მუსოლინის ნაცევროპელი მემკვიდრეები

მუსოლინის ნაცევროპელი მემკვიდრეები

საპარლამენტო უმცირესობა ტრადიციას არ ღალატობს - პარლამენტის პლენარულ სხდომა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შეთავაზებული საარჩევნო სისტემის კრიტიკით დაიწყო. ოპოზიციის შეფასებით, კონსტიტუციის პროექტით წარდგენილი სისტემა მუსოლინის სისტემის მსგავსია.

„საკონსტიტუციო ცვლილებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა. საარჩევნო სისტემა, რომელიც თქვენ შესთავაზეთ ქვეყანას, იგივე პრინციპებით მეოცე საუკუნეში მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს. არ მასვენებს შემეცნებითი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ გამეგო იტალიელი ფაშისტების ამ სისტემამდე თქვენ თვითონ მიხვედით, თუ ისტორიას ჩახედეთ და ამით ხელმძღვანელობთ?“ - მიმართა სერგო რატიანმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგი პერიოდის ისტორია განისაზღვრება და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ცვლილებების პროცესში საჭიროა დავეკითხოთ ხალხს. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტი ჩატარებულიყო.

რატიანი დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ მოდელს 2 მთავარი პრობლემა ახასითებს, პირველი პრობლემაა ის, რომ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას აქვს არაადეკვატური ძალაუფლება. მეორე პრობლემაა პრეზიდენტის ფიგურა. მისი თქმით, ძალიან სერიოზული პრობლემა ექმნება ხელისუფლებას, როდესაც არჩევითი ფიგურა არ არის პრეზიდენტი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

„ისეთი ტყუილი ითქვა სამწუხაროდ, რომ არ შემიძლია მოკლე კომენტარი არ გავაკეთო. რაც შეეხება მუსოლინის სისტემას, მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც იღებდა 25 პროცენტს, ავტომატურად იღებდა 2/3 - ეს შესთავაზა მუსოლინიმ.

მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას დემოკრატიული სისტემით ვცვლით, ბატონო სერგო. ეს რეალობაა. ეს ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ჩვენი ხელით ვჭრით იმ სისტემას, რომელიც წინა ხელისუფლებამ დატოვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტალიის ფაშისტური პარტიის ლიდერი ბენიტო მუსოლინი, რომელიც 1945 წელს იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, საქართველოს პარლამენტში ოპოზციამ გააცოხლა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა:

„ბატონო ირაკლი, თქვენი უამრავი დადებითი თვისება შემიძლია ჩამოვთვალო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მაგრამ რაღაც უცნაური რამ გჭირთ - უცბად, რაღაცას იზამთ და მთლიანად წყალში ჩაყრით ყველაფერს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს წაკითხულიც არა გაქვთ, რა პროექტს გვთავაზობთ, რადგან ელემენტარული არითმეტიკით დაგითვლით, რომ თქვენი შემოთავაზებული პროექტი ამოქმედებული რომ ყოფილიყო, 2016 წლის არჩევნებში 100 მანდატზე უფრო მეტს მიიღებდით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მოსახლეობის ნახევარმაც კი არ გამოგიცხადათ ნდობა.

მაგ ამბავშიც ერთი-ერთში მუსოლინის ვარიანტში გადადიოდით, მაგრამ ჩვენ თურმე მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ბოლომდე მუსოლინივით არ თავხედობთ და პირდაპირ 2/3-ს არ ითხოვთ, თუმცა ეს 2/3 ირიბად შეიძლება გამოგივიდეთ.

თქვენ მუსოლინს ნამდვილად არ გავხართ მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო - თქვენ ისევე განსხვავდებით მუსოლინის მასშტაბებისაგან, როგორც იტალიის ეროვნული სია განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ სიისგან რაოდენობრივი და მასშტაბური თვალსაზრისით, თუმცა „ქართული ოცნება“ კარიკატურა ნამდვილად ხართ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პასუხად ირაკლი კობახიძე ოპოზიონერ კოლეგას მიმართა, რომ მას ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ხალხის მათემატიკური უნარების თაობაზე და ის მათემატიკაშიც ისევე ატყუებს ხალხს, როგორც პოლიტიკურად.

„საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თქვენ იტყუებით - არ შეიძლება ამ გზით პოლიტიკაში სიარული. თქვენ ამ გზით დაიწყეთ პოლიტიკაში სიარული და ნუ გააგრძელებთ ამ გზით სიარულს, რადგან ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისათვის. თქვენ პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოთ პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის. ამ გზით ვერ შეიტანთ“, - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ განაგრძო დაწყებული პაექრობა და დასძინა, რომ „დიახ, მუსოლინიმ მოიგონა ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მმართველი ძალა საკონსტიტუციო ცვლილებებით საზოგადოებას სთავაზობს“. კაპანაძემ ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის ინიციატივა და უშიშროების ეროვნულ საბჭოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები. კაპანაძემ სახელისუფლო გუნდს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების წინადადებით და ამ გზით მოსახლეობის პოზიციის გაცნობის ინიციატივით მიმართა.

„შემოთავაზებული საარჩევნო სისტემა ნამდვილად წააგავს მუსოლინის სისტემას - სამწუხაროა, არ გვიხარია, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს, ასეა. დიახ, მუსოლინიმ მოიგონა ის, რომ თუკი ხმების 25%-ს აიღებდა, პარლამენტში დეპუტატთა 2/3-ეყოლებოდა. შემოთავაზებული სისტემით შეიძლება არა 25%, არამედ კიდევ უფრო ნაკლები მიიღონ და მაინც წაიღონ იმ პარტიებისთვის მიცემული ხმები, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. 2012 წლის არჩევნებში ხმების 20% იყო დაკარგული - ეს ხმები იმ პარტიებმა მიიღეს, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. 1995-წლის არჩევნებში დაახლეობით 60% იყო ასეთი ხმები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლემენტო უმრაველოსობი წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია უპირისპირდება ვენეციის კომისიას, რადგან ეს საკითხი გავლილია სწორედ ვენეციის კომისიასთან და მათ არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამთ, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორია პრეზიდენტს, როდესაც ის წარმოადგენს მთავარსარდალს, მხოლოდ ომიანობის პერიოდში ჰქონდეს ის სათათბირო ორგანო, რომელიც დაეხმარება თავის ფუნქციის განხორციელებაში.

„მინდა მივმართო სერგი კაპანაძეს, რომელსაც უყვარს კითხვა და ეს ძალიან კარგია. ვთხოვდი, იქნება მეტი ლიტერატურა წაიკითხოს ფაშისტურ რეჟიმებზე, მეტად გავეცნოთ და მეტი ანალიზი გავაკეთოთ. თუ გულწრფელი იქნებიან ამ ანალიზში, აუცილებლად ბევრ პარალელს ნახავენ იმ რეჟიმებსა და იმ რეჟიმს შორის, რომელიც საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ იყო.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, რასაც ბრძანებს ბატონი სერგი, ტყუილია. როდესაც 2009 წელს, მათ მიერ განხორციელებული შეუმდგარი პუტინიზაციის პროცესში ვენეციის კომისიამ უთხრა, რომ უშიშროების საბჭოს ამ სახით დატოვება შექმნილი ცვლილებების ფონზე არ შეიძლება და ეს არის მთლიანი სამართლებრივი კონტექსტიდან ამოვარდნილი, ეს შენიშვნა შემოდეს თაროზე და არ გაითვალისწინეს. დღესაც უპირისპირდებიან ვენეციის კომისიას, რადგან ეს საკითხი გავლილი გვაქვს ვენეციის კომისიასთან. მათ არც ერთი შენიშვნა არ გამოუთქვამთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.