უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხის შემდეგ, დავით უსუფაშვილს პოლიტიკაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის და მარცხიანი შემოსვლის უფლება არა აქვს. ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე უსუფაშვილს საჩქაროც არაფერი აქვს და, თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცალკეულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, ეს მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნება.
for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ცენტრისტული პარტიით, მაგრამ სახელისა და სახეების გარეშე წარსდგა. როგორ ხსნით უსუფაშვილის ამ სახით დაბრუნებას პოლიტიკაში მაშინ, როდესაც ჰქონდა განაცხადი, რომ პოლიტიკურად დატვირთული და საინტერესო გუნდით დაბრუნდებოდა ქართულ პოლიტიკაში?
ხათუნა ლაგაზიძე: დღეს ქართულ პოლიტიკას აქტიურ ფაზაში თუ ვინმე სჭირდება, ერთ-ერთი პირველი დავით უსუფაშვილია, თავისი გამოცდილებით, კვალიფიკაციით და გაწონასწორებულობით. თუ გადავხედავთ პოლიტიკურ სპექტრს და იმას, თუ რა შანსებია ახალი ალტერნატიული ძალების ფორმირების, კარგად გამოჩნდება დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში შემობრუნების საჭიროება.
რამდენად წარმატებული იქნება უსუფაშვილის პოლიტიკური ძალა და რაზეა მისი წარმატება დამოკიდებული?
- პირველი - უსუფაშვილის წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ახლოს მივიდეს ხალხთან და იყოს მათთვის გასაგები და მისაღები; მეორე - უნდა შეკრიბოს რაც შეიძლება მაღალი პოლიტიკური და ადამიანური რესურსის და ენერგეტიკის მქონე ადამიანები, რომლებიც ამ იდეას სწორი ფორმით მიიტანენ საზოგადოებამდე და მესამე - რამდენად, სწრაფად და სწორად მოირგებს თანამედროვე საინფორმაციო საარჩევნო ტექნოლოგიებს და ამ ტექნოლოგიების (სოციალური ქსელები, youtube და ა.შ.) მეშვეობით საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალ ენას და მეთოდებს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხის შემდეგ, პოლიტიკაში კიდევ ერთი ექსპერიმენტის და კიდევ ერთი მარცხიანი შემოსვლის უფლება მას არა აქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საჩქაროც არაფერი აქვს და ის, რომ უსუფაშვილი გუნდის შემოკრებას არ ჩქარობს, სრულიად ნორმალურია. ის არ ითვლის და არც უნდა აკეთებდეს სწორებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ ცალკეულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს, უფრო სწორი ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან.
უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის ფორმირება დამთავრდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ...
- უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ხელმეორედ შემოდის საზოგადოებაში არნახული იმედგაცრუების ფონზე. ასეთი იმედგაცრუება და ფრუსტრირებული ამომრჩეველი საქართველოს ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ქართული პოლიტიკური სივრცე სრულიად დაცლილია იდეებისგან და ლიდერებისგან. სახელმწიფოებრივი იდეა არ არსებობს საზოგადოებაში. პოლიტიკური ენერგეტიკა არ იგრძნობა ქვეყანაში. ერთადერთი ცოცხალი პროცესი არის ოპოზიციის მცდელობა ააგორონ კონსტიტუციის დაცვის მოძრაობა.
მაგრამ ეს პროცესი არის იმ მუხტის და ენერგეტიკის მატარებელი, რომელიც შეძლებს საზოგადოების აყოლიებას?
- როგორც გითხარით, ეს ერთადერთი ცოცხალი პროცესია, რაც ამ დროისთვის გვაქვს. რასაც დღეს პულსი ესინჯება, ეს არის სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთიანი ბრძოლის პროცესი. ეს პროცესი თავისთვად საინტერესო და აუცილებელია, მაგრამ საკვლევია - პირველ რიგში, ღრმად იმედგაცრუებული საზოგადოებისთვის, არის კი კონსტიტუციის დაცვის ფარგლებში წამოწეული თემები, იმგვარი თემები, რომლებიც მისთვის განგაშის ზარის შემოკვრის ტოლფასი იქნება? და მეორე - რამდენად მიაჩნია საზოგადოებას, რომ ამ ოპოზიციურ ერთობას შეუძლია დაიცვას კონსტიტუცია და საზოგადოების ინტერესები.
ამიტომაც, რთული სათქმელია, რამდენად შედეგიანი იქნება ეს პროცესი, რამდენად შეძლებს ეს ოპოზიციური გაერთიანება გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე და ცვლილება შეატანინოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამდენიმე პუნქტში, რომლებიც რამდენადაც ხელისუფლების სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურება, იმდენად ზღუდავს არჩვენების გზით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას. გადამწყვეტი სიტყვა კვლავ საერთაშორისო საზოგადოებას ეკუთვნის.
რაც დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს ახასიათებს და არა მარტო საქართველოში, ეს არის ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ სრული იმედგაცრუება. თანამედროვე ტექნოლოგიებს მოაქვს ის, რომ ტრადიციული პარტიები თავისი კლასიკური გაგებით სულ უფრო და უფრო დაკარგავენ მნიშვნელობას ევროპაშიც და საქართველოშიც. ამის კლასიკური მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მაკრონი, რომელიც არც ერთი კლასიკური ტრადიციული ფრანგული პარტიის წარმომადგენელი არ არის და რომლის წარმატებაც სწორედ არსებული პოლიტიკური ელიტებით იმედგაცრუების და პროტესტის ფონზე ამოიზარდა.
ასე რომ, ის, რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ გხლავთ. ტრადიციული პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება არის თანამედროვე ევროპული პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი და ამ გამოწვევას, ჯერჯერობით, სათანადო პასუხი ვერც ევროპამ მოუძებნა. იგივე მაკრონი არის ის ადამიანი, რომელიც იდეოლოგიური პირობითობებისგან დაცლილია, მისი პოლიტიკა არ ეფუძნება მკვეთრად არც მემარცხენე და არც მემარჯვენე იდეოლოგიას. საქართველოშიც სწორედ, რომ ასეთი ახალი გზა არის მოსანახი.
რამდენად შეძლებს უსუფაშვილი ამ ახალი გზის ნახვას და რამდენად აქვს შანსი, გახდეს ხელისუფლების საპირწონე?
- დღეს უსუფაშვილის ამოცანა არის სწორი პოლიტიკური გუნდის შერჩევა. თუ შეარჩევს სწორ პოლიტიკურ გუნდს და ექნება სწორი სახელმწიფოებრივი იდეა, მაშინ ხალხთან მისასვლელ გზას ადვილად იპოვის. დღეს საზოგადოებას სჭირდება ძალიან მაღალი ენერგეტიკის მქონე პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსების ჯგუფი და ასეთივე შემკვრელი იდეა, იმისათვის, რომ საზოგადოების გამოფხიზლება და მასში იმედის გაღვივება შეძლოს. ამ მხრივ, უდავოდ რთული ამოცანა აქვს უსუფაშვილს.
ის აპირებს შექმნას არა მარტო პოლიტიკური ძალა, არამედ შექმნას ერთიანი სამოქალაქო თანამშრომლობის პლატფორმა, სადაც მისი პოლიტიკური ძალა მზად არის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ითანამშრომლოს ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ძალასთან და საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებთან. ვფიქრობ, რომ ეს სწორი ხედვაა.
ეს რაც შეეხება ინიციატივას და პერსპექტივას, მაგრამ უსუფაშვილი, ალბათ, მარტო არ იქნება ამ პოლიტიკურ ველზე. უსუფაშვილის გამოსვლის შემდეგ როგორ შეიძლება გადანაწილდეს დღეს არსებულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ფიგურები?
- დავიწყოთ საპარლამენტო ოპოზიციით: „პატრიოტთა ალიანსი“, არჩევნების შემდეგ ისეთი აქტიური და საინტერესო იყო, რომ მარტივად შეიძლებოდა გვევარაუდა, თუ ის ასე გააგრძელდებდა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საპარლამენტოზე უკეთეს შედეგს დადებდა, მაგრამ ერთბაშად მოხდა მათი განეიტრალება. ამასთან, „პატრიოტთა ალიანსი“ და უსუფაშვილის ახალი კონგლომერატი სხვადასხვა იდეოლოგიურ ველზე მოქმედებენ და ერთმანეთის კონკურენტები არ არიან.
რაც შეეხება ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ „ნაციონალების“ სხვადასხვა ფრთას, მათთვის უსუფაშვილი რეალური კონკურენტია. დღეს პროდასავლურ იდეოლოგიურ ველზე, თუ არ ჩავთვლით დაშლილ და წვრილ პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკური სუბიექტებიდან, ფაქტობრივად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები ოპერირებენ და, უსუფაშვილი სწორედ ამ პროდასავლურ საარჩვენო ველზე გაუწევს მათ კონურენციას. ეს უკვე იგრძნობოდა სოციალურ ქსელებში „ნაციონალების“ მომხრეთა მწვავე შეფასებებით უსუფაშვილის რეინკარნაციის მიმართ.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ ერთობას, გარდა ბურჯანაძისა და ნათელაშვილისა, ისინი მიზიდულობის ცენტრს პრეზიდენტ მარგველაშვილის გარშემო ხედავენ. ქართული პოლიტიკური სპექტრის განვითარების 25 წლის ეპოპეას თუ გადავხედავთ, ყოველთვის სუსტი პოლიტიკური პარტიები ეძებდნენ ორთქმავალს, რომელსაც ჩაებმებოდნენ. თუ უსუფაშვილი შეძლებს ორთქლმავლის ფუნქციის შესრულებას, ეს პატარა პარტიები სიამოვნებით წავლენ მისკენ. თუმცა, ამ ეტაპზე მარგველაშვილის ორბიტაზე ტრიალებენ, რადგან უკეთესი მიზიდულების პოლიტიკურ ღერძს ვერ ხედავენ.
2020 წლის მოახლოებასთან ერთად კიდევ გამოჩნდებიან ახალი, სხვადასხვა კალიბრის საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოძრაობები, მაგალითად, სოციალური ქსელების მეშვეობით, ცოტნე გამსახურდიამ უკვე დააანონსა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეა. და ა.შ. ასე რომ, პოლიტიკური სივრცე კვლავ გაჯერდება, თუმცა რამდენად პერსპექტიული პოლიტიკური ძალებით, ჯერ არ ჩანს.
მომავალში უსუფაშვილი შეიძლება განვიხილოთ მარგველაშვილის კონკურენტად?
- იცით, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება ამ კითხვაზე პასუხი, გააჩნია როდის და რა შემთხვევაში. თეორიულად, შესაძლებელია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ამის დიდ ალბათობას ვერ ვხედავ. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, ამ გადასახედიდან 3 წლის შემდგომი კონფიგურაციის დანახვა, წარმოუდგენელია - შენარჩუნდება თუ არა ოპოზიციური ერთობა მარგველაშვილის გარშემო ან მარგველაშვილი ხედავს თუ არა საკუთარ თავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერად თუ მას უსუფაშვილი ჩაანაცვლებს, უამრავი პირობითობაა, რომელზე პასუხი ჯერ თავად პროცესის მონაწილეებს არ აქვთ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, რამდენად ძნელად წარმოგიდგენიათ ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც ყოფილი რესპუბლიკელის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს?
- უსუფაშვილმა დატოვა „რესპუბლიკური პარტია“. დღეს ის პოლიტიკაში შემოდის და საკუთარი მოძრაობის პოზიციონირებას ახდენს, შემოდის როგორც მემკვიდრე და გამგრძელებელი, ერთი მხრივ, 25 წლის წინ დაწყებული წარმატებული ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და მეორე მხრივ, ასი წლის წინ დაწყებული - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების. თუმცა, ვერც ერთმა და ვერც მეორე პროცესმა ვერ ჰპოვა ლოგიკური გაგრძელება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის სახით და ახალი მოძრაობა მას სწორედ ამ პროცესის ინიციატორად წარმოუდგენია. სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება, როგორც განმანათლებლური და პოლიტიკური პროცესის ინიცირება - ეს გასდევს წითელ ხაზად მის განაცხადს.
ამიტომ, უსუფაშვილის რესპუბლიკური წარსული ყველაზე ნაკლები პრობლემა გახლავთ. პრობლემა გახლავთ ის, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც სურს პოლიტიკაში მოსვლა და ამის შესაბამისი უნარებიც აქვთ, უსუფაშვილში დაინახონ ის ლიდერი, რომელიც მათ და ქვეყანას გამარჯვებისკენ წაიყვანს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენცია გახლავთ ის, რომ რეალურად, საქმე გვაქვს თაობათა რადიკალურ ცვლასთან - პოლიტიკაში შემოდის ახალი თაობა, რომელიც ძალიან აქტიურად ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას. ამ თვალსაზრისით სწორია მარგველაშვილის გათვლა, რომ ახალგაზრდებზე გააკეთოს არჩევანი.
ამავდროულად, აუხსნელია „ქართული ოცნების“ თვითდაჯერება და ახალგაზრდების მიმართ შენელებული ინტერესი, თუ არ ჩავთვლით მათით მანიპულირების ყველა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ სურვილს.
მომრავლდნენ ახალგაზრდული ჯგუფები თუ ინდივიდები, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესი აქვთ, გარკვეული პოლიტიკური განაცხადი გააკეთეს, მაგრამ ჯერ აქტიურ პოლიტიკაში აქტიურად მოსულები არ არიან. ანუ, ეს არის ფენა, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე ნაკლებად, მაგრამ 2024 წლის არჩევნებისთვის მთლიანად თუ არა, დიდი უმრავლესობით ჩაანაცვლებს არსებულ პოლიტიკურ ელიტებს.
თითქმის ყველა არსებული პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ უკვე გამოკვეთილი ახალგაზრდა ლიდერები თავის გუნდში მიიწვიონ, მაგრამ ეს ახალგაზრდა ლიდერები, თუ ლიდერობის მოსურნეები მაქსიმალურად არიდებენ თავს უკვე არსებულ პოლიტიკოსებთან საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. მათი გათვლა სწორია - ცალ-ცალკე და სათითაოდ, ისინი ჩაიკარგებიან არსებულ, ნდობისვოტუმ ამოწურულ პოლიტიკურ სპექტრში. გუნდურად კი მათი შანსები გაცილებით მაღალია.
ახალი თაობას ორი ძირითადი უპირატესობა აქვს: 1. არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა ნდობის ლიმიტი ამოწურა, ახალ თაობას კი ეს ლიმიტი უხვად აქვს; 2. ისინი ზუსტად გრძობენ და იყენებენ საზოგადოების განწყობებს და საჭიროებებს.
დგება არა მარტო ახალი თაობის, არამედ ახალი, მე ვიტყოდი, სინთეზური იდეოლოგიების დროც. მაგალითად, დასავლეთში დღეს ძალიან პოპულარულია სწორედ ნაციონალისტური და სოციალისტური იდეების სინთეზი. 2020 წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოშიც სულ უფრო პოპულარული გახდება ეს მიმართულებები.
ახალი თაობის დღეს აქტიურ ნაწილს ზუსტად სოციალური პრობლემების დროშა უჭირავს ხელში. ამავდროულად, ძალიან პასიურია ახალ თაობაში მემარჯვენე და ნაციონალისტური ფრთები.
ვის დაინახავენ ისინი უსუფაშვილში: პარტნიორს, კონკურენტს, ლიდერს თუ ბრძოლის ობიექტს - ეს დიდწილად განსაზღვრავს უსუფაშვილის წარმატებას. რამდენად აღიარებენ ისინი უსუფაშვილს, თუნდაც საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერად თუ მის შევიწროვებას შეეცდებიან პოლიტიკურ ველზე - ეს უსუფაშვილის როგორც გუნდის, ასევე ამომრჩევლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლზე მნიშვნელოვნად აისახება.