ამერიკელი კონგრესმენები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართავენ. წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა სპეციალური მიმართვა აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას დაამთხვია.
წერილი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთან, კონგრესმენები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისა და ვაჭრობა-ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისკენ მოუწოდებენ ამერიკის პრეზიდენტს.
კონგრესმენებს არც ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა დავიწყებიათ და ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებას ითხოვენ დონალდ ტრამპისგან.
აღნიშნულ მიმართვას ეხმიანება პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც. ის აცხადებს, რომ ერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ტრამპსაც ისეთივე სულისკვეთება აქვს, როგორიც კონგრესმენთა წერილშია გამოთქმული.
თუ როგორი სულისკვეთება აქვს ტრამპს საქართველოს მიმართ, ამის შესახებ For. ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. პოლიტოლოგის თქმით, მართალია, პრემიერ კვირიკაშვილს ტრამპის სულისკვეთებაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ პირადად მას საქართველოს მიმართ ტრამპის მომატებული ყურადღების ეეჭვება და მისნაირები ძალზე ბევრია. სოსო ცინცაძის თქმით, ქვედა პალატის წევრი 30 კონგრესმენის მიმართვა საქართველოსთვის დროული, საჭირო და სასარგებლოა. მით უმეტეს დღეს, როცა ტრამპს ჰაერივით სჭირდება ნებისმიერი კონგრესმენის ხმა, რადგან სწორედ ქვედა პალატამ დაბლოკა ტრამპის პირველივე სერიოზული კანონპროქტი Obamacare-ის გაუქმების შესახებ.
„კონგრესმენთა მხრიდან ეს ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც სიმბოლური ჟესტია, რადგან უკვე აშკარაა „იუსაიდის“ ბიუჯეტში საქართველოსთვის გამოყოფილი ობამასდროინდელი თანხის განახევრება. რეალურად, ტრამპის მთელი ყურადღება გადართულია სულ სხვა რეგიონზე, იაპონია-კორეასა და ახლო აღმოსავლეთზე. ტრამპმა ცოტათი შეცვალა თავისი რიტორიკა ნატოსთან მიმართებით, მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოუთქვამს ახალი ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინასთან მიმართებით. იგი არათანმიმდევრულია რუსეთთან მიმართებითაც. დილით აკრიტიკებს პუტინს, საღამოს აქებს მას. ამიტომ როგორ იმოქმედებს კონგრესმენთა მიმართვა დონალდ ტრამპზე, ძნელი სათქმელია.
თუ ორი წლის წინ მსოფლიოში არაპროგნოზირებად ლიდერად ითვლებოდა მხოლოდ პუტინი, დღეს უკვე პუტინს გადაამეტა ტრამპმა, რადგან ის ხან ამბობს, მე თვითონ გავუსწორდები ჩრდილოეთ კორეას, ხანაც ამბობს, რომ ძალზე ჭკვიანი ბიჭუნაა კიმ ჩეინი, მას შეხვდებოდა და ისაუბრებდა კიდეც. რასაკვირველია, კვირიკაშვილის ადგილას ვინც არ უნდა ყოფილიყო, ის შეეცდებოდა, კონგრესმენთა მიმართვა დიდ წარმატებად წარმოეჩინა. როდესაც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით სატრაბახო არაფერი აქვს, ის ცდილობს, უცხოეთის ყოველ წარმატებას კიდევ ორი ნული მიუმატოს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ და განმარტა, რომ შეუძლებელია, კვირიკაშვილმა არ იცოდეს, ტრამპისნაირი პრეზიდენტი როგორ ყურადღებას უთმობს 435-კაციანი პალატიდან 30 კაცის მიერ ხელმოწერილ მოწოდებას.
პოლიტოლოგის თქმით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონგრესმენთა მიმართვა დაგვიანებულია, რადგან საქართველოსთვის მთავარი ფული და დახმარებაა. ამერიკის ბიუჯეტის ჩონჩხი კი უკვე შედგენილია. ამიტომ აჯობებდა, კონგრესმენებს ეს მიმართვა ერთი-ორი თვით ადრე დაეწერათ, რათა „იუსაიდის“ ხაზით დახმარება ტრამპს არ გაენახევრებინა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For. ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ტრამპის ძლიერ სულისკვეთებაში არ შეიტანდა ეჭვს, რომ არა ქართული ანდაზა - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“. სამწუხარო ის არის, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტიდანაც ამოვარდნილია, რადგან საქართველოს თემა არც კი განხილულა მერკელისა და პუტინის შეხვედრის დროს. ამ ფონზე ამერიკელ კონგრესმენთა ქმედება დროულია, ეს არის შეხსენება, რომ საქართველოც სუვერენული სახელმწიფოა და მასაც გააჩნია უმძიმესი პრობლემები თუნდაც იმავე რუსეთთან მიმართებით.
„ტრამპმა თავისი სახე უკვე წარმოაჩინა. მან შეამცირა საერთაშორისო დახმარების პროგრამები, მაქსიმალურად მოახდინა მათი რევიზირება; ასევე, შეამცირა სამხედრო დახმარებების პაკეტი. ცნობილი პაკეტი, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უნდა მიეღო რამდენიმე მილიარდი დოლარის ფარგლებში, 60%-ით მცირდება. სულ მთლიანად თუ არ შემცირდება, ამაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. ფაქტობრივად, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ამერიკა გეოპოლიტიკურ ამოცანებს ახორციელებდა, ტრამპმა თავისივე ხელით შეაჩერა. მანვე შეზღუდა თავისუფალი ვაჭრობის ნებისმიერ დონეზე განხორციელებული მექანიზმი. ამდენად, კონგრესმენების ეს ინიციატივა კარგია, მაგრამ როგორ განახორციელებს ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას საქართველოსთან მიმართებით, ეს უკვე მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით დასტურდება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
რაც შეეხება კონგრესმენთა მორიგ თხოვნას ტრამპის მიმართ, რაც ნატოსთან სავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერაში გამოიხატება, ვახტანგ მაისაია შეგვახსენებს, რომ ტრამპი რევიზიას უკეთებს თვით ტრანსატლანტიკური სოლიდარობის პრინციპსაც კი. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ გამოჩნდება 25-27 მაისს ბრიუსელის ნატოს სამიტის შემდეგ. რა თქმა უნდა, ტრამპს ცვლილებებისა და რაღაცის შეცვლის სურვილი გააჩნია, მაგრამ ნატოსთან მიმართებით საკუთარ მიდგომასაც შეცვლის თუ არა, ეს სწორედ ნატოს სამიტის შემდეგ გამოჩნდება. მთლიანობაში, ტრამპის საგარეო პოლიტიკური ორიენტირებიდან გამომდინარე, ვახტანგ მაისაია ამ ეტაპზე პესიმიზმს გამოხატავს საქართველოს ჭრილში.