ფასანაურში, ხანდოს ხეობაში საპროტესტო აქცია დიდი შეხლა-შემოხლით და 6 ადამიანის დაკავებით დასრულდა. პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ყველა მათგანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გასამათრლდება. ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 250 ლარიდან 2000 ლარამდე ითვალისწინებს, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ხანდოს ხეობაში დაპირისპირება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განხორციელებას მოჰყვა. ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის და საფრთხეს შეუქმნის მათ საცხოვრებელ ტერიტორიას.
საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივები ცდილობდნენ, ხელი შეუშალათ სპეცტექნიკისთვის, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის მიიყვანეს. ზოგიერთმა ადამიანმა სპეცტექნიკას ქვებიც კი დაუშინა.
კომპანია „ენერგოტრანსში“ კი აცხადებენ, რომ 500-კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება.
„მონაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან ჩვენ ველოდებით სპეციალურ მეთოდოლოგიას, რომელიც არის გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი. ფასანაურთან ეს ხაზი გადის 56 მეტრში, მეორე მოსახლიდან გადის 34 მეტრში. განაპირა სახლიდან უნდა იყოს 30 მეტრი. აბსოლუტურად ყველა სამშენებლო ნორმა დაცულია“, - აცხადებენ კომპანიაში.
აქციის მონაწილე ზაზა წიკლაურის თქმით, დიდი ხანია სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობამ მისი შეჩერება მხოლოდ ახლა მოახერხა.
„დაწყებულია სამუშაოები, ფერდობები დანგრეულია, ღორღი, ქვები პირდაპირ ეზოებში უცვივა ხალხს. კაციშვილი ხელისუფლებიდან ან სამშენებლო კომპანიებიდან არ ჩანს, მხოლოდ პოლიცია გამოგვიგვზავნეს და მხოლოდ პოლიციის ძალით გველაპარაკებიან“, - ამბობს წიკლაური.
მსგავსი აქცია გაიმართა სოფელ ცდოში. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე ცდილობდა შესვლას, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.
ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ პრინციპული პოზიცია აქვს. „მოსახლეობას არანაირი უფლება არ აქვს, სოფელ ხანდოსხევში ელექტრომაგისტრალის მშენებლობას ხელი შეუშალოს. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, იქ მუშაობა გაჩერდება ერთი კვირით, სანამ მეთოდოლოგია არ იქნება შემუშავებული. სამუშაოები გაგრძელდება მაშინ, როცა მეთოდოლოგია იქნება.
ვიმუშავებთ, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. იქ არიან არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად ეწინააღმდეგებიან ყველა წამოწყებას, საქმე ეხება პატარა ჰესს, დიდ ჰესს, თუ რამე ხაზის გაყვანას“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა.
ხანდოს ხევის მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით აქციის გაგრძელებას აპირებს.