„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
მიუხედავად ამისა, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, მეუღლესთან ელენა ბატურინასთან ერთად საქართველოში იმყოფება. ლუჟკოვი ქანდაში წირვასაც დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა აღავლინა. როგორც ბერ დიაკვანი აცხადებს, მათ სურდათ არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დასწრებოდნენ, თუმცა ამბობს, რომ ეკლესიაში მოსკოვის ყოფილი მერის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი.
რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ“, - ამბობს არქიმანდრიტი სერაფიმე.
ლუჟკოვის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, რომლის განცხადებით მოსკოვის ყოფილ მერთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2006 და 2009 წელს იმყოფებოდა, რაც ნიშნავს, რომ მას დარღვეული აქვს „ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი“.
შს მინისტის მოადგილე აცხადებს, რომ ლუჟკოვი საქართველოში შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც არ იყო არანაირი მონაცემი, მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევისა. შალვა ხუციშვილის თქმით, თუ რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება.
„მესაზღვრეს არ ჰქონდა რაიმე ნიშანი იმისა, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, - აცხადებს შალვა ხუციშვილი.
რაც შეეხება 2006-2009 წლებში ლუჟკოვის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს და ექნება თუ არა შესაბამისი რეაგირება შსს-ს, შალვა ხუციშვილის განცხადებით, თუ რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ახლა, როდესაც შსს-ს აქვს ინფორმაცია მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე, შესაბამისი ზომები გატარდება.
„რამდენადაც ვიცი, საზღვარზე არ იყო ცნობილი ის, რომ ამ პიროვნებას დარღვეული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა და ახლა, როდესაც შსს-ს უკვე აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, გატარდება შესაბამისი ზომები. ოღონდ ეს იმ უწყების გადასაწყვეტია, რომელიც ამაზე მუშაობს და ეს არის შს სამინისტრო“, - აცხადებს სოფო კილაძე.
იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პირის მიერ, მათ შორის იური ლუჟკოვის მხრიდან საქართველოში მოქმედი კანონის დარღვევა დადგინდება, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რეაგირება აბსოლუტურად ადეკვატური უნდა იყოს.
„არც ის მინდა დავივიწყო, რომ თავის დროზე, მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სამოქალაქო ომის შემდეგ დარღვეული პირველი გიმნაზიის რეაბილიტაციის საქმეში. ეს რატომღაც გამახსენდა და ვთქვი, რადგან საზოგადოებამ ესეც უნდა იცოდეს. შესაძლებელია, გარკვეული წვლილი ბევრ ადამიანს მიუძღოდეს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის მიმართ პატივისცემა ყველას საქმეა.
განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთაც თავის დროზე, გარკვეული, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც გააჩნდათ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის წარმართვის პროცესში. ადამიანებს, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოქმედ კანონმდებლობას პატივს არ სცემენ, ადეკვატურად უნდა მოვეპყრათ“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შს სამინისტროსგან კანონის აღსრულებას ითხოვს ოპოზიცია, კერძოდ დაჯარიმებას, რადგან ის ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რამდენჯერმე იყო ოფიციალური ვიზიტით ჩასული. საპარლამნეტო ოპოზიციაში თვლიან, რომ ლუჟკოვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან ის არ არის რიგითი ვიზიტორი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ლუჟკოვის ვიზიტი არ უკავშირდება ეკლესიაში არამეულ ენაზე წირვის დასწრებას.
„წლების განმავლობაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, იყო ერთ-ერთი აქტიური მედროშე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის. ერთ-ერთი აქტიური მედროშე იმისა, რომ იქ არასდროს დაბრუნდნენ ჩვენი დევნილები და არ აღიდგინონ საკუთრების უფლებები.
მას საკუთრებაც გააჩნია აფხაზეთში, იგი არაერთხელ არის ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიაზე და თავისთავად, მისი საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოშვების ფაქტი არის დანაშაული“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
თავად იური ლუჟკოვი, რომელიც საქართველოში ოთხი დღის წინ სომხეთიდან ჩამოვიდა, „მოამბესთნ“ საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას იმ ფონზე, როდესაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდანაა ნამყოფი და დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, იური ლუჟკოვი ამბობს, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა.
„ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - აღნიშნა იური ლუჟკოვმა.
„მოამბესთან“ ექსკლუზიურ საუბარში მოსკოვის ყოფილმა მერმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ურთიერთობებზეც, ხაზი გაუსვს საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. ლუჟკოვის განცხადებით, ხედავს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის.