"ახლები" "რვიანთან" და "რვიანის" გარეშე

[მანანა ნოზაძე]

აქციებისა და მანიფესტაციის გამართვის მიზანშეწონილობა ოპოზიციური „რვიანისთვის“ საჯილდაო ქვად იქცა. ქუჩის აქციების მოწყობის შემთხვევაში, „ახლები“, როგორც ამბობენ, მასში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ  ქუჩის გზამ ფიასკო განიცადა და ეს საქართველოს რეალობისთვის მოცემულ ეტაპზე გუშინდელი დღეა. ამდენად, ისინი „რვიანის“ ფორმატში მხოლოდ საარჩევნო საკითხებთან მიმართებით იქნებიან სოლიდარულნი.

დღემდე ოპოზიციური „რვიანი“ ამაყობდა, რომ, სხვადასხვა სუბიექტთა ყოფნის მიუხედავად, ხელისუფლებამ მათ შორის ბზარი ვერ შეიტანა და გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მათ დროს გაუძლეს. მეტიც, ხელისუფლებამ  ავანტიურისტულ პროექტებში „რვიანის“ ჩართვა ვერ შეძლო. ამ დროს კი ე.წ. „მეამბოხე“ ოპოზიციონრები პარტიის შექმნასა და გაერთიანებას ვერ ასწრებდნენ, როცა უკვე მარტივ მამრავლებად იშლებოდნენ.

ე.წ. ქუჩის ოპოზიციონრებისგან განსხვავებით, „რვიანი“ მართლაც მყარად მოჩანდა. თუმცა საინტერესოა, ქუჩის აქციებთან დაკავშირებული გაუგებრობა გახდება თუ არა „რვიანში“ შემავალი პარტიების განცალკევების საფუძველი? იქნებ ქუჩის აქციების გამართვის მიზანშეუწონლობა „ახლების“ მხრიდან მხოლოდ საბაბია და დათქმული 31 მაისის შემდეგ, მათში უნდობლობამ დაისადგურა?!

როგორც ცნობილია, პოლიტიკურმა „რვიანმა“ ხელისუფლებას 31 მაისამდე საარჩევნო გარემოს დათმობის ვადა მისცა, რაც ხელისუფლების მხრიდან იგნორირებითა და დუმილით დასრულდა.         

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს პარტიების მხრიდან ქუჩის აქტივობასა და მანიფესტაციებზე საუბარი ავანტიურიზმის დემონსტრირებად მიაჩნია. ასეთ დასკვნამდე იგი მაისში განვითარებული მოვლენების ფონზე მივიდა.   

როგორც ჩანს, მოქმედ ხელისუფლებასთან ქუჩის აქციებით საუბრის არაეფექტურობაში დავით გამყრელიძე პირადმა მაგალითმაც დაარწმუნა. იგი ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელმაც ხელისუფლებას 2009 წელს რკინიგზა გადაუკეტა.  

მაშინაც მოვლენები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის შემდეგ განვითარდა. გვიან საღამოს ოპოზიციამ თვენახევრის მანძილზე რუსთაველზე შეკრებილ ხალხს რკინიგზისა და საგზაო მაგისტრალების გადაკეტვისაკენ მოუწოდა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა სამების ტაძარში, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. დავით გამყრელიძემ ქალებს რუსთაველზე დარჩენა მოსთხოვა, კაცებს კი – რკინიგზის მიმართულებით გაყოლა. დავით გამყრელიძე მაშინ აცხადებდა, რომ მისია შესრულებული იყო, ვინაიდან სატვირთო გადაზიდვები შეფერხდა.

ამჯერად, დავით გამყრელიძის მტკიცებით, ქუჩის აქციები  მას დისკომფორტს ნამდვილად არ უქმნის, თუმცა ამ გზამ მხოლოდ ერთხელ გამოიღო შედეგი. გამყრელიძე ცდილობს, გააქარწყლოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი, თითქოს ხელისუფლება მხოლოდ ქუჩის აქციებით იცვლება. ასე მოხდა 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს.  სხვა შემთხვევები კი „ახლების“ ლიდერს არ ახსენდება და ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიამ არჩევნებით ჩაანაცვლა საბჭოთა ხელისუფლება. ამდენად, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით ქუჩისა და არჩევნების გზის შეფარდება ერთი ერთზეა.

ამასთან, „ახლების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ 2005 წელს გაყალბებული არჩევნების შედეგად დამარცხებულ საპრეზიდენტო კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს შეეძლო ეს პროცესი ბოლომდე მიეყვანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაცია არ შემდგარიყო, თუმცა ასე არ მოხდა და ეს შანსიც დაიკარგა.  

ერთი კვირის წინ ოპოზიციურმა „რვიანმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების ჩართვის აუცილებლობის შესახებ გამოაცხადა. თავისთვად, მოქალაქეების ამ საქმეში ჩართვა ქუჩის აქციებსაც გულისხმობს, რასაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიუხედავად, ოპოზიციაში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ამდენად, საინტერესოა, რატომ განერიდნენ ამ ბუნებრივ პროცესს „ახლები“?!   

„აქციებში მონაწილეობაზე უარის თქმა „ახალი მემარჯვენეების“ პოზიციაა და ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავს, ქუჩის აქციებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გვქონდეს. ის პარტია ვართ, რომელსაც ქუჩაში ბრძოლის თითქმის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. დაწყებული სასამართლოებიდან თუ რუსთაველიდან, 7 ნოემბრიდან თუ 26 მაისს რკინიგზაზე გასვლიდან, ყველაფერი გამოვლილი გვაქვს. ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე გვერდზე გავწეულვართ, მაგრამ მე მგონი, ბრძოლის ამ ფორმამ საბოლოოდ ამ ეტაპზე ამოწურა საკუთარი თავი და არანაირი პერსპექტივა და პოტენციალი არ აქვს“, – აცხადებს დავით გამყრელიძე „პრესაგე.ტვ“-სთან კომენტირებისას.

იგი მკაფიოდ აცხადებს, რომ არ აპირებს ქუჩის აქციებში მონაწილეობის მიღებას და არც თავად დაგეგმავს ამ აქციებს და არც სხვის დაგეგმილში ჩაერთვება.

„ოპოზიციური „რვიანი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის შექმნილი კოორდინაციის ფორმატია, რაც არანაირ კავშირში არაა მანიფესტაციებთან. ჩვენმა განცხადებამ რატომ უნდა შეიტანოს მათში დაბნეულობა? ჩვენ ვრჩებით „რვიანის“ პრინციპების ერთგული და, თუ უახლოეს პერიოდში ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება, „რვიანი“, როგორც ერთიანი მხარე, ისე წარვდგებით ამ მოლაპარაკებებზე“, – განმარტავს გამყრელიძე.

თუმცა, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – რატომ იჩქარეს „ახლებმა“ და წინასწარ რატომ განაცხადეს საკუთარი გეგმების შესახებ, მაშინ, როცა შეეძლოთ, ეს გადაწყვეტილება უშუალოდ აქციების გამართვის პროცესში დაეფიქსირებინათ და ასეთი მღელვარება არ გამოეწვიათ.

ამასთან დაკავშირებით გამყრელიძე აცხადებს, რომ მათ მოვლენებისთვის სულაც არ დაუსწრიათ. უბრალოდ, აქციების მიზანშეწონილობის შესახებ მამუკა კაციტაძის კომენტარით ჟურნალისტი დაინტერესდა და მანაც გულახდილად უპასუხა, რომ აქციებში არ ჩავერთვებოდით „აბა, ხომ არ მოვატყუებდით საზოგადოებას?“.

გამყრელიძე ვერც იმაში ხედავს პრობლემას, თუ „რვიანის“ დანარჩენი წევრები მათ პოზიციას არ გაიზიარებენ და „ახლების“ გარეშე გამართავენ აქციებს.

„არანაირი პრობლემა არ არის. თუ გახსოვთ, გარკვეულ ეტაპზე, 25 ნოემბერს, „ეროვნული ფორუმი“ ჩართული იყო „სახალხო კრების“ აქციებში, მაგრამ ამის პარალელურად იყო „რვიანში“. რა, დაიშალა მაშინ „რვიანი“? არავითარი რეაქცია არ ყოფილა და რატომ არის დღეს ასეთი მძაფრი რეაქცია, არ მესმის. ვიღაც მიტინგზე წავა, ვიღაც აქციას ჩაატარებს. ჩვენ სხვა აქტიობებში ერთმანეთს არ ვზღუდავთ. მე ვალდებული არ ვარ, ვკითხო, რა გეგმები ექნებათ. „ახალი მემარჯვენები“ ხვალ რა ინიციატივით გამოვლენ და რას არ მოიწონებენ, ეს ჩვენი საქმეა. ჩვენთვის საარჩევნო გარემო არ არის პირველი კატეგორიის პრიორიტეტი, ჩვენთვის პრიორიტეტია ამომრჩევლის კეთილგანწყობისა და მხარდაჭერის მოპოვება. ეს არის ყველა პარტიის მთავარი მიზანი“, – გვიცხადებს გამყრელიძე.

„ახლების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებისგან მათი განცალკევების გადაწყვეტილებას ხელისუფლება სათავისოდ ვერ გამოიყენებს. უფრო მეტიც, თუ ხელისუფლება განაცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის, იგი მზადაა, არსებული ფორმატით გააგრძელოს მასთან მოლაპარაკება.

 

ამასთან, გამყრელიძე საკუთარ შეცდომებსა და მწარე გამოცდილებას იშველიებს: „ამის შიშით ჩვენ ახალ კოლექტიურ ერთობაში ნამდვილად ვერ ჩავერთვებით, რადგან საკმაოდ მწარე გამოცდილება გვაქვს. საკუთარ შეცდომებზე მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა? ალიანსში ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ – ვნახეთ ასეთი ერთობები მერე რომ იშლება და რა მძიმე შედეგით სრულდება პარტიისთვისაც და ამომრჩევლისთვისაც. ამიტომ, აღარ გვაქვს სურვილი, ჩვენს ამომრჩეველს იმედები და მოლოდინი გავუწბილოთ. „ახალი მემარჯვენეები“  ვაპირებთ, არჩევნებში მონაწილეობისთვის დამოუკიდებლად გავაგრძელოთ მზადება“.

„რვიანი“ არ არის პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური სუბიექტი და ჩვენ რვიანის ფორმატით არ ვაპირებთ ამომრჩევლის გულის მოგებას ან არჩევნებში გასვლას. „რვიანი“ რისთვისაც არის შექმნილი, მას არაფერი ემუქრება. ეს არის არჩევნების გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მიზნით შექმნილი ერთობა. მოვლენებს ჩვენ არ დავასწარით. „რვიანის“ ზოგიერთმა წევრმა, მაგალითად, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ აპირებენ აქციების ჩატარებას“, – აცხადებს გამყრელიძე.

„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ახლების“ განცხადებაში დრამატულს ვერაფერს ხედავს. ქანთარიას კარგად ესმის, რომ საზოგადოების მოთხოვნა არის ოპოზიციის გაერთიანება, მაგრამ „რვიანი“ ეს არის თემატური ერთობა და გაერთიანება, სადაც ყოველ მათგანს უნდა სურდეს თავისუფალი არჩევანის მოპოვება.

რეჟისორის თქმით, „რვიანში“ შემავალ წევრებთან მას სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ აქ პროცესია მთავარი. ქანთარიასთვის მნიშვნელოვანია, რომ  მათ თავიანთი ალტერნატიული კოდექსი და პრინციპები შეადგინეს, რაშიც  ერთიანნი არიან.

„ხუთი-ექვსი კაცი რომ შეიკრიბება და ერთ განცხადებას გააკეთებენ, ზოგჯერ გვგონია, რომ ისინი ერთნი არიან. რვიანი არ არის ერთი სტრუქტურა და ერთი ორგანიზაცია. ამას თვითონაც ამბობენ. შესაბამისად, ყველას ერთნაირი დოზით აქტიურობას ნუ მოვთხოვთ. „მემარჯვენეებს“ უფრო მეტად შეუძლიათ ხალხთან საუბარი, ვიღაცას ქუჩის აქციების მობილიზება უფრო გამოსდის, სხვას საგარეო ურთიერთობაში მეტი წვლილი აქვს შეტანილი. ასე რომ, თვითონ „რვიანშივე“ რაღაც გარკვეული ჯგუფები უნდა შედგეს, რომლებიც სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ერთი მიზნისთვის იბრძოლებენ“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ამასთან, „ქართული აკადემიის“ წევრი მიიჩნევს, რომ აქციების, საპროტესტო დიდი მოძრაობის, მუხტის გაღვივების გარეშე და მხოლოდ სალონური საუბრებით ეს საქმე შედეგამდე არ მივა. ნუკრი ქანთარიას აზრით, „რვიანში“ შემავალი პარტიების შეუთანხმდებლობა „რვიანის“ ნელ-ნელა დაშლის საშიშროებად სულაც არ უნდა განვიხილოთ.

„არა მგონია, ეს გამოყოფა იყოს. საზოგადოებისგან დამალული არაფერი უნდა იყოს, ამდენად, ვიღაცამ საკუთარი აზრი ხმამაღლა გამოხატა. „რვიანის“ თითოეული წევრი, პარტია, პირნათელი უნდა იყოს საზოგადოებასთან, მაგრამ მთავარია, თემატური ერთობა არ დაირღვეს. მთავარია, ვინმემ არ თქვას, მე აღარ მინდა ბრძოლა თავისუფალი არჩევანის მოპოვებისთვის, ყველაფერი კარგადაა და ვენაცვალე „ნაციონალებსო“. ასეთი პარტია, რასაკვირველია, საერთოდ წაიშლება ოპოზიციური სპექტრიდან. „ახლები“ აცხადებენ, რომ ისინი აქციებში ვერ ხედავენ აზრს, მაგრამ  თუკი სხვები ხედავენ ამ გზას, „ახლები“ მასში მონაწილეობას არავის უკრძალავენ. ხომ არ ამბობენ, სხვამ არ მიიღოს აქციებში მონაწილეობა? ან დიქტატი ხომ არ დაამყარეს – თუ თქვენ მიიღებთ მანიფესტაციებში მონაწილეობას, ჩვენ „რვიანიდან“ გავალთო? ასეთი ულტიმატუმები არ ყოფილა და ნუ გავაზვიადებთ“, – აცხადებს ქანთარია.   

ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება „ახლების“ ამ პირდაპირი განაცხადის გამოყენებას სათავისოდ შეეცდება, რადგან ამ ხელისუფლების ნატვრაა, „რვიანი“ დაიშალოს.

ქანთარიას აზრით, „რვიანში“ შემავალი პარტიები გრძნობენ, ვინც გამოყოფასა და დაშლას შეეცდება, ვერავითარ დივიდენდებს ვერ მიიღებს ოპოზიციური სპექტრიდან.

„არც ის მგონია, „ნაციონალების“ იმედი ჰქონდეს ვინმეს. კარგად იციან, რომ ისინი გადამგდებნი არიან, რომც დაჰპირდნენ რამეს, მაინც მოატყუებენ. ახლა ისეთი მოცემულობაა, რომ „რვიანი“ გარკვეულ ეტაპამდე აუცილებლად ერთად უნდა იყოს, მერე კი, არჩევნებში ყველას საკუთარი გზა აქვს“, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ირაკლი ჩიქოვანი არ აპირებს საკუთარი კოლეგების მიმართ მკვეთრი განცხადება გააკეთოს და „რვიანის“ გეგმებზე საუბრით იფარგლება.

„უკვე წელიწადზე მეტია, რაც „რვიანში“ შემავალ პარტიებს  საკუთარი მოსაზრებები ჰქონდათ. საზოგადოებასაც არაერთხელ დავანახეთ, რომ შეთანხმებამდე მივდიოდით და ამ შეთანხმებებს ერთად ვასრულებდით. დღესდღეობით ქუჩის აქცია არ არის თვითმიზანი, მაგრამ კონკრეტულ ადგილზე, დროსა და ვითარებაში „რვიანის“ სამოქმედო არსენალში ესეც არ გამოირიცხება. დღეს ვსაუბრობთ საზოგადოების წარმომაგენლებთან, რათა მათი მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ, რასაც დავარქვით სამოქალაქო მოძრაობა – სამართლიანი არჩევნები“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი „პრესაგე.ტვ“-სთან საუბრისას.

მისი თქმით, „რვიანი“ მუშა პროცესს განაგრძობს და თავად ვითარება დაანახებს, რა ხერხებს უნდა მიმართონ საარჩევნო გარემოს დასათმობად. ამავდროულად, ჩიქოვანის თქმით, „რვიანი“ თემატური ერთობაა და არა – პოლიტიკური ბლოკი. ამდენად, ყველას ეძლევა მოქმედების თავისუფლება.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, რომ ქუჩის აქციების მიმართ აქამდე თავშეკავებით გამორჩეული ირაკლი ალასანია ამჯერად, იმ ელექტორატის გადაბირებას ხომ არ ცდილობს, რომელიც ქუჩის აქციების მომხრე იყო? თუმცა, ამ მოსაზრებას ირაკლი ჩიქოვანი არ ეთანხმება.

„ვერ დაგეთანხმებით, რადგან „თავისუფალ დემოკრატებს“ ირაკლი ალასანიასა და მის გუნდს, მე მგონი, არასდროს დაუხევია უკან კონკრეტული მოქმედებებისგან, როცა ეს საჭირო იყო და ამას ვთვლიდით მნიშვნელოვნად. დღესაც, ხვალაც და მომავალშიც ნებისმიერ ქმედებას, რომელიც დემოკრატიულ ჩარჩოებში ექცევა, არ გამოვრიცხავთ“, – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ქუჩის აქციებისგან თავშეკავების მიუხედავად, „ახლები“ საბოლოოდ იქ დადგებიან, სადაც ქართველი ერი იქნება.

„რასაკვირველია, ოპოზიციური „რვიანის“ ყველა სუბიექტს, ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს,  საკუთარი ინდივიდუალურობა გააჩნია, რაც თავისთავად, ამა თუ იმ ამომრჩევლის მიზიდვისა ან განზიდვის საფუძველია. სრულიად მკაფიოა „ახალი მემარჯვენეების“ პოზიცია. ვფიქრობ, ამაზე უფრო რადიკალური იყო მათ მიერ უფრო ადრე გაჟღერებული განცხადება, რომ ისინი არასდროს მიიღებენ მონაწილეობას რაიმე აქციაში, თუ ის მათი დაგეგმილი არ არის. პრაქტიკულად, ამით მათ პოლიტიკურ საქმიანობაში მკაცრი ინდივიდუალიზმი აირჩიეს, რაც, როგორც ამბობენ, პოლიტიკური გემოვნების საკითხია. თუმცა, ეფექტურობის თვალსაზრისით, მისი შეფასება შეუძლია მხოლოდ არჩევნების პროცესს“.

„ახლების“ განცხადება ხელისუფლების წისქვილზე ხომ არ დაასხამს წყალს?

– ვფიქრობ, ყველა პოლიტიკოსს მოქნილობის ისეთი ხარისხი მოეთხოვება, რომელიც მას აიძულებს, არასდროს თქვას სიტყვა „არასდროს“. არა მგონია, ეს ხელისუფლებისთვის ხელშემწყობად აღიქმებოდეს. ისევე, როგორც ეჭვი მეპარება, რომ გულანთებულმა „ახალმა მემარჯვენეებმა“ საკუთარ ოფისში ჩაკეტვა ამჯობინონ, მაშინ, თუ სიტუაცია ქვეყანაში სხვას მოითხოვს.

„რვიანის“ პოზიციაა, რომ ისინი ხალხს უნდა დაელაპარაკონ და საზოგადოება ჩართონ ამ პროცესში. ხალხთან მიახლოება ხომ თავისთავად გულისხმობს ქუჩის აქციებს, რაც მათი მიზიდვის საუკეთესო საშუალებაა? საინტერესოა, სწორედ ახლა  „ახლები“ რატომ წავიდნენ ხალხის ხმის წინააღმდეგ?

– აბა, რა გითხრათ. ზოგადად, „ახალ მემარჯვენეებსა“ და „ძველ მემარცხენეებს“ შორის განსხვავებული ხედვა რომ იქნებოდა, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ვიცნობ რა ამ პარტიის პრაქტიკულად ყველა ლიდერს და, ვიცი რა მათი პატრიოტიზმის მაღალი ხარისხი, ძალიან მეპარება ეჭვი, რომ ისინი გაერიყონ იმ პროცესს, რასაც ხალხის აქტიურობა ჰქვია.

ანუ, ფიქრობთ, როცა  ქუჩის აქციები დაიწყება, „ახლები“ საკუთარი განცხადების მძევლები რომ  არ აღმოჩნდნენ, ქუჩაში გასულ ნაკადს შეუერთდებიან?

– ამაში ეჭვი არ მეპარება. ოღონდ აქციები უნდა იყოს არა ძალადობრივი სცენარით შემოთავაზებული, არამედ იმ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად, რომელსაც მთელი დემოკრატიული საზოგადოება იზიარებს. მათ შორის, ახალი „მემარჯვენეები“.

ამ ეტაპზე „რვიანის“ დაშლის საშიშროებას ვერ ხედავთ?
– რვიანის დაშლა ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ოცნებაა. მათ ამისთვის სერიოზული მცდელობა ჯერ არ დაუწყიათ. აქამდე „სახალხო კრებისკენ“ ჰქონდათ  მთელი ყურადღება გადატანილი. ახლა სწორედ „რვიანი“ გახდება მათი მთავარი სამიზნე. რასაკვირველია, ყველანაირი მზაკვრულ მეთოდი იქნება გამოყენებული, რომ „რვიანი“ დაიშალოს. თუმცა, ვინც პირველი დატოვებს „რვიანს“, დიდი ალბათობით, ის მაქსიმალურად გაირიყება საზოგადოებისგანაც.