საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო კანდიდატმა, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული წინადადებები ევროკავშირის პოლიტიკის გასაძლიერებლად. რას ნიშნავს ემანუილ მაკრონის მოსვლა ხელისუფლების სათავეში ერთი მხრივ, საფრანგეთისა და ევროკავშირისთვის და მეორე მხრივ, საქართველოსთვის თუ ჩნდება ახალი პერსპექტივები ევროკავშირის მიმართულებით. მივიღებთ თუ არა ძლიერი ლიდერების თანავარსკვლავედს დასავლურ სივრცეში და რა შანსი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის, ამ თემებზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე გვესაუბრება.
გიორგი მუჩაიძე: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მაკრონის პლატფორმა დაფუძნებული იყო ევროკავშირის პოზიტიურ აღქმაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მალავდა იმ პრობლემებს, რომელიც ამ ორგანიზაციაში არსებობს. თუმცა ის ორიენტირებული იყო არა ევროკავშირიდან გასვლაზე, არამედ ევროკავშირის მხარდაჭერაზე, განმტკიცებაზე და შესაბამისი რეფორმების გატარებაზე სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით.
ასევე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და რუსეთთან მიდგომების პოლიტიკაზე. სხვა კანდიდატები თუ მეტ-ნაკლებად, რუსეთის არგაღიზიანების მომხრეები იყვნენ, მაკრონს აქვს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის მიმართ უნდა გამკაცრდეს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს; ასევე, იმ ხელშკრულებებს რომელიც დადებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.
აშშ-საც ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამს. წინასაპრეზიდენტო სტრატეგიიდან და განცხადებებიდან გამომდინარე, არსებობდა მოლოდინი, რომ აშშ არ განახორციელებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას, თუმცა გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკას ფაქტობრივად, შეაჩერებს; გარდა ამისა, ვხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურადაა დაინტერესებული შავი ზღვის აუზის ქვეყნებში აშშ-ს გავლენის განმტკიცებით და ა.შ. რას ნიშნავს ერთი მხრივ აშშ-ში, მეორე მხრივ ევროპაში ახალი, ძლიერი ლიდერების გამოჩენა? შეიძლება ვივარაუდოთ რომ ახალი ტალღა გაჩნდა რუსეთის წინააღმდეგ?
- პრეზიდენტების კანდიდატების საარჩევნო რიტორიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება-ხოლმე გამარჯვებული ლიდერის პოლიტიკისგან. ასეთ შემთხვევაში გამონაკლისი არც ტრამპია. აშშ არის დემოკრატიული ინსტიტუტების ქვეყანა, რომლის ხელისუფლება, მათ შორის, საკანონმდებლო, ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ვინც არ უნდა მოვიდეს აშშ-ს სათავეში დემოკრატი თუ რესპუბლიკელი ლიდერი, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ხაზს არ გადაუხვევენ. ასეთია აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობა და ამ ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტი არის სწორედ ამერიკის ეროვნული ინტერესი.
ეს ტრამპმაც დაადასტურტა და ადრე თუ ამბობდა, რომ ნატო არის დრომოჭმული ორგანიზაცია, შემდეგ უკან წაიღო თავისი სიტყვები. ევროპელ ლიდერებთანაც საკმაოდ მჭიდრო და კარგი ურთიერთობები დაამყარა და იმედი მაქვს, საფრანგეთის ახალ პრეზიდენტთანაც, რომელსაც საკმაოდ საინტერესო პლატფორმა აქვს აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, შედეგიანი თანამშრომლობა შედგება.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკას, ამ შემთხვევაშიც არსებობდა კითხვის ნიშნები, როდესაც რუსეთთან დათბობის პოლიტიკაზე საუბრობდა ტრამპი. ამასწინათ მაკკეინის მიერ გაკეთებულ განცხადებას გავუსვამდი ხაზს - მან თქვა, რომ მხოლოდ სიტყვებს და განცხადებებს ნუ მოუსმენთ, უყურეთ ამერიკის პრეზიდენტის საქმეებს.
ამ საქმეების კუთხით თუ შევხედავთ, საქართველოს და რუსეთის მიმართ პოლიტიკა ძალიან განსხვავდება მისი საარჩევნო რიტორიკიდან. საქართველოს მიმართ საბიუჯეტო კანონში ცალსახად აისახა, რომ ვინც აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აშშ-ს მხრიდან არანაირი საბიუჯეტო დახმარება არ ექნება. გარდა ამისა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, როდესაც ამ ქვეყნების მიმართ დახმარების საკითხი განიხილება, საწინააღმდეგოდ მისცენ ხმა.
გარდა ამისა, რუსეთის მიმართ გამკაცრდება სანქციები, თუ არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებს უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში. ეს ძალზე მკვეთრად და არაორაზროვნად უსვამს ხაზს აშშ-ს პოლიტიკას როგორც საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის, ასევე, რუსეთთან დამოკიდებულების კუთხით.
რა პერსპექტივას უჩენს ეს დოკუმენტი საქართველოს? - ცხადია, აღიარების შეჩერება დაიწყება. ეს პროცესი, ფაქტობრივად, ისედაც შეჩერებული იყო, მაგრამ აღიარების გამოწვევას რამდენად შეიძლება ველოდეთ იმ რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, რომლებიც თავის დროზე რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ?
- ეს დოკუმენტი, გარდა ამისა, რუსეთის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მოლოდინი არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შესაძლოა, ამ ყველაფერმა ეფექტი ერთ და ორ წელიწადში არ გამოიღოს, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად ექნება შედეგი, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის და გერმანიის გათავისუფლების შემთხვევაში.
თუმცა, იმედი მინდა დავიტოვო, რომ საქართველოს შემთხვევაში ასეთი დიდი დრო არ დასჭირდება. ვფიქრობ, იმ ზეწოლის პირობებში რომელიც დღევანდელი მსოფლიოს მხრიდან არის რუსეთის მიმართ ეს პოლიტიკა ეფექტურ შედეგამდე უფრო ადრე მიგვიყვანს.
არ უნდა დავივიწყოთ უახლესი ისტორია - როგორ მოხდა ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ ევროპის, გერმანიის მშვიდად და უომრად დათმობა საბჭოთა კავშირის მხრიდან. იგივე მოხდება რუსეთის შემთხვევაშიც.
ამის მიუხედავად საქართველომ ერთი წამითაც არ უნდა დაივიწყოს რა მდგომარეობაში იმყოფება, უნდა განაგრძოს დემოკრატიული რეფორმების გატარება, რომ არ დაკარგოს საერთაშორისო ჩართულობა და მხარდაჭერა.
ზოგიერთი ექსპერტის თუ პოლიტიკოსის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საბიუჯეტო კანონი არის ყველაზე ხელშესახები მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ... ეს ახალ პერსპექტივაზე მეტყველებს?
- მთლად ასეც ვერ ვიტყვით, ჯერ კიდევ კლინტონის დროს იყო აღიარებული ოკუპაცია, შემდეგ ეს ბრიტანეთმაც გაიზიარა, ნატოს საპარლამენმტო ასამბლეის რეზოლუციაშიც დაფიქსირდა და ახლა ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტშიც ოფიციალურად დაფიქსირდა, არა მხოლოდ ოკუპაცია, არამედ ფორმულირება, რომ ეს კონფლიქტი არის საქართველო-რუსეთს შორის კონფლიქტი და რუსეთი არის დესტრუქციის ავტორი და მთავარი დამნაშავე.
რა შეუძლია საქართველოს იმისათვის, რომ როგორმე შეაჩეროს მცოცავი ანექსია? გვაქვს ასეთი ბერკეტები, ჩვენ ან საერთაშორისო საზოგადოებას?
- სანქციები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალზე სერიოზული ბერკეტებია, რუსეთის გამიჯვნა ფორმატებიდან, ვგულისხმობ დიდი რვიანიდან მის გარიცხვას. რაც შეეხება საქართველოს ბერკეტებს, მას შეუძლია ამ საკითხის მუდმივად დაყენება საერთაშორისო ასპარეზზე. ვგულისხმობ ორმხრივ შეხვედრებს გერმანიასთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, მით უმეტეს, ახალი პრეზიდენტის პირობებში.
როდესაც საუბარია აგრესიაზე, ხშირად მაგალითად მოჰყავთ-ხოლმე უკრაინა, ხოლო საქართველო ავიყწდებათ. მგონია, რომ ეს ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. აუცილებელია დაუღალავი შრომა იმისათვის, რომ საქართველოს სახელი მუდმივად ისმოდეს საერთაშორისო არენიდან, როგორიცაა ნატო, გაერო, ეუთო, სუამი და ა.შ
იმასაც ვხედავთ, რომ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად რუსეთი საკუთარ პოზიციას არ თმობს. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში რა პერსპექტივაზე შეიძლება ვისაუბროთ?
- როგორც უკვე ვთქვი, ასეთ შემთხვევაში მყისიერ შედეგს არც უნდა ველოდეთ. არის გარკვეული პერიოდი, როდესაც წნეხი და ზეწოლა იზრდება, ხოლო შემდეგ უკვე დგება შედეგი - ასეა საერთაშორისო ურთიერთობებში, ერთ და ორ წელიწადში სერიოზულ შედეგს არ უნდა ველოდეთ.
საქართველოს პრემიერი ვიზიტით იმყოფება ვაშინგტონში, შეხვედრის თემა სავარაუდოდ საბიუჯეტო კანონი იქნება. სხვა რა მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს ურთიერთობები?
- კონკრეტიკაზე ალბათ, თავად პრემიერი ისაუბრებს, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემაა რომელზეც აშშ-სთან შეიძლება საუბარი, ესაა იგივე თავისუფალი ვაჭრობის ან უვიზო მიმოსვლის თემა ამერიკასთან. ეს ყველაფერი შესრულებადია თუმცა საქართველო ნაკლებად აქტიურობს, იმის მიუხედავად, რომ უვიზო მიმოსვლაზე ტრამპის ადმინისტრაციასთან საუბარი ნამდვილად არ იქნება ადვილი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპის ქმედებები რიგ საკითხებში რიტორიკისგან განსხვავდება, რაც უფრო ვიაქტიურებთ, მით უფრო მეტად გვექნება წარმატების შანსი და საქართველოს საკითხიც წინ წამოიწევს. ასე რომ, ჩვენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული, მით უმეტეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციებიც იცვლება და ჩამოყალიბების პროცესშია. ცხადია, რომ ჩვენს რეგიონთან მიმართებაშიც არ არის პოზიცია საბოლოოდ დასრულებული და როგორ სახეს მიიღებს, სავარაუდოდ, ჩვენს აქტიურობაზეც ბევრად არის დამოკიდებული.
ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში ახალი ლიდერების გამოჩენა საქართველოსთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს?
- ისეთი ლიდერი, როგორიც მაკრონია, სერიოზულ პერსპექტივას გვაძლევს ევროკავშირის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ მერკელს კვლავ აირჩევენ შემოდგომაზე. ეს ტანდემი - მაკრონის და მერკელის, ჩვენთვის ძალზე მომგებიანი იქნება, რადგან მტკიცე პოზიცია აქვს მერკელს და იმედი მაქვს, მაკრონის პოზიციაც ასეთივე იქნება.
აშშ-ს პრეზიდენტის საქმეებიც ძალზე სერიოზულად მიუთითებს, რომ არავითარ დათმობაზე არ წავა. თუმცა, ასეთ ფონზე რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, ეს გარკვეულწილად მის აქტიურობაზეც იქნება დამოკიდებული.