[თეონა ხარაბაძე]
უკვე ორი კვირაა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გია ცაგარეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ციხეებში შესვლის უფლებას სთხოვს. ბაქრაძე კი არათუ ნებას არ აძლევს, პასუხსაც არ სცემს.
მართალია, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცაგარეიშვილს პატიმრების მონახულების უფლებას არ აძლევენ, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგი რამდენიმე ციხეში შესვლას 26 მაისს დაკავებული ადამიანების მოსანახულებლად ითხოვს.
მან ამ თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ კიდევ, 30 მაისს მიმართა და მაშინ ისიც აღნიშნა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ადამიანები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებდნენ და სამართალდამცავები მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
ცაგარეიშვილის განცხადებით, პატიმრებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა იმისთვის, რომ იარსებონ, ბრძოლა უწევთ იმისთვის, რომ დღე გაუთენდეთ იმ „ინკვიზიტორების და ჯალათების ხელში, ვინც ამ საპატიმროს განაგებს“.
„აღმოჩნდა, რომ ქართულ ციხეებში ადამიანებს თავებს პარსავენ, კორიდორებში ატარებენ, ფაქტიურად ტყავს აძრობენ, ბერიას და ეჟოვის მეთოდებით უსწორდებიან“, –აღნიშნა ცაგარეიშვილმა და ცნობილი კომპოზიტორის ევგენი მიქელაძის წამების ფაქტი გაიხსენა და იკითხა,
თუ „რითი განსხვავდება ქალბატონი კალმახელიძის, ბატონი ახლაიას ან, მერაბიშვილის მეთოდები ეჟოვის მეთოდებისგან? როდესაც პატიმრებს აშიშვლებთ და კორიდორებში ატარებთ 21-ე საუკუნის ქართულ ციხეებში?“
ცაგარეიშვილს სურდა მოენახულებინა: თბილისის ნომერ პირველ დროებითი მოთავსების იზოლატორში 3 პატიმარი, თბილისის ნომერ მეორე დროებითი იზოლატორში მოთავსებული 25 პატიმარი და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში 10 პატიმარი.
„მე მქონდა დადასტურებული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ იზოლატორებში მიმდინარეობს დაკავებული პირების შეურაცყოფა, ფიზიკური ზეწოლა, რათა ამ პირებს გამოძიებისთვის მიეცა სხვადასხვა ჩვენებები, ჩვენებები დაკავშირებული ე.წ. შეთქმულებასთან საქართველოს წინააღმდეგ, რომ ისინი წინასწარი განზრახვით მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე, რათა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა მიეღოთ. ასევე ჩვენებები დაკავშირებული ქალბატონი ბურჯანაძის ექსკორტის გაქცევასთან და იმ მოვლენებზე, რაც ესკორტის წასვლას მოჰყვა რუსთაველის გამზირიდან. გამოძიების მონაცემებით რამდენიმე ადამიანი შეწირა ესკორტის გასლას რუსთაველის გამზირიდან,“ – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
ფაქტია, რომ აქციაზე დაკავებული ადამიანების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, აქამდე არაერთი განცხადება გაკეთდა და არამარტო პოლიტიკოსების, არამედ არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც.
შესაბამისად, დეპუტატის მოთხოვნა, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია, სრულიად ლეგიტიმური და გასაგები იყო. ამასთან, თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაზეც ხელისფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, მათივე ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს პატიმრები საკუთარი თვალით ენახა.
მაგრამ, როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, 30 მაისიდან დღემდე მას არანაირი პასუხი არ მიუღია. სწორედ ამიტომ, იგი მიიჩნევს, რომ „პარლამენტის თავმჯდომარე, ისევე როგორც მთლიანად უმრავლესობა, ხელს აფარებს იმ დამნაშავე პირებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ დაკავებულების წამებას“.
„ამ დაწესებულების ჯალათებსაც ბატონი ბაქრაძე ხელს აფასრებს იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის რა ხდება იზოლატორებში, საპატიმროებში, ციხეებში, როგორ არის დაცული საქართვლოს მოქალაქეების უფლებები. პარლამნტის თავმჯდომარე ყველანაირი საშულებით ცდილობს, რომ ფხიზელმა, პირუთვნელმა თვალმა არ შეაღწიოს საპატიმროებში“. – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ საკითხზე კომენტარსაც კი არ აკეთებს. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობა დაუფარავად აცხადებს, რომ ისინი ცაგარეიშვილის ციხეში შესვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. არადა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა თორდია აღიარებს, რომ პატიმრებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, მაგრამ ამას აქციაზე მიღებული დაზიანებებით ხსნის.
„ციხეებში ადამიანების მდგომარეობა ნამდვილად არ არის მძიმე და ჩვენ ამას ვერაფრით ვერ გავიზიარებთ. სამწუხაროდ, მათ აქვთ დაზიანებები, მაგრამ ეს დაზიანებები მანიფესტაციის მსვლელობისას მიიღეს. შესაბამისად, ჩატარდება მოკვლევა და მოკვლევა დაადგენს დაზიანებების კონტექსტს და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ვერაფრით ვერ გავიზიარებთ იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის წინააღმდეგ ძალას ხმარობდნენ, უდანაშაულონი არიან. ცალსახად იმის თქმა, რომ მხოლოდ პოლიცია იყო დამნაშავე, ეს ასე არ არის“, - აცხადებს ლაშა თორდია.
ეს საქმე როდის იქნება გამოძიებული და გამოძიება გასცემს თუ არა არსებულ კითხვებს პასუხს, ძნელი სათქმელია. ამ შემთხვევაში საუბარია დეპუტატის მიერ პატიმრების მონახულებაზე.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის ამის მოთხოვის უფლება პარლამენტის რეგლამენტით გააჩნია.
რეგლამენტის თანახმად, „პარლამენტის წევრს შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება“.
თუმცა, აქვე ისიც არის ნათქვამი, რომ ‘პარლამენტის წევრისათვის ამ უფლების მინიჭების საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის კომიტეტს (მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს), დროებით საგამოძიებო კომისიას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისად კომიტეტის, კომისიის საქმიანობის ან კონკრეტული საკითხის შესასწავლად“.
კომიტეტი წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობას, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი ვადა არ არსებობს. მაგრამ, ცხადია, თუკი არსებობს ინფორმაცია ციხეში რაიმე პრობლემის არსებობის შესახებ, გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნას მიღებული.ცაგარეიშვილს კი დღემდე პასუხი არა აქვს მიღებული.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ცაგარეიშვილს კომიტეტისთვის არანაირი თხოვნით არ მიუმართავს.
„ასეთი მომართვა ჩემთან არ ყოფილა და ბუნებრივია, კომიტეტი თხოვნის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე დამატებითი ღონისძიებები უნდა მივიღოთ რომელიმე დეპუტატის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი.
ლაშა თორდია კი აცხადებს, რომ მის კომიტეტს ასეთი თხოვნა მიღებული აქვს, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ, ამ თხოვნის დაკმაყოფილებას არც კი აპირებენ.
„პროცედურულად არის ასე, რომ რეკომენდაცია უნდა გაუწიოს კომიტეტმა და შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ საკითხების პოლიტიზირება, არ გვინდა, რომ მოხდეს მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში აყვანა და შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ“, - აცხადებს ლაშა თორდია.
ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ პარლამენტის რეგლამენტს ცაგარეიშვილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას ადარებს.
„პარლამენტის რეგლამენტი მკვდრადშობილ აქტად იქცა, ჯერ დაბადებული არ იყო, რომ უკვე გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ეს რეგლამენტი უმცირესობის ინტერესებს არ ითვალსიწინებს. პარლამენტის რეგლამენტს რომ ვკითხულობ, მაგონდება სტალინის მიერ 1937 წელს დაწერილი კონსტიტუცია, სადაც ეწერა, რომ ნებისმიერ რესპუბლიკას საბჭოთა კავშირიდან გასვლა შეუძლია. როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე რესპუბლიკას, რომ გაებედა საბჭოთა კავშირიდან გასვლა, რა დაემართებოდა? საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია დაწერის დღიდან მკვდრადშობილი იყო ისევე, როგორც დაწერის დღიდან მკვდრადშობილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“.
ცხადია, რეგლამენტის ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ფაქტი, რომ აქ გაწერილი ნორმები რეალურად უმოქმედოა, ცალკე პრობლემაა. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ დაკავებულთა ბედი დღემდე გაურკვევლად რჩება. ოპოზიციას მათი მონახულების საშუალებას არ აძლევენ და სამართალდამაცავები თავად რა გამოძიებას ატარებენ და ამ პროცესში მათზე რეალურად რა ზეწოლა ხორციელდება, არავინ იცის.