წელს საბანკო სექტორს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებასთან შეგუება მოუწევს. პირველ რიგში ეს ეხება საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ზღვარის გაოთხმაგებას და დეპოზიტების დაზღვევას. ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის ბრძანებით, კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საბანკო ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული იურიდიული პირისა და ლიცენზირებული კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა ერთბაშად გაიზრდება, მაგრამ უკვე ლიცენზირებული კომერციული ბანკებისათვის კი დაწესდება აღნიშნული მოთხოვნის შესრულების ვადები სამ ეტაპად:
„მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 მილიონ ლარს 2017 წლის 31 დეკემბრისათვის, არანაკლებ 40 მილიონ ლარს 2018 წლის 30 ივნისისათვის და არანაკლებ 50 მილიონ ლარს 2018 წლის 31 დეკემბრისათვის. აღნიშნული ცვლილების მიზანია შეზღუდოს რისკის გაზრდის მოტივაცია დაბალი კაპიტალიზაციის ბანკებში და განამტკიცოს ფინანსური სტაბილურობა.
აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელ მსოფლიოში და არ შეესაბამება ქვეყნის და მისი ფინანსური სექტორის განვითარების დონეს“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ბანკებისთვის კანონმდებლებს მეორე არანაკლებს მნიშვნელოვანი მოთხოვნა აქვთ, რომელიც დეპოზიტების დაზღვევას შეეხება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. თავდაპირველად მინიმალური სადაზღვევო ზღვარი 5000 ლარით განისაზღვრება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტის მიღებით, საფინანსო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება.
„სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი: ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. მათი ერთობლიობა არის საფუძველი საბანკო სისტემის მდგრადი და სტაბილური განვითარების“, - განაცხადა კოვზანაძემ და დასძინა, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და პარლამენტის მიერ პრაქტიკულად ერთობლივად მომზადებულმა კანონპროექტმა მაღალი შეფასება მიიღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან.
„პარლამენტის კომიტეტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, და მას მალე დავამტკიცებთ. გერმანიაში შეხვედრა გვქონდა, ჩემს კოლეგას შევხვდით და როდესაც ჩვენ იქ ვთქვით, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემას 5 ათასი ლარით ვიწყებთ, მათ აღნიშნეს, რომ ისინი 100 ათას ევროს აზღვევენ უკვე ვროკავშირში. შეერთებულ შტატებში ზღვარი 250 ათას დოლარია.
ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ეს ათი წლის წინ დაიწყო და ჩვენ მათ ათი წლით ჩამოვრჩით. ამიტომ ეს პროგრამა, რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებია. არც ერთი წუთი დასაკარგი არ გავქვს და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ სხვა ბევრი მიმართულებითაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ“, - აღნიშნა კოვზანაძემ.