მმართველი გუნდი კალაძის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება

მმართველი გუნდი კალაძის კანდიდატურაზე ვერ თანხმდება

მმართველი გუნდი მერობის და გამგებლების კანდიდატებს ივლის-აგვისტოში წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება. მმართველ გუნდს შესარჩევი ჰყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი ჰყავთ 1000-ზე მეტი კანდიდატი, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა ვინ გახდება თბილისის ახალი მერი, მმართველ გუნდში ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მმართველ გუნდში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

for.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამთავრობო გუნდში ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის კანდიდატურაზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს, რადგან ერთნნი ფიქრობენ, რომ კალაძეს ფინანსურ რესურსთან ერთად პიროვნული რესურსიც აქვს, და შესაძლოა, თბილისის მერის თანამდებობიდან დიდი პოლიტიკისკენ დამოუკიდებლად იაროს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თუ კალაძეს მოუნდება დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყება, მერობა არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კახი კალაძეს დიდი სისტემის მართვის გამოცდილება აქვს, მისი კანდიდატურა მეტ-ნაკლებად შეეფერება იმ თანამდებობას, რასაც ჰქვია თბილისის მერობა.

„თუ მოუნდა დამოუკიდებელი თამაში, უარს ათქმევინებენ? ვერ გეტყვით რას ფიქრობს კალაძე, მაგრამ ფაქტია, რომ მისი გამოცდილება გამოადგება ქალაქს, რაც თავისთვად არ იქნება ცუდი. სასურველია მერს ჰქონდეს დიდი სისტემის მართვის გამოცდილება. რაც შეეხება მოქმედ მერს, სწორია ის სტრატეგია, რომ ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ვერც იმას უარყოფენ, რომ დანაპირები უფრო მეტი იყო, უფრო მეტი საჭიროებები აქვს ქალაქს, ვიდრე გაკეთდა. ძალიან რთული ობიექტია ქალაქი. ამ მასშტაბის ობიექტის მართვის გამოცდილება მეტ-ნაკლებად საჭირო იყო მერის არჩევის დროს, თუმცა, დაშავებითაც, ბევრი არ დაშავებულა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით სამთავრობო გუნდში დაპირისპირებას არ ადასტურებს ზურაბ ალავიძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. კითხვაზე, იქნება თუ არა ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, მინისტრი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

„უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ცნობილი გახდება, ვინ იქნებიან მერობის თუ გამგებლობის კანდიდატები. სამთავრობო გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ხშირი ურთიერთობა გვაქვს გუნდში ერთმანეთთან და ამას ვერ ვგრძნობ. აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალისტების კითხვაზე ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი და იქნება თუ არა კახა კალაძის კანდიდატურა წარდგენილი, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ პარტიის სხდომაზე უნდა განიხილონ, გადაწყვეტილება კი ამ განხილვის შემდეგ გასაჯაროვდება.

„მე მგონი, ნაადრევია ეს შეკითხვა. პარტიის ფორმატში ეს საკითხები არ არის ჯერ განხილული და როდესაც დრო იქნება, იმ მომენტისთვის გამოვიტანთ და იქნება ცნობილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუკი მმართველ გუნდში მის კანდიდატურაზე შეთანხმდებიან, თბილისის მოქმედი მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება და კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩევა.

„თუ იქნება გადაწყვეტილება - რასაკვირველია. ბუნებრივია, საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები იქნება. კანდიდატი გუნდური გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ, დაველოდოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიღებული“, -აღნიშნა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი კახი კალაძე აცხადებს, რომ პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა. კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საზოგადოებასთან ამ თემაზე ღიად ისაუბრებს, ამ ეტაპზე კი არც მსჯელობა და არც რამე გადაწყვეტილება არ ყოფილა.

„როდესაც იქნება კონკრეტულად გადაწყვეტილი, მე არ მაქვს პრობლემა, ღიად ვესაუბრო საზოგადოებას. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი“, - აღნიშნა კახი კალაძემ