თითქმის სამთვიანი შეტევის შემდეგ დედაქალაქში გარე ვაჭრობა პრაქტიკულად აიკრძალა. მომავალში გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება. რამდენ ხანს მოხერხდება დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნება, ამას დრო გამოაჩენს.
გარემოვაჭრეებისგან თბილისის ქუჩების გათავისუფლების 19 მარტს დაწყებული ეტაპობრივი პროცესი 8 მაისს გამთენიისას დასრულდა, როდესაც ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს. მერიის ინფორმაციით, ნავთლუღის გარდა, სავაჭრო დახლები აღებულია 10 ადგილიდან, მათ შორის, მეტრო „მარჯანიშვილის“, ვაგზლის მოედნის, ბარათაშვილის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის, მეტროების „დელისის“, „ვარკეთილის“, „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიებზე.
სხვადასხვა ადგილებში ვაჭრობის უფლება დაახლოებით 1500 პირს აეკრძალა და ყველა მათგანისთვის შეთავაზება იდენტურია - მათთვის ბაზრობებზე სავაჭრო ადგილები გამოიყო, სადაც 6 თვის განმავლობაში იჯარის გადახდის გარეშე ვაჭრობას შეძლებენ.
გამოყოფილი სავაჭრო ადგილების საერთო რაოდენობა 4000-ს შეადგენს, რაც ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საკმარისი უნდა იყოს გარემოვაჭრეთა ადგილებით დაკმაყოფილებისთვის.
გარე ვაჭრობის შესახებ კანონპროექტის ავტორი ლაშა
ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეების რაოდენობაზე მერიას კვლევა ჩატარებული არ აქვს და მათი რაოდენობა უფრო მეტია, 2000-დან 3000-მდე მაინც.
„ჯიბისის“ ინფორმაციით, გარემოვაჭრეების ნაწილი ბაზრობების ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა აცხადებენ, რომ მათი დღიური შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, შემოსავლის გარეშე არიან და ამიტომ აქციებს ხშირად მართავენ. გარდა ამისა, ქუჩებში მოსიარულე მოვაჭრეები მომრავლდნენ და ამ ფორმით ცდილობენ საკუთარი საქონლის გასაღებას.
პარალელურად, თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი დაამტკიცა. გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. ნაცმოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჭიროა საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს გარემოვაჭრეებისათვის ქონების კონფისკაციის წესი.
მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლის ნელი ღვინეფაძის აზრით კი, საკითხის ამგვარად დარეგულირება სულაც არ უშლის ხელს სხვა საკითხის პარალელურ რეჟიმში გადაწყვეტას. დაახლოებით 10 დღეში თბილისის საკრებულოში შევა აგრეთვე გარევაჭრობის რეგულირების წესი, მანამდე კი კონფისკაციის წესის დამტკიცება ამ პროცესს არ აბრკოლებს.
დედაქალაქის მასშტაბით ხელშეუხებელი მხოლოდ მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია დარჩა. თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ადგილზე, მხატვრებს, სუვენირებით და ძველი ნივთებით მოვაჭრეებს გარე ვაჭრობა არ აეკრძალებათ.
„იმავე ადგილზე, სადაც მხატვრები არიან, კეთდება ძალიან კარგი სტელაჟები, როგორც ნახატების ჩამოსაკიდი, ასევე მათი შესანახი ადგილით. ასევე გაკეთდება საპირფარეშო. რაც შეეხება ძველმანი ნივთების გაყიდვას, იმ ნაწილს, სპეციალური დახლების მეშვეობით მოვაწყობთ. ცალკე დახლები ექნებათ პრესით მოვაჭრეებს, რაზეც შევიმუშავეთ ტენდერი. მათთან უკვე გვქონდა შეხვედრები. ასევე ძალიან ლამაზი დიზაინი გვაქს შემუშავებული ისეთი ნივთების გასაყიდად, რომელიც გარე ვაჭრობად არ ითვლება და არ შეიძლება აიკრძალოს, საუბარია სუვენირებზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.