გიორგი კვირიკაშვილი აშშ–ს ეწვევა. ოფიციალური ვიზიტი დღეს იწყება. ვიზიტის ფარგლებში, თეთრ სახლში გაიმართება პრემიერ–მინისტრის შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან. ასევე, პრემიერს ახელმწიფო დეპარტამენტში უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი. დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სენატის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.
პრემიერ–მინისტრის ვიზიტამდე სამი დღით ადრე, დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა. ამ აქტის თანახმად, აშშ–ის ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ.
ამასთან, ხელმოწერილი აქტით აშშ-ის წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი 5 მაისს მოაწერა. კანონს 3 დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ–ის ფინანსურ დოკუმენტში საქართველოს შესახებ საკმაოდ სერიოზული თავის შეტანა ნიშნავს, რომ პრემიერის ვიზიტამდე იქმნება დადებითი ფონი ქართულ–ამერიკული ურთიერთობის უფრო გაღრმავების და განვითრების თვალსაზრისით.
„ეს არის საქართველოს მხარდაჭერა. ამ ვიზიტის მერე უნდა ველოდოთ, რომ უფრო გაღრმავდება ქართულ–ამერიკული ურთიერთობა, უფრო შორს წავა ეს პროცესი. 90-დღიანი ვადა აქვს სახელმწიფო მდივანს იმისთვის, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო დააკონკრეტოს. ამის შემდეგ დავინახავთ უფრო ნათელ სურათს“, – აცხადებს for.ge სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.
აშშ–ის მიერ საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომელშიც პირველად დაფიქსირდა საქართველოს ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი, უპრეცედენტოს უწოდებს პრემიერ–მინისტრი.
„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, რომ აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და სრულ ნდობას უცხადებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პროცესებს.
„აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მხარდამჭერი ტექსტის ასახვა და საქართველოსთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზე ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კონგრესის ორივე პალატამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ასეთი თანადგომისათვის. ასევე მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს აშშ-ში აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გააძლიერეს საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, მნიშვნელოვანს უწოდებს ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე, რომლის განცხადებით, ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.
„ლაპარაკია რამდენიმე ასეულ მილიარდზე, ამ თანხიდან არ შეიძლება დაფინანსდეს ის ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ, ან დააპირებენ აღიარონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორები. გარდა ამისა, აშშ–ის სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებს მთელს მსოფლიოში ინსტრუქცია აქვთ მიღებული, რომ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ იმ პროგრამებზე, სესხებზე თუ პროექტებზე, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ერთი წლის მერე უნდა გადაიხედოს. იმ შემთხვევაში თუ 2018 წლის ბიუჯეტში ისევ იქნება ეს მუხლი შეტანილი, ეს, რა თქმა უნდა იქნება მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მამუკა ნებიერიძე.
როგორც ნებიერიძე აცხადებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქტი ხელს უშლის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროპაგანდისტულ მცდელობებს, პატარ–პატარა ქვეყნებს აღიარებინოს საქართველოს დამოუკიდებლობა.
„უმეტესი ეს ქვეყნები ჩამოკიდებული არიან ამერიკის ფინანსურ დახმარებებზე. ამერიკის მთავრობას შეუძლია შეზღუდოს, ან საერთოდ არ დააფინანსოს ეს პროექტები, ეს არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ მეორე - მართალია, რომ ამ წელს წინა წელთან შედარებით, ნაკლები ფინანსებია გამოყოფილი, მაგრამ ეს არის გაფრთხილება – არ შეეხოთ საქართველოს სუვერენიტეტს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
მართალია, ეს არის ბიუჯეტის საკანონმდებლო აქტი, მაგრამ ვუახლოვდებით უკრაინის სტატუსს. კერძოდ, უკრაინაში რომ შეწყდეს საომარი მოქმედება და რუსეთმა დატოვოს ეს ტერიტორიები, იმის გამო, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ის ვერ მიიღებს ვერანაირ დახმარებას ამერიკისგან. ანუ, უკრაინის გარეშეც, რუსეთი მარტო საქართველოს გამო ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას ამერიკისგან.
ასევე, მთავარია ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დაევალა, 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. საკანონმდებლო აქტის შემდეგ უნდა გამოვიდეს საკანონმდებლო ბრძანებები, აქ უკვე დაკონკრეტდება ეს საკითხი“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.