ჯიმს არ უყვარდა ობობები და არც ობობებს უყვარდათ ჯიმი. უსაფრდებოდნენ და შავ დღეს აყრიდნენ. ჯიმი ამბობდა, ვირთაგვების, გველების და წისქვილის ქვის მიზეზით, საწოლში ადგილი აღარ მრჩებაო. მაგრამ, ადგილიც რომ იყოს, ძილი მაინც შეუძლებელია, ღამით ისე მხიარულად არიანო. თანაც, ამ მხიარულებას დასასრული არა აქვს, რადგანაც ყველა სხვადასხვა დროს იძინებსო. როდესაც გველებს ძინავთ, სადარაჯოზე ვირთაგვები გამოდიან, თუ ვირთაგვები დაიძინებენ, სადარაჯოზე გველები დადგებიანო. ისე რომ, განუწყვეტლად, ერთი წყება ფეხქვეშ ედებოდა, მეორე - გზაზე ეღობებოდა, მესამე - თავზე ახტებოდა: ადგილის გამოცვლას თუ დააპირებდა, გზაზე ობობები ესხმოდნენ თავს. ჯიმი ამბობდა, ერთი აქედან გასვლა მეღირსოს და, რაც არ უნდა მომცენ, პატიმრად ყოფნას მაინც აღარ დავთანხმდებიო.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)
მიუხედავად ვირთაგვების თავხედური შემოსევისა, „მედიაპალიტრის“ არც ერთ თანამშრომელს სამუშაო ადგილი არ მიუტოვებია. განსაკუთრებული სიამოვნებით უნდა აღვნიშნო ჩემი სათაყვანებელი სააგენტოს თანამშრომლების პრინციპულობა და თანმიმდევრულობა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა ერთი წყება ფეხქვეშ ედებოდა, მეორე - გზაზე ეღობებოდა, მესამე - თავზე ახტებოდა... და მედიაპალიტრის არც ერთ თანამშრომელს არ უთქვამს, ერთი აქედან მაგათ გასვლას ვეღირსოთ და რაც არ უნდა მომცენ, ჟურნალისტობას, აღარ დავთანხმდებითო.
გეგმაზომიერი შემოწმება - ჰა, როგორ მოგწონთ? გეგმაზომიერად დაარბიეს ხალხი, გეგმაზომიერად შეესივნენ მედიას, გეგმაზომიერად გააკეთეს შესაბამისი განცხადებები... როგორც მახსოვს, შადრევნებს და ძეგლებსაც გეგმაზომიერად უცვლიდნენ ადგილებს... ყველაფერს გეგმაზომიერად აკეთებენ და, ალბათ, კოდორისა და ახალგორის ჩაბარებაც გეგმაზომიერად მოხდა. დევნილების რაოდენობამ იმატა - მიშამ გერმანელი ნაშა ჩამოიყვანა, დარბეულებისა და ნაცემების რიცხვმა იმატა - სააკაშვილმა ამერიკელ ნაშას უმასპინძლა... ყველაფერი გეგმაზომიერად ხდება. მართლზომიერებასთან ბოდიში მოგვიხდია.
გასულ კვირამდე სოლიდარობასთანაც ვიხდიდით ბოდიშს, მაგრამ „პალიტრის“ ამბებმა იმედი ჩამისახა - ჩემი კოლეგები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, სისულელეა იმის მტკიცება, რომ ჟურნალისტური სოლიდარობა ვირთხებს კრისობაზე ხელს ააღებინებს, მაგრამ მაინც სასიამოვნო სანახავი იყო „მედიაპალიტრის“ ეზოში კოლეგების მხარდასაჭერად შეკრებილთა აღშფოთებული რუზრუზი.
ძალიანაც არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც ვიტყვი - ისეთებიც იყვნენ, რომლებისთვისაც „მედიაპალიტრისთვის“ სოლიდარობის გამოცხადება, მხოლოდ ახალი საგრანტო პროექტისთვის საფუძველის ჩაყრას ემსახურება. ვლადიმირ ბუკოვსკი წერდა: „რაც უფრო მეტად დაირღვევა სექსუალური უმცირესობების უფლებები, მით უკეთესად იქნებიან მათი უფლებების დამცველები“. ეგრეა, და ეგრეა ყველა სფეროში, რადგან ვირთაგვები არიან ყველგან.
გამგები გაიგებს. მთავარია გაგება და ამას ეს ნიუსიც ადასტურებს: „ფირმის დასახელებაში გაუგებარი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება აიკრძალება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „მეწარმეთა შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტით დგინდება, რომ დაუშვებელია საფირმო სახელწოდებაში ისეთი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება, რომელთაც არ გააჩნიათ ენობრივი ნორმებით დადგენილი ბგერითი ან სიტყვიერი შესატყვისი“.
უცნაურია, მაგრამ „გაგებული კანონპროექტის“ ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან. ძალიან უცნაურია და ყოვლად გაუგებარი, თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ორი დეპუტატი კანონონპროექტებს საიდანღაც იწერდა ან ვიღაც უწერდა. ჩემი ეჭვები დადასტურდა. წუპაკი-მამაძაღლი ბოდღო ყვალთავა ნამდვილად არ იყო დათა თუთაშხიასთვის მსროლელი და არც ესენი იქნებიან რამე ღირებულისა და გაგებულის შემქმნელები.
ბოდღო ყვალთავას პრეს-კონფერენცია რომ ჩაეტარებინა, ალბათ, უტიფრად განაცხადებდა, თუთაშხიას იმიტომ არ ვესროლე, რომ ადამიანზე ხელის აღმართვა ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, ბუნებით ლმობიერი ადამიანი ვარო. გასულ კვირაში გიგი უგულავამ ონლაინკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვის „არასწორი ტრადიციის“ შექმნის მიზეზად ხელისუფლების ლმობიერება მიაჩნია.
ესეც შენი ბოდღო ყვალთავა და მისი ძმაკაცები - კაზა ჩხეტია და ყურუ ქარდავა! „ექსტრემიზმს ნელ-ნელა საქართველოში დასაყრდენი ეცლება. ჩვენ ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ როგორი იქნება კანონიერი მანიფესტაცია“, – დასძინა უგულავამ.
ე, ბიჭო, დროზე აგვიხსენით, თორემ მოვიდა 2012 წელი, ასახსნელი კი ჯერ კიდევ ბევრია!
„ბატონო გიგი, „სითი პარკის“ პრობლემა აშკარად აქტუალურია და მართალია, ჯერჯერობით არჩევნები არ არის, მაგრამ თუ მოსახლეობის აზრს უფრო გაითვალისწინებთ და როგორმე დაარეგულირებთ ამ პრობლემას, მგონი უფრო მეტი ამომრჩეველი გეყოლებათ (არა მარტო მერობაზეა საუბარი)“ „გავმეორდები! რაც წყლის გადასახადი გააძვირეთ, რატომ წყდება თემქაზე კვირაში 3 დღე წყალი და რატომ მოდის სულ ტალახიანი?“, „არ მიგაჩნიათ სტრატეგიულ შეცდომად, როცა ქალაქის მერი საკუთარი ქალაქის ექიმებს არ ენდობა და მისი მეუღლე, რა თქმა უნდა, ხელფასიდან დანაზოგის შედეგად, საზღვარგარეთ მშობიარობს?“; „რა დაჯდა გმირთა მოედანზე მრგვალი ბურთის და რიყეზე რაღაცა საოცრება ატრაქციონის დემონტაჟი და რატომ გაქვთ ეს ინფორმაცია „სახელმწიფო საიდუმლოებაში“ მოთავსებული?“; „თქვენი ძვირადღირებული მანქანა რომ გამოიტანეთ გასაყიდად, რა ბედია ეწია? შედეგი რატომ აღარ დაპიარდა? ვინ იყიდა? ახლა რით დადიხართ სამსახურში? პირადი მანქანა არც თქვენ და არც თქვენს მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არ უნდა გქონდეთ!"; „თქვენი არჩევნების შემდეგ, რატომ შეწყდა თითქმის ყველა სოციალური პროგრამა მერიაში წლის ბოლომდე?“
ეს არის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც გიგი უგულავას ინტერნეტის მომხმარებლებმა დაუსვეს. მოვიცლი და პასუხებსაც ჩავხედავ, ხოლო სანამ ჩავხედავ, წარმოდგენილი მაქვს როგორ პასუხობდა ბიუჯეტის ლმობიერი მომხმარებელი ინტერნეტის აბეზარ მომხმარებლებს: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.
ჰო, მაგრამ სამშობიარო სახლებიც რომ ბევრია? ამაზე რას იტყვით, ბატონო გიგი? „იმდენად მდიდარი არ ვარ, რომ იაფფასიანი შევიძინო“ - იტყვის, ალბათ, ბატონი გიგი და მისი შემდეგი შვილი (ღმერთმა ბევრი მისცეს) მთვარეზე დაიბადება.
ალბათ, ჯობს, მიწაზე დავბრუნდეთ. მთვარეზე არ ვიცი, მიწაზე კი მთავარი გაგებაა. მაგალითად, „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, უნდა გავიგოთ ასე - „სალაქლაქო და სალაილაო ჯერ კიდევ ბევრია“
„დემოკრატია ის არ არის, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მიჩნევს, რომ სადმე, ქალაქის ცენტრში ალიაქოთი უნდა მოაწყოს, მაქსიმალურად აურიოს სიტუაცია, რათა თანამდებობები დაიბრუნონ. მათ ჰგონიათ, რომ დანარჩენი ხალხი ბრიყვია და ყველაფერი მხოლოდ თავად ეკუთვნით“, - განაცხადა სააკაშვილმა ანაკლიის ე.წ. პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.
მართლაც, ჯერ კიდევ ბევრია სალაქლაქო და სალაილაო. ისა, და... „ვარდების ალიაქოთი“ მა რა ოხრობა იყო?! მაშინ ვარდებს წინდაწინვე დააცალეს ეკლები, რადგან ღრმად იყვნენ დარწმუნებულები დანარჩენი ხალხის სიბრიყვეში და ვაი, რომ არ ცდებოდნენ. „დანარჩენი ხალხი“ დიდი ხანია ჩარეცხეს და ახალ ბრიყვებს ზრდიან. „დემოკრატია არის თქვენი საქმიანობა სკოლის მერხიდან დაწყებული და პატრიოტთა ბანაკებით დამთავრებული. თქვენი ღირსების შენარჩუნება, თქვენი შეხედულებების გამოვლენა, ბევრი თქვენნაირი ადამიანის პოვნა და სტრუქტურად ჩამოყალიბება, თქვენი სიმართლის გატანა და დამტკიცება საზოგადოებისთვის, რათა დანარჩენებმა დაგიჯერონ - აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია“, - უთხრა მიშამ მომავალ ბრიყვებს, ბრიყვთა შვილებს, მაგრამ ამით არ დაუსრულებია, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სალაქლაქო და სალაილაო ჯერ კიდევ ბევრია.
მიშამ მორიგი ინტერვიუ გასცა და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტი არც ამჯერად იყო ქართველი. „როცა რომელიმე მხარეს ძალადობა უნდა, მისი პამპერსებში გახვევის და მშვიდობიანად მოშორების საშუალება არ არის. იმავე ღამეს მე ვუყურებდი, თუ როგორ შლიდნენ „ბარსელონის“ გულშემატკივრებს ბარსელონასა და ინგლისში - იქ პოლიციის ქმედება გაცილებით სასტიკი იყო... სინამდვილეში ახლა გაცილებით უფრო კმაყოფილი ვარ პოლიციის ქმედებით, ვიდრე სამი წლის წინ“ - კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!) გაახარა მიშამ რუსები!
რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით კმაყოფილი იქნებოდა, ვიდრე სამი წლის წინ - ახლა ხომ გაცილებით მეტი ადამიანი დაიხოცა და დაშავდა, ვიდრე სამი წლის წინ და ახლა ხომ, ჯარიმების სახით, გაცილებით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში, ვიდრე მაშინ.
წარმოგიდგენიათ - რუსთაველზე მოწყობილი სასაკლაო არ ეყო და დესერტად „ბარსელონასა“ და „მანჩესტერის“ ფანების ცემა-ტყეპა დააყოლა! შერონ სტოუნი და ზოლიან მაისურში ღლიცინი მერე იყო. საქველმოქმედო ვახშამიც მერე იყო.
როგორც გაირკვა, საქველმოქმედო ვახშამზე სულ მილიონნახევარი ლარი შეგროვილა. „თანხა გამჭვირვალედ გაიხარჯება“, - პირობა დადო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.
ნაწყვეტი ნიუსიდან: „კონგრესმენ დევიდ დრაიერის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მიმდინარეობს მშენებლობა. ასევე, პრეზიდენტმა მათ აჩვენა შენობის მაკეტიც, რომელიც შუშის იქნება, რაც გამჭვირვალობის სიმბოლოა“.
უკვე გასაგებია, როგორ გამჭვირვალედაც დაიხარჯება საქველმოქმედო ვახშამზე შეგროვილი მილიონნახევარი ლარი - ან იყიდიან შუშებს პარლამენტისთვის, ან იყიდიან შუშებს პოლიციისთვის, ანაც მიშა იყიდის სათვალეს. შუშებში და სუშებში დაიხარჯება მთელი თანხა.
„საქველმოქმედო ღონისძიებაზე უპრეცედენტო თანხა შეგროვდა, რომელიც ქართულმა ბიზნესმა გაიღო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს თანხები მოხმარდება ამ ოჯახებს. ბიზნესასოციაცია შექმნის ჯგუფს, რომელიც გააკონტროლებს, რომ თანხა ადრესატამდე დანიშნულების მიხედვით მივიდეს და არ მოხდეს თანხების სხვა მიმართულებთ წასვლა“, - განაცხადა ჭირაქაძემ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის თვლის დაზარალებულად - იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს თუ მათ, რომლებიც წითელ ხიდზე იდგნენ რიგში.
სტინგისა და კრის ბოტის კონცერტისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარი გამოიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალდნენ ბათუმელები. კონცერტი ბათუმში ივლისის დასაწყისშია დაგეგმილი. დაგეგმილი არ არის, მაგრამ კონცერტის შემდეგ მიშა აუცილებლად იტყვის, ბავშვობაში სტინგს მალულად ვუსმენდიო. დაგეგმილი არ არის, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება და ბოლოს გაირკვევა, რომ მიშა ყველაფერს მალულად აკეთებდა - მალულად ცხოვრობდა, მალულად ჭამდა, მალულად სვამდა... ამოუვიდა ყელში მალულად ცხოვრება და ახლა ყველაფერს გამჭვირვალედ აკეთებს - პოლიციას, პარლამენტს, ვახშამს, დარბევას და ტელევიზორში სხვათა რბევით ტკბობას.
ვიღაცის მამა მეშუშე იყო...
სტინგის კონცერტამდე თბილისში, იპოდრომზე გამახურებელი ფესტივალი გაიმართა, მაგრამ შეუმჩნევლად ჩაიარა. ნაციონალები იპოდრომის თაობას ზრდიან. ნაციონალებს ვუდსტოკის თაობის ეშინიათ.
აწი, როდესაც შიშზე ჩამოვარდება საუბარი, ყოველთვის ედეპე და გურამ ჩახვაძე გაგვახსენდება. „26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კომისიის შექმნის შემთხვევაში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მზად არის მასში მონაწილეობა მიიღოს“ - განუცხადა ამერიკელ კონგრესმენებს გურამ ჩახვაძემ. „კი, მაგრამ, ეს რომ ძალიან საშიშიაო?“ - კითხეს კონგრესმენებმა ჩახვაძეს და, სუნიც დადგა. ხანდახან საოცარი დამთხვევები ხდება, მაგრამ ეს არ იყო დამთხვევა. ეს უკვე ტენდენციაა.
ახლა ერთ ამბავს გეტყვით და თავად განსაჯეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი დამთხვევას.
13:35 09-06-2011 „ინტერპრესნიუსი“ „ბავშვების ძალადობისგან დასაცავად საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ზაზა გაბუნია სოციალური მუშაკების რიცხვის გაზრდას ითხოვს.
14:07 09-06-2011 „ინტერპრესნიუსი“ „სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ 50 სოციალური მუშაკი შეემატა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა“.
როგორც ხედავთ, ზაზა გაბუნიამ რაღაც მოითხოვა და მისი მოთხოვნა ზუსტად 32 წუთში შესრულდა. გაიგე, ახლა, ვისი სლოგანი იყო „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“! როგორც მახსოვს, ზაზა გაბუნიამ წინასაარჩევნოდ ბუკიას ბაღში დიდი ტელევიზორი დადგა და ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ზაზა გაბუნიამ თქვა და გამგეობამ აასრულა. რას უნდა ნიშნავდეს ნეტავი ეს? ეს ისეთ რამეს ნიშნავს, ისეთ რამეს... ერთ დღესაც აუცილებლად გაირკვევა.
„ბადრი ბიწაძე ბოლოს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ დმანისის რაიონში ნახა. როგორც დღეს გაზეთ „პრაიმ თაიმის“ (ფუი ეშმაკს! დ.გ.) პრესკლუბში გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, ის 26 მაისის ღამეს მივიდა ნინო ბურჯანაძესთან, საიდანაც ის ბადრი ბიწაძის წამოსაყვანად დმანისის რაიონში წავიდა, სადაც ბიწაძე ტყეში მარტო იყო მიტოვებული“ - აი, ეს რაღას ნიშნავს?
ეს ამბავი, ცალკე აღებული, არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ზუსტად იმ დღეებში დმანისში სულ-სულ პირველი ადამიანის თავის ქალა აღმოაჩინეს, ბადრი ბიწაძის დმანისის ტყეში ყოფნასაც მოვუძებნით შესაბამის ახსნას და სათანადო განმარტებას. ერთად ვიფიქროთ და ერთად გავიგებთ.
გასულ კვირაში ერთი საინტერესო ამბავიც გავიგეთ - ქუთაისში ბალახის ჰოკეის მოედანი აშენდება: ქუთაისში ბალახის ჰოკეის ევროპის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ბალბინი და ლიტვის ბალახის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ლეონარდ საუსკაუსი იმყოფებოდნენ. სტუმრები ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ მიიღო. ვიზიტის მიზანს სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. უახლოეს მომავალში ქუთაისში იგეგმება მინდვრის ჰოკეის მოედნის მშენებლობა. მოედნის ახალ ხელოვნურ საფარს კი, ევროპის ფედერაცია ქუთაისს საჩუქრად გადმოსცემს. ქალაქის მერის გიორგი თევდორაძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტების ბალახის ჰოკეის ახალი მოედანი მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ქუთაისელებისათვის“.
გული მიგრძნობს, მალე თბილისის „დინამოს“ ქუთაისის „ტორპედოში“ გადაიტანენ და თბილისელები რუსთავის „ოლიმპის“ იმედად დავრჩებით, თუმცა სადღაა „ოლიმპი“? გასულ კვირაში გადაწყდა, რომ „ოლიმპს“ „მეტალურგი“ დაერქმევა და, ალბათ, პირველ ამხანაგურ თამაშს იაროსლავლის „შინიკთან“ ჩაატარებს.
როგორც მახსოვს, ქუთაისის „ტორპედო“ „ვისოლის“ საკუთრებას წარმოადგენს. ეს კომპანია რუისი-სვენეთის გზაზე რაღაცეებს აკეთებს - დასასვენებელ ადგილებს, კაფეს, ბარს და ა.შ. „გაიხსნება სპეციალური კუთხეები, სადაც მოხდება ზეთების და საპოხი მასალების რეალიზაცია“ - აღნიშნა „ვისოლის“ შეფმა სოსო ფხაკაძემ.
ჩემი საქმე არ არის, რას გაყიდის „ვისოლი“ - ზეთს თუ ვაზელინს. უბრალოდ, ვსარგებლობ შემთხვევით და, როგორც „ვისოლის“ მომხმარებელი, ფხაკაძეს ვთხოვ, მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდას ხელს ნუ შეუწყობს. გასულ კვირაში „ვისოლმა“ 20 ლარში 4 ლიტრი ჩამისხა და დღემდე ვერ მომინელებია. ძალიან გაბრაზებული ვარ, თუმცა, ჩემი ბრალია - ისე გამომივიდა, მიშამ რომ თქვა, დანარჩენი ბრიყვებიო.
მე გაბრაზებული ვარ, ბუბა კიკაბიძე - გახარებული. „ღმერთმა ჩვენ ახალგაზრდა ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოგვიგზავნა. წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ის ამდენს შეძლებდა. ვფიქრობ, მან მხოლოდ მესამედი გააკეთა იმისა, რაც შეუძლია კიდევ გააკეთოს. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. როცა გელაპარაკება, თან კიდევ რაღაცით არის დაკავებული. მის თვალებში ჩანს, რომ რაღაცაზე ფიქრობს, რაღაც არ ავიწყდება“.
მირჩევნია, ბრიყვი ვიყო, ვიდრე არამზადა. ღმერთმა გოგი ცაბაძე და გია დანელია გამოგიგზავნა და შეირგე, რა!!!
წავედი... მესამედიც ვერ ვთქვი, რაც მინდოდა მეთქვა.
ა.ა.თ.ა. (ახლა არიან, თუ არიან) თხუთმეტი თუ თქვსმეტი ვირთაგვის ხელახლა დაჭერას ორი საათი მოვანდომეთ. ჯანდაბას ის აბეზარი ბიჭი, სად ახლახანს დაჭერილი ვირთაგვები და სად წინანდელი, ისინი სულ დარჩეულები იყვნენ. ჩემ დღეში არ მენახა იმისთანა ვირთაგვები.
(მარკ ტვენი, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“)