საქართველოში

საქართველოში "ღამის მგლების" სტუმრობა არასასურველად მიაჩნიათ

"9 მაისის დღესასწაულის პერიოდში რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების" საქართველოში სტუმრობა შსს-ს არასასურველად მიაჩნია, თუმცა ღონისძიების ორგანიზატორი - "რუსეთ - საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გეგმის შეცვლას მაინც არ აპირებს... პუტინთან დაახლოებული რუსი ბაიკერების ჯგუფი ე.წ. "გიორგის ლენტებით" თბილისში 2015 წელსაც იყვნენ. ამ სიმბოლოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოსთან აიგივებს. სწორედ ეს გახდა ქართველების უკმაყოფილების საბაბი და მათ შემოსვლას რამდენიმე ინციდენტი მოჰყვა, როცა პროტესტის ნიშნად ბაიკერების მოტოციკლებს ლენტები ჩამოხსნეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველოში "ღამის მგლების" სტუმრობა არასასურველად მიაჩნიათ.

"ღამის მგლების" შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების ნაწილში ამჯერადაც პროტესტი მოჰყვა, რისთვისაც ონლაინ პეტიცია შეადგინეს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. მათი თქმით, პუტინთან დაახლოებული ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა ყოვლად დაუშვებელია და თუ ასე მოხდა, მოსახლეობას ამის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. გარანტიებთან დაკავშირებით, "რეზონანსის" მიერ, რამდენიმე დღის წინ დასმულ კითხვას შსს-მ არ უპასუხა, თუმცა ახლა შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ 9 მაისის დღესასწაულის პერიოდში "ღამის მგლების" სტუმრობა საქართველოში არასასურველია”, - აღნიშნავს გამოცემა

"ღონისძიების ორგანიზატრი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საპასუხო განცხადების გაკეთებაც კი არ სურს, უბრალოდ, რიტორიკული კითხვის დასმის სურვილი უჩნდება : "აქედან სირიაში თურქეთის გავლით რომ მიედინებიან ბოევიკები, საქართველო აშშ-დან ჩამოსული რეზიდენტებით რომ გაივსო, ჩვენს სუვერენიტეტს ყოველდღიურად რისკის ქვეშ რომ აყენებენ აშშ-ს ელჩი და სხვა დიპლომატები, ჩვენი ძალოვანი უწყებებისთვის ეს სასურველია? ეს არ წარმოადგენს მათთვის პრობლემას და 35-კაციანი ბაიკერების ჯგუფია პრობლემა, რომლებსაც ღონისძებაში მონაწილეობა უნდათ? - ამბობს ყიფიანი, რომლის თქმით მას მხოლოდ რიტორიკული კითხვის დასხმა შეუძლია შსს-სთვის და მეტი არაფერი", - განაგრძობს გამოცემა

"ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს შს მინისტრის მოადგილეები (პიროვნულად არავის ვეხები), რომელთაც ბათუმში ოცმა იმბეცილმა აკადრა ის, რაც ვნახეთ და ამის მერე არცერთი ჩინოვნიკის განცხადებას მე პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლი... გეგმის შეცვლას არ ვაპირებთ, არაფერი არ შეიცვლება. თუ ბოლომდე გადავწყვეტთ, ჩამოვიდნენ თუ არა, წავალ სევასტოპოლში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ყიფიანი და შეკითხვას - "რაზე იქნება მათი ჩამოსვლა დამოკიდებული?" - პასუხობს:

"ეს დამოკიდებულია ჩვენზე დავახვედრებთ თუ არა საზეიმო განწყობას და არა ისტერიულს. თორემ ვიღაც 5 კაცს, ვინც სამხედრო ფორმა ჩაიცვა და გვერდით თავისუფალი ზონის წევრები ამოიყენა, არავინ შეუშინდება. უბრალოდ საზეიმო განყობა გვინდა დავახვედროთ, როცა ოჯახში სტუმარი მოდის, არავის უნდა კონფლიქტური სიტუაციის დახვედრება. თუ ეს აქტიური 02% სიტუაციის დაძაბვას შეძლებს და 99% ხმას არ ამოიღებს, ისე როგორც სააკაშვილის დროს იყო, მაშინ რაღაზე უნდა ვისაუბრო. ვერც იმას ვიტყვი, სამოქალაქო საზოგადოება ფორმირების პროცესშია- მეთქი, რის ევროკავშირი და რუსეთთან ურთიერთობის დალაგება..."