თენგიზ შარმანაშვილმა მანდილოსნებს საჯაროდ მოუხადა ბოდიში. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრს ბოდიშის მოხდა იმ განცხადების გამო მოუწია, რატომაც ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე შეკამათდნენ შარმანაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ანა დოლიძე და ფიქრია ჩიხრაძე.
როგორც შამანაშვილმა განაცხადა, არც მოქმედი და არც ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ვერანაირ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. დოლიძემ ის კონსტიტუციური უფლებების იგნორირებაში დაადანაშაულა, საპასუხოდ შარმანაშვილმა ანა დოლიძის მისამართით განაცხადა, რომ ქალბატონთან, რომელიც აჟიტირებული სახით საუბრობს აბსოლუტურ ტყუილს, ვერ შევა პოლემიკაში.
მოგვიანებით ამ განცხადების გამო შარმანაშვილს დარბაზში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„თენგიზ შარმანაშვილმა აგდებული ტონით ისაუბრა, რომ ქალთან არ შევა პოლემიკაში. ძალიან სამწუხარო განცხადება იყო და კარგი იქნება, თუ საჯაროდ მოიხდით ბოდიშს ყველა ქალის წინაშე“, - მიმართა დარბაზში მყოფმა შარმანაშვილს.
ამის შემდეგ შარმანაშვილმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში. „მართლა ბოდიშს ვიხდი. მართლა ზედმეტი გაცხარება იყო. ქალბატონებო გულწრფელად გიხდით ბოდიშს“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
კონსტიტუციის ახალი მოდელით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ქვეყანაში ყალიბდება, გიორგი მაგრგველაშვილის განცხადებით, პრობლემური იქნება მრავალი ოპოზიციური პარტიის გაძლიერებისათვის. მისივე თქმით, ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც ხედავს, ისაა, რომ გაუნაწილებელი ხმები მიაქვს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. პრეზიდენტი აქვე აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ მოდელში არის ბევრი პუნქტი, რომელიც მისთვის მისაღებია.
„ეს ყველაფერი მთლიანობაში შექმნის ისეთ მდგომარეობას, რომ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა გაჭირდება ჩვენს რეალობაში, რაც ისევ გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით იგივე დაყოფაში საზოგადოების, ერთმანეთთან დაპირისპირებაში, არადა პოლიტიკური პროცესი ერთმანეთთან დაპირისპირების მიზეზი არ უნდა იყოს.
სამწუხაროდ, პოლიტიკურად ტრადიციულად, ძალიან აგრესიულად ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ყველაზე კარგად ეს დაპირისპირება სამეგრელოს ახსოვს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. უნდა მივცეთ ოპოზიციურ ძალებს გაძლიერების უფლება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, პრეზიდენტის განმარტებით, „თუ მართმევ უფლებას, რომ ხალხმა აირჩიოს პრეზიდენტი, უნდა ამიხსნა, რატომ აკეთებ ამას“. მისი თქმით, რეალურად არანაირი პრობლემა ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევაში არ იმალება.
„პრეზიდენტის სტატუსის შესუსტება, როგორც მთავარსარდლის, ჩემთვის განსაკუთრებით პრობლემურია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყნის შვილები და მე ვიცი, რომ კონფლიქტი არის საქართველოსა და ერთ-ერთ ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოს - რუსეთს შორის, ამ კონფლიქტის ფონზე მთავარსარდლის უფლებების გაქრობა ცოტა არაადეკვატურად მიმაჩნია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ყოფილი დეპუტატი თენგიზ ჯგუშია დაინტერესდა, უქმდება თუ არა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრადიცია.
„ვიაზრებთ კი, საერთოდ, თითოეული ჩვენგანი, ვინ შექმნა საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის და მისი პირდაპირი არჩევის ტრადიცია? ეს შექმნა ზვიად გამსახურდიამ. რომელ ტრადიციას ვაუქმებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრადიციას, რომელმაც ერთადერთხელ, ამ 25 წლის განმავლობაში, შეასრულა საქართველოს ეროვნული ღირებულებების გარეშემო გამაერთიანებლის ფუნქცია?“, - იკითხა თენგიზ ჯგუშიამ.
ყოფილმა დეპუტატმა მმართველ გუნდს კითხვით მიმართა, როდის იყვნენ საქართველოს მოქალაქეებთან მართალი, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მთელ საქართველოს ეუბნებოდა, რომ მარგველაშვილი იქნებოდა საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი თუ დღეს, როცა აღმოაჩნდა მარგველაშვილს შინაგანი პოლიტიკური ღირსება და არ გახდა ერთი გუნდის და ერთი კაცის პირადი პრეზიდენტი?
„ამბობთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა გაუქმდეს. აფხაზები ირჩევენ თავიანთ პრეზიდენტს პირდაპირი წესით და ჩვენ აფხაზებს ვეპატიჟებით იმ საქართველოში, იმ გაერთიანებულ საქართველოში მათთან თანაცხოვრებით, სადაც 300 მგოსანი თუ ხმოსანი აირჩევს საქართველოს გაერთიანებულ პრეზიდენტს, სადაც აფხაზები იქნებიან?“, - მიმართა მმართველი გუნდს თენგიზ ჯგუშიამ.
ჯგუშიას შეკითხვებს დარბაზში რამდენიმეჯერ უკმაყოფილი რეპლიკები მოჰყვა. ყოფილი დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა, რომ ყველამ იცის, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში.
„რაც შეეხება შედარებას აფხაზეთის „არჩევნებსა“ და საქართველოს არჩევნებს შორის - იქ ირჩევენ პრეზიდენტს პირდაპირი წესით. არ ვიცი რამდენად შეიძლება რამეს შევადაროთ საერთოდ ის ე.წ. არჩევნები, რომელიც ტარდება აფხაზეთში და რამდენად დემოკრატიულად შეიძლება ზოგადად რაიმე შეფასდეს, რაც ხდება აფხაზეთში.
ყველამ ვიცით, საიდან არიან ხელდასმული ის ე.წ. პრეზიდენტები, რომლებიც „აირჩევიან“ აფხაზეთში. ნამდვილად არ არის ეს შედარების საფუძველი. ჩვენ აფხაზებს თავი უნდა მოვაწონოთ ჩვენი დემოკრატიით, კულტურით, დემოკრატიის განვითარებით და ზუსტად დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტს გულისხმობს საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე საკმაოდ აქტიური იყო დარბაზი. როგორც ადგილობრივმა ედემი კეკუტიამ აღნიშნა, პრეზიდენტმა და ირაკლი აბესაძემ შეხმატკბილებულად თქვეს უარი არაპირდაპირ არჩევნებზე, მაგრამ ვერ მოისმინა არგუმენტი.
„მე ვერ მოვისმინე არგუმენტი გარდა იმისა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევაო. მაგრამ მე ასე არ ვთვლი და რატომ? პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი მართოს სახელმწიფო, არ გააჩნია სახელმწიფოს მართვის ბერკეტები, წინასაარჩევნოდ საპრეზიდენტო კანდიდატი რომ დადგება, რა უნდა მითხრას მე იმან, რა პროგრამით უნდა წარსდგეს ჩემ წინაშე და რა მოტივით, რომ მე ხმა მივცე. ხმა უნდა მივცე იმიტომ, რომ კარგი ბიჭია, რომ ძველი ბიჭია თუ რომელიღაცა გამორჩეული პარტიის წევრია? პირდაპირი არჩევა მაშინ არის მისაღები, როდესაც პრეზიდენტს აქვს სრული უფლება სახელმწიფო მართოს. მითხარით არგუმენტი და დამარწმუნეთ იმაში, რომ მე პრეზიდენტი პირდაპირ ავირჩიო“, - განაცხადა ედემი კეკუტიამ.
საპასუხოდ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ, როგორც საპრეზიდენტო, ასევე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე უარი უნდა თქვას, რადგან ორივე სისტემა ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიის ჩამოყალიბების სერიოზულ რისკ შეიცავს, რაც კობახიძის განცხადებით სერიოზული პრობლემაა, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ.
„ყველაზე დემოკრატიულ სისტემაზე - საპარლამენტო მმართველობაზე უნდა გადავიდეთ, რაც არის კულტურა, რომელსაც ევროპული ტრადიციები ჰქვია. შეიძლება, ეს მმართველობა ზვიად გამსახურდიას დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ გვართან იმ სისტემას ნუ დავაკავშირებთ. 25 წლის განმავლობაში ამ სისტემამ რა მოიტანა კარგად გვახსოვს.
სამივე პრეზიდენტმა, აქედან ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, თავისი მოღვაწეობა რევოლუციის საფუძველზე დაამთავრა და სამივე შემთხვევაში, ხელისუფლება რევოლუციის საფუძველზე შეიცვალა. ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ, უარი უნდა ვთქვათ როგორც საპრეზიდენტო, ასევე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.