"საქალაქო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები დამნაშავედ ცნო. ზურაბ ადეიშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მერაბიშვილს 2 წელი მიუსაჯეს, ადეიშვილს - 1,5 წელი.
"აღსანიშნავია, რომ აკურის ღვინის ქარხანაზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიდან პირველია, რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებდა. თუმცა მხარე გაასაჩივრებს თუ არა ამ საქმეს, უცნობია. ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს შეუძლია არ გაასაჩივროს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქამდე, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნების საშუალება არ ექნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"არც ერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი სასამართლოში, რომელიც ზურაბ ადეიშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა. თუნდაც ავიღოთ ერთი მოწმე, ყოფილი პროკურორი, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყო ანუ პროკურატურამ განრიდების უფლება გამოიყენა, მანაც კი სასამართლოში ზურაბ ადეიშვილის სასარგებლო ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ აკურის ღვინის ქარხნის გადაფორმებასთან ადეიშვილს არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორც იყო მოსალოდნელი და რითიც არის დაკავებული სასამართლო ბოლო წლებია, კერძოდ, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით", - აღნიშნა ადეიშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით გუშინვე განცხადება გაავრცელა შოთაძის უწყებამ, სადაც კიდევ ერთხელ საუბარია საქმეში არსებულ გარემოებებზე", - განაგრძობს გამოცემა.
"სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს - თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანა. კერძოდ: 2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილისა და საქართველოს უშიშროების მინისტრ ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ქ ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა/რ უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. თათბირზე მერაბიშვილი და ადეიშვილი ისმენდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა სს "საზღვაო ბანკის" ლიკვიდაციის პროცესი. მათ მიაჩნდათ, რომ ხსენებული ბანკი და ამ ბანკის აქციონერები აჭარის წინამორბედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყვნენ დაკავშირებული, რის გამოც აუცილებელი იყო ბანკის მიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტები მოკლევადიან პერიოდში უკან დაბრუნებულიყო, რათა სწრაფად მომხდარიყო ბსნკიდ ლიკვიდაცია, ეს თანხები გადარიცხულიყო მერაბიშვილისა და ადეიშვილის მიერ დასახელებულ ანგარიშებზე და მათზე წვდომა არ ჰქონოდათ ბანკის აქციონერებს. ხოლო იმ შემთხვევაქში, თუ რომელიმე მსესხებელი ვერ შეძლებდა კრედიტის უკან დაბრუნებას, მაშინ მათგან უნდა მოეთხოვათ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმ უძრავ-მოძრავი ქონების დათმობა, რომლის შესაძენადაც გახარჯული ჰქონდათ ბანკიდან აღებული სესხი. ამ დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორ გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორებისა და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის იყო თელავში მდებარე აკურის ღვინის ქარხანაც", - აღნიშნულია განცხადებაში.