩევნებში გამარჯვებისთვის.

„თუმცა, როცა საქმე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს, უნდა ითქვას, რომ დღევანდელ კონსტიტუციაში პრეზიდენტის ფუნქცია და არჩევნების სისტემა არის ერთმანეთთან შეუსაბამო და თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, სადაც ხალხის კონტროლი ძლიერდება, მაშინ არა მხოლოდ გვსურს, არამედ ვალდებულიც ვართ, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ კონსტიტუციაში არსებული ნაწილები საერთო პრინციპთან. ჩვენ გვსურს ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ცენტრალური საკითხი, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები და ხარვეზები გვაქვს კონსტიტუციის პროექტში. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი მისი უფლებამოსილების მიხედვით უნდა განისაზღვროს.

„ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება ვიდრე შემოთავაზებული ვერსიით აქვს, უმჯობესია იყოს პირდაპირი წესით არჩეული. ჩვენ შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როდესაც მსჯელობას ვიწყებთ პრეზიდენტის არჩევის წესიდან, მსჯელობა უნდა დავიწყოთ პრეზიდენტის უფლებამოსილებებიდან. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმაზე, რომ გვჭირდება უფრო ძლიერი პრეზიდენტი, ვიდრე შემოთავაზებული ვერსიითაა, თუნდაც, ისეთი პრეზიდენტი, როგორიც დღეს გვყავს, მაშინ პირდაპირი არჩევის წესი იქნება უფრო პოზიტიური. საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, ეს არ არის ცენტრალური საკითხი. სამწუხაროდ, ეს იქცა ცენტრალურ საკითხად. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, უფრო მნიშვნელოვანი ხარვეზები ჩვენს პროექტში“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.