საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლა გაიხსნება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს იდეა იოჰანე ჰანს ეკუთვნის. მომავალი წლის სექტემბრიდან ევროპული სკოლა ქართველ ახალგაზრდობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ევროპულ სკოლაში, რომელიც თბილისში გაიხსნება, სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება და მისი მოსწავლეები საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ ევროკავშირი სათავეში უდგას საგანმანათლებლო სისტემების განვითარების საქმეს. სწორედ ეს სისტემები ქმნის ცხოვრების დაწყების საუკეთესო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ეხმარება მათ კონკრეტული უნარების განვითარებაში, რომ კონკურენტულ გარემოში ღირსეული ადგილის დაკავება შეძლონ.
„მაგალითისთვის საკმარისია დავასახელოთ „ერაზმუს+“, ევროკავშირის ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც წელს 30-ე იუბილეს აღნიშნავს. მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევთავაზოთ საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების სტუდენტებს, ისარგებლონ „ერაზმუს+“ პროგრამით და ეს ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდის წინადადება“, - აცხადებს იოჰანეს ჰანი.
საქართველოში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
ევროკომისარმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გახდა.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე.
პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპული სკოლა მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- „ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი“ (Technical Cooperation Facility – TCF).
შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, იოჰანეს ჰანმა და გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიასთან ერთად იგეგმება საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნა.
„ეს იდეა ეკუთვნის იოჰანე ჰანს, რომლისთვისაც მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს სკოლა საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდობას, მომავალი წლის სექტემბრიდან მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. ეს სკოლა საფუძველს ჩაუყრის მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო კვალიფიციური პროფესიული კადრების მომზადებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრეს. მისივე თქმით, მან მოუწოდა პრემიერს, მაქსიმალურად ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დიალოგი განახორციელოს, ოპოზიციური ძალების ჩართვით, შემდეგი ფაზის რეალიზაციის პირობებში.
ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღიარებსს ხანგრძლივ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სეპარატისტული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით.
„ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოღვაწეობა საქართველოში ჩვენს მაღალ ვალდებულებას კიდევ ერთხელ ამყარებს. მოდით, შევუდგეთ ჩვენი ევროპული პროექტების რეალიზაციას საქართველოში, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების გამოხატულებას საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მისივე თქმით, საქართველომ სერიოზული ძალისხმევა განახორციელა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით და კვლავ აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც დემოკრატიის კონსოლიდაციაზე, კანონის უზენაესობაზე და კარგი მმართველობის უზრუნველყოფაზეა მიმართული.
„უნდა აღვნიშნო საქართველოს რეგულარული ღვაწლი, რომ საქართველოს კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით. უკვე საქართველოს 10 ათასმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე გაგრძელდება ჩვენი განზრახვის შესაბამისად, რათა ვიხილოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება, რომ იმოგზაურონ ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ეს არის გახსნილობა ევროკავშირის მხრიდან, ეს არის ღია კარის მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურებიდან“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.
იმავე დღეს, ევროკომისარმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მიხეილ ჯანელიძისა და იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემა 24 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხი იყო.
„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს. ამ კონტექსტში, განხილულ იქნა სამომავლო ნაბიჯები, მათ შორის საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსების თემა, რომელიც ხელს შეუწყობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსივე ქვეყნისთვის კვალიფიციური, პროფესიული კადრების მომზადებას ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების გზით“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანს. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ინტეგრაციული პროცესების და ვიზალიბერალიზაციის მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ევროკომისარმა აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. საუბარი შეეხო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებს. პრეზიდენტმა გააცნო თავისი მოსაზრება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ევროკომისარმა ისაუბრა, რომ ამგვარი პროცესებისთვის აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი ჩართულობა და ფართო კონსესუსი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნის პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.