მწეველებისთვის აკრძალვები 1 წლით გადავადდა

მწეველებისთვის აკრძალვები 1 წლით გადავადდა

მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციების შედეგად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 1 წლით გადავადდა და 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. პარლამენტმა გარკვეული კომპონენტებში უკან დახევა ამჯობინა, თუმცა ბევრი ნიუანსი უცვლელი დარჩა. კანონი პარლამენტის მიერ მიღებული არ არის, მაგრამ თითქმის ყველა დეტალი უკვე შეჯერებულია.

დეპუტატ გუგული მაღრაძის ინფორმაციით, მთავრობასთან ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად გარკვეულ კონსენსუსი შედგა.

„ერთ წელს ვაძლევთ და 2018 წლის 1-ლი მაისიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა. გარდა ამისა, თვითონ პარლამენტის წევრებისგან იყო შენიშვნები სადა შეფუთვის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების პოზიციების გათვალისწინებით კი გადაწყდა, რომ სამორინეებსა და სიგარბარებში მოწევა არ აიკრძალება.

„გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან და გარკვეულწილად გავიზიარეთ მათი პოზიციები და არგუმენტაცია, კონკრეტულად, სამორინეებსა და სიგარბარებთან მიმართებაში. იყო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ სამორინეებში შედის შეზღუდული კონტიგენტი, იქ ბავშვებსა და არასრულწლოვნებს ისედაც არ უშვებენ. მინდა, აღვნიშნო ხაზგასმით, რომ აქ საუბარია მხოლოდ სამორინეებზე, ანუ იმ დაწესებულებებზე, რომლებსაც აქვთ სამორინეს ლიზენცია, რაც საკმაოდ დიდ თანხას უკავშირდება.

ანალოგიურად იქნება სიგარბარი, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება.

არანაირი საჭმელი, არამედ მხოლოდ სასმელი და სიგარა. ასეთი ტიპის დაწესებულების გასახსნელად საჭირო იქნება ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი კაფისთვის სიგარბარის დარქმევა, ეს ე.წ. ხვრელები რომ არ ყოფილიყო კანონმდებლობაში, ამიტომ აუცილებელი იქნება შესაბამისი ნებართვა და შემოწმება, რამდენად იცავენ მას“, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და დასძინა, რომ ჩილიმბარებთან დაკავშირებული შენიშვნების მიუხედავად, ჩილიმბარში მოწევა აიკრძალება.

გარდა ამისა, ისეთი ფილმების ჩვენების წინ, რომელშიც სიგარეტს ეწევიან, უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას.

„ამან შეიძლება ახალგაზრდებში მოწევის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. როდესაც სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანები ძალიან მოხდენილად ეწევიან, ეს შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც მისაღები ქცევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ რადგანაც ეს შეიძლება ესთეტიკურად და ტექნიკურადაც არ იყოს ადვილი განსახორციელებელი, ჩავდეთ ასეთი მოთხოვნა, რომ ასეთი ფილმების ჩვენების წინ უსათუოდ უნდა იყოს სარეკლამო რგოლი ან გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

თამბაქოს კანონის ადმინისტრირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გაუწევს. კანონის მოთხოვნების დაცვაზე ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან ობიექტის მეპატრონეები იქნებიან. თუ კლიენტი თამბაქოს მოწევის აკრძალვას არ დაემორჩილება ობიექტის მეპატრონეს პატრულის გამოძახება მოუწევს.

„თუკი კლიენტი ან დაქირავებული არ დაემორჩილება კანონიერ მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ობიექტის მფლობელმა საპატრულო პოლიცია უნდა გამოიძახოს. იურიდიული პირი ამ შემთხვევაში თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, მაგრამ თუ არ გამოიძახა, მისი პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ადმინისტრაციული კანონდარღვევათა კოდექსით - 500 ლარი პირველი დარღვევისთვის და 1000 ლარი მეორე დარღვევის შემთხვევაში. ფიზიკური პირის შემთხვევაში პირველი დარღვევისთვის - 50 ლარი, განმეორებით დარღვევისთვის კი - 100 ლარია გათვალისიწნებული“, - განმარტა აკაკი ზოიძემ.