გამოწვევა მიღებულია

გამოწვევა მიღებულია

პარლამენტი, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში ჩართვას უშუალოდ პრეზიდენტს სთავაზობს. ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუკი პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი მოსახლეობას ერთობლივად გაესაუბრებიან და ცვლილებებს გააცნობენ. მით უმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტს გარკვეული პერიოდია დაწყებული აქვთ სახალხო განხილვის კამპანია.

„საქართველოს პრეზიდენტთან წინადადება გვაქვს და გვინდა, რომ საერთო-სახალხო განხილვების პროცესში მოვიპატიჟოთ. ვთავაზობთ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს 108 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. პარლამენტი მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ქვეყნის მასშტაბით - სხვადასხვა ქალაქებში წარადგენს.

ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის ამ სახით შეთავაზებას გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფთან პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებს დაადგენს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შესაბამისი პროცედურების დადგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციაა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება საზოგადოების ფართო ჩართულობის საფუძველზე უნდა მოხდეს.

„მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში. პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრა, პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობამ მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებში მონაწილეობა მას შემდეგ შესთავაზა, რაც პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ უმრავლესობას მედიის საშუალებით შესთავაზა, რომ პრეზიდენტი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაში ჩაერთოს, რასთან დაკავშირებითაც პარლამენტისგან კონკრეტულ შეთავაზებას ელოდება.

ამ ეტაპზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აზუსტებს რა ფორმით ჩაერთვებიან საერთო-სახალხო განხილვაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართვის თაობაზე წინადადება პოლიტიკური სვლაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ პრეზიდენტი პროცესში მაშინ უნდა ჩართულიყო, როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა და მუშაობა დაიწყო.

„როცა საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა და ამავდროულად ამბობს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება, მას უნდა ჰკითხოთ, ამ პროცესში მონაწილეობა როგორ წარმოუდგენია?! თუ ეს არის გულწრფელი პოზიცია, სურვილი და ნაბიჯი, ეს გამოჩნდება. თუ ეს გულწრფელი პოზიციაა და გამოსაცდელი შეთავაზება არ არის, ეს გამოჩნდება. მზად ვართ, რომ კომისიაში ნებისმიერ განსხვავებულ პოზიციას მოვუსმინოთ.

ამ პროცესს საყოველთაო განხილვა იმიტომ ჰქვია, რომ მისგან არავის გარიყვა არ შეიძლება. პრეზიდენტი ამ პროცესში თავიდან უნდა ჩართულიყო. მიმაჩნია, რომ მცდარი იყო პოზიცია, როცა თავიდანვე არ ჩაერთო. მგონია, რომ ეს პოლიტიკური სვლაა და ერთგვარი გამოსაცდელი შეთავაზებაა, თუმცა ფორმებზე მსჯელობა გვექნება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პაკეტის საყოველთაო-საჯარო განხილვაში ჩართვას უშუალოდ პრეზიდენტს სთავაზობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ უმრავლესობა ცდილობს პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღოს კონსტიტუციის საყოველთაო განხილვებში. რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტი სავარაუდოდ, უმრავლესობის შეთავაზებას არ დათანხმდება

„უმრავლესობის შეთავაზება ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა არ მიიღოს მონაწილეობა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვაში. უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიასთან ერთად უნდა იაროს განხილვებზე, სადაც ერთ თემაზე იქნება განსხვავებული აზრები. ერთი იტყვის, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არის კარგი, ხოლო მეორეს მოსაზრება იქნება განსხვავებული. ამ დროს გაიმართება სანახაობა. შეიძლება სიტყვიერი მუშტი-კრივიც მოხდეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა ყველანაირი ეშმაკური პროცედურული ხერხით ბლოკავს პრეზიდენტის მონაწილეობას ამ პროცესში. არ მგონია, რომ შეთავზებას პრეზიდენტი დათანხმდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა განუმარტოს ერთად პრეზიდენტმა და საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებას კონსტიტუცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ კარგია, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვება. თუმცა, მისი თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ პლებისციტის ჩატარება უფრო პრიორიტეტულია, რათა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი ცვლილებები ჭირდებათ კონსტიტუციაში.

„ყველა ფორმატში მივიღებთ მონაწილეობას, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისია გამართავს. ამ პროცესში ჩავერთვებით, რათა „ქართული ოცნება“ მარტო არ დარჩეს და საზოგადოებას დავანახოთ, რომ ამ ცვლილებებს არავინ არ იწონებს.

რაც შეეხება ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობას, ამ ფორმატში რაც უფრო მეტი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩაერთვება, მით უფრო ნათელი გახდება, რომ ხალხისთვის ის საკონსტიტუციო ცვლილებები მიუღებელია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.