”ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ სახელმწიფო საერთოდ უმოქმედოა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ათასობით დაზარალებული ჰყავს, არათუ საკანონმდებლო დონეზე, კონტროლის მიმართულებითაც კი არაფერი ხდება. ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც კანონით ფინანსური ბაზრის კონტროლი აკისრია, თუმცა ეს უწყება წარმოუდგენლად პასიურია. მისი საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე გამაფრთხილებელი გზავნილით შემოიფარგლება, რომლებსაც ის ხანდახან საზოგადოებას აწვდის. ბოლო დროს ძლივს მოხერხდა, რომ პარლამენტში შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფინანსური პირამიდების კუთხით იმუშავებს. ამ დროისთვის კომისიის ვალდებულება ერთი კონკრეტული საქმით - "საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეების დახმარებით შემოიფარგლება, მაგრამ არც ეს საქმე გამოსდით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სახელმწიფო ფინანსურ პირამიდას გზას უხსნის / "პარლამენტისა და ეროვნული ბანკის დამოკიდებულებამ წაახალისა კრიმინალი".
"როგორ მოხდება დაზარალებულთა უფლებების დაცვა, კომისიის წევრის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილისთვის უცნობია. მისი განცხადებით, კომისიის წევრებს ჰქონდათ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა და აქტიურად მუშაობენ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღონ დაზარალებულმა მეანაბრეებმა, სანამ გაკოტრებული კომპანიის აქტივების რეალიზება მოხდება. "ჩვენი მიზანია დაზარალებულებს დავეხმაროთ, რომ მინიმალურ დონეზე რაღაც სარგებელი მიიღონ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელი უნდა გახდეს ინვესტორის მიერ აქტივების შესყიდვა... შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს სისხლის სამართლის კოდექსში, თუმცა სამოქალაქო დავაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. საფინანსო ბაზრის კონტროლო ევალება ეროვნულ ბანკს - თუ ის დაინახავს, რომ კომპანია ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც მიახლოებულია დეპოზიტების პროცედურებთან, უფლება აქვს მიანიჭოს სტატუსი და შეუჩეროს საქმიანობა. ამას იქით კანონმდებლობა არაფერს გვეუბნება", - განმარტავს მაჭარაშვილი და მოუწოდებს მოქალაქეებს დანაზოგის მართვისას განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ, რათა არაკეთილსინდისიერი კომპანიების მახეში არ გაებან", - აღნიშნავს გამოცემა.
"ნებისმიერი კომპანიის მიერ დაწესებული სარგებელი, რომელიც შეუსაბამოა არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, ყოველთვის საეჭვოა. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რათა მათი თანხა ფინანსურ პირამიდას არ ემსხვერპლოს. ახლა მთავარია, მოსახლეობა მსგავსი მაქინაციებისგან დავიცვათ და ეს ვალდებულება სახელმწიფომ უნდა აიღოს. შესაძლებელია ამაზე ფიქრი და გარკვეული საკანონმდებლო ბაზის მიმზადება. 2000-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული. პირველ ეტაპზე გვინდა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგში ვიზრუნოთ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ მაჭარაშვილი.
"სახელმწიფოს პასიურ როლზე საუბრობს დაზარალებულთა უფლებების დამცველი, სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი, რომელიც მთავრობას საკანონმდებლო ბაზის მოგვარებას ურჩევს. მისი თქმით, პარლამენტი სირაქლემას მდგომარეობაშია და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად არაფერს აკეთებს. "იმედი მქონდა, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება გავრჩელდებოდა ყველა იმ ფინანსურ სქემაზე, რომელიც რეალურად მოუწესრიგებელია ქვეყანაში. ხარვეზის გამოსწორებას ნამდვილად ველოდი, რაც არ მოხდა. პარლამენტმა უარი თქვა კანონმდებლობის შესწორებაზე. გამოდის, რომ ასეთი დამოკიდებულებით წაახალისა კრიმინალი, ფინანსური პირამიდები და გზა გაუხსნა ახალ დანაშაულს. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია - არც ხალხისთვის და არც საკანონმდებლო კუთხით არაფერი შეცვლილა. რეალურია საფრთხე, რომ კომპანია "საქართველოს" მსგავსი სხვაც გამოჩნდეს", - დასძენს ექსპერტი, რომლის განმარტებით, "დანაშაულის პრევენცია ვერ ხერხდება, საკანონმდებლო ნორმა კრიმინალურ ქმედებას არ ეწინააღმდეგება", - განაგრძობს გამოცემა.
"სებ-ში მიაჩნით, რომ ფინანსური პირამიდა თავისი არსით დანაშაულებრივია, ამიტომ მსგავსი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კონკტერული ღონიძიებების განხორციელება ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს სცილდება და სებ-ის ერთადერთ ბერკეტად თანხების დაბანდებისას მომხმარებლების გამაფრთხილებელ ღონისძიებებს ასახელებენ. ამასობაში კომპანია" საქართველოს" დაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ. ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს, რომელსაც დიდი წვლილი აქვს პრობლემის მოუგვარებლობაში. დაზარალებულები პარლამენტის მხრიდან პასუხს ელოდნენ, თუმცა გადაწყვიტეს, საპროტესტო აქციებით დაიცვან საკუთარი უფლებები. პირველი მსვლელობა 10 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასა და ეროვნულ ბანკთან იგეგმება", - წერს სტატიის ავტორი.