„ნაციონალებისდროინდელი, ანუ 2010 წლის ცვლილებებით, პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება 0,3%-მდე დავიდა“

„ნაციონალებისდროინდელი, ანუ 2010 წლის ცვლილებებით, პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება 0,3%-მდე დავიდა“

„ჩვენ ვცვლით არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიულით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, ახალი კონსტიტუციის თანმდევია ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, ზეპარტიული და ნეიტრალური პრეზიდენტი. შესაბამისად, დღევანდელი პარლამენტი არც ერთი ნორმის მიღებას არ აპირებს, რომელიც ვენეციის კომისიის ნეგატიურ შეფასებას დაიმსახურებს. ასევე, ირაკლი კობახიძე მადლიერია იმ ექსპერტებისა და არასამთავრობოების, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თითოეული ასპექტი მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა კუთხით ძლიერდება ოპოზიციის უფლებები. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება. თუ დღესდღეობით ამ კომისის შექმნაზე უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, ეს უფლება უკვე იქცევა უმცირესობის უფლებად და კვორუმის წევრთა 1/3-ს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ფუნდამენტურ ცვლილებას შეეხო. დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით, პრინციპული უპირატესობა ენიჭება გამარჯვებულ პარტიას. ახალი შეთავაზებული მოდელით კი, შერეული სისტემიდან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე.

პარლამენტის არჩევის ახალი სისტემა ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბების გარანტიას არ იძლევა. მართალია, დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა ლეგიტიმურია, მაგრამ საქართველოს აქვს ნეგატიური გამოცდილება, როდესაც მაჟორიტარულმა სისტემამ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება ორჯერ მისცა ორ გამარჯვებულ პარტიას, ჯერ „მოქალაქეთა კავშირს“, შემდეგ „ნაცმოძრაობას“, რის შემდეგაც მათ თავზე მოირგეს კონსტიტუცია. დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემაც პრინციპულ უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. კერძოდ, შესაძლებელია ის, რაც მოხდა ბოლო არჩევნებში, რომ სუბიექტმა საპარლამენტო არჩევნებში 49% აიღოს და მოიპოვოს უმრავლესობა („ქართული ოცნების“ შემთხვევაში, 115 მანდატი). ახალი შეთავაზებული მოდელი, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამას გამორიცხავს.

ასევე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ერთ-ერთ დრამატულ მომენტს - პრეზიდენტთან ურთიერთობას, რომელსაც არაერთხელ შესთავაზეს კონსტრუქციული როლის შესრულება კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში, მაგრამ ყოველთვის უარს იღებდნენ.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ არადემოკრატიული კონსტიტუცია დემოკრატიულით და ამაში ხელს ვერ შეგვიშლის არასწორი კამპანია, რომელიც პრეზიდენტის თაოსნობით პოლიტიკურ პარტიებთან ერთად წარიმართება. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როცა დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. მას აქვს სუბიექტური მიზნები. ასევე, ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სუბიექტური მიზნები. პარტიებს შორის ასეთი დაპირისპირება თავსებადია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ამ ყველაფერს წარმართავს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული ფიგურა უნდა იყოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დააკონკრეტა, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, საპარლამენტო არჩევნები კი პროპორციული წესით 2020 წელს შედგება.

რაც შეეხება „უმაღლესი მთავარსარდლის“ დეფინიციას, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს განსაზღვრება სულაც არ ნიშნავს, თითქოს პრეზიდენტს სამხედრო ძალები ექვემდებარება. მისი თქმით, პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კომისიაში სამი ძირითადი ჩანაწერით განისაზღვრება - სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც. მთავარია, ამ ყველაფერს არ მიეცეს არასწორი ინტერპრეტაცია, რაც ხშირად ეძლეოდა გასული სამი წლის განმავლობაში. უბრალოდ, სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონარქს და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტი იმავდროულად არის ქვეყნის მმართველი. თუმცა არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მმართველი. ამიტომ საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსარდალს.

„დემოკრატიულ სივრცეში არის მხოლოდ ორი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მონარქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები“.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციის ახალი მოდელით, სამივე სტატუსი რჩება ძალაში. უბრალოდ, პრეზიდენტის კომპეტენციის თვალსაზრისით, ცვლილებები გვაქვს მხოლოდ ორ საკითხში-ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, ჩანაცვლება თავდაცვის საბჭოთი და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენა, რაც ეფუძნება ვენეციის კომისიის რჩევას. მისივე შეფასებით, როგორც არ უნდა გადასინჯონ კონსტიტუცია, შეუძლებელია პრეზიდენტის უფლებების გადახედვა, რადგან პრინციპული ცვლილება კონსტიტუციაში 2010 წელს შევიდა ძალაში. სწორედ ნაციონალებისდროინდელი, ანუ 2010 წლის ცვლილებებით, პრეზიდენტის 100%-იანი ძალაუფლება 0,3%-მდე დავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის თემა სისტემურ პრობლემებს დაუკავშირა. მისი თქმით, პრობლემაა კომპეტენციების გადაფარვა, ოდიოზური, არადასავლური, ან ნეონაცისტური მიდრეკილებების მქონე პრეზიდენტების არჩევა. ამდენად, ირაკლი კობახიძე საპარალამენტო მმართველობისთვის უმჯობესად პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას მიიჩნევს.