პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რევაზ არველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გაზის ტარიფის ზრდას უნდა ველოდოთ. ეს არცთუ სასიამოვნო სიახლე, სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდანაა მოსალოდნელი, რადგან მარეგულირებელი კომისია ივნისში, ან უფრო ადრეც დაამთავრებს განხილვებს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
ამ ეტაპზე რევაზ არველაძე ვერ გვიკონკრეტებს, რამდენით გაიზრდება გაზის ტარიფი, თუმცა ტარიფის ზრდის მოტივაციად ძირითადად ორ მიზეზს ასახელებს - ინვესტიციებსა და ლარის კურსს.
„გაძვირება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. 2005 წლის შემდეგ არ გადახედილა გაზის ტარიფები. ვერ გეტყვით, მას მერე რამდენი ინვესტიცია ჩაიდო გაზის სექტორში, ეს მარეგულირებელმა კომისიამ იცის, მაგრამ წინასწარ ისინიც არ იტყვიან. გაძვირების მიზეზი არა მარტო ინვესტიციები, არამედ ლარის კურსიცაა. გაზს სრულად ვყიდულობთ, მთლიანად იმპორტით შემოდის. ადრე, როდესაც შემოგვქონდა იმპორტით და, სიტყვაზე, $100-ის გაზს ვყიდულობდით, სამომხმარებლო ტარიფში შესყიდვის კომპონენტი 170 ლარის ოდენობით გადადიოდა. ახლა კი $100-ის გაზს რომ იყიდი, სამომხმარებლო ტარიფში უკვე 240 ლარად უნდა გადავიდეს. აქედან გამომდინარე, ეს 70-ლარიანი წილია. ამიტომ, თუ ესენი 2,40-ად იანგარიშებენ, მაშინ ეს აუცილებლად უნდა აისახოს ტარიფში“, -გვითხრა რევაზ არველაძემ და შეკითხვის საპასუხოდ, გაზის გაძვირება აისახება თუ არა ელექტროენერგიის ფასზეც, აღნიშნა, „ვფიქრობ, სერიოზულად არ იმოქმედებს, რადგან ელექტროენერგიაში ყველაფერი გადათვლილია და გაზის წილი, უფრო სწორად, თბოელექტროსადგურების წილი სადღაც 10%-ის დონეზეა. ამიტომ ამან სერიოზული გავლენა არ უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე“.
რაც შეეხება სურსათის გაძვირებას, რევაზ არველაძის თქმით, იმ პროდუქციის თვითღირებულება, რომელშიც საკმაოდ დიდია გაზის წილი, რა თქმა უნდა, მოიმატებს. თუმცა არის ისეთი პროდუქციაც, რომლის დამზადებაში გაზი საერთოდ არ მონაწილეობს, ან ძალიან ცოტა რაოდენობით. ამდენად, შესაძლებელია, დარჩეს ძველებური ფასები.
უნდა მოხდეს თუ არა გაჭირვებული ოჯახების სუბსიდირება, ამის შესახებ რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ ეს მთავრობის გადასაწყვეტია, თუმცა ისიც რეალობაა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის გაზის გაძვირება სერიოზული გაჭირვების მომტანი იქნება. აქედან გამომდინარე, მთავრობა, ალბათ, რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს. მით უმეტეს, რომ გაჭირვებულ ფენასთან ურთიერთობა მათთვის უცხო არ არის.
„უნდა განისაზღვროს, ვინ არიან გაჭირვებული ადამიანები, რაოდენობრივად რამდენს შეადგენენ და ქულების მაჩვენებლები როგორი აქვთ. ჩემი აზრით, მათ რაიმე სახით დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ, იქნება ეს ვაუჩერები, თუ მოხმარებული გაზის საფასურის ნაწილის პირდაპირი გადახდა“.
დემოგრაფი ანზორ თოთაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს მოსახლეობაზე რთულად აისახება გაზის გაძვირება, რადგან გაზი თუ გაძვირდა, დომინოს პრინციპით პარალელურად გამოიწვევს ელექტრონერგიის, სურსათის გაძვირებასაც. როგორც წესი, როცა გაზი ძვირდება, ბენზინიც ძვირდება და ელექტროენერგიაც. მთლიანობაში კი, თანდათანობით ძვირი დაგვიჯდება ცხოვრება.
„2005 წლის შემდეგ ტარიფები რომ არ გადახედილა, ამ ლოგიკას თუ მივყვებით, მაინცდამაინც არც ხელფასები და პენსიები გადახედილა. ისედაც დატანჯული ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო დაიტანჯება. ვთქვათ, ადამიანი ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც 50 წელი გაუტარებია. ზოგს სამ-ოთხოთახიანი ბინა აქვს, მართალია, იქ არ არის იმდენი სული, მაგრამ ძალიან ძნელია, გაჭირვების გამო გაყიდოს სახლი და გადავიდეს სხვა უბანში, შეეთვისოს სხვა უბანს. ყველგან ნახავთ გამოკრულ განცხადებებს- „იყიდება ბინები“, მაგრამ რომ იყიდება, იმის უკან რამდენი რამ იმალება, რაც ადამიანის ღირსებას ხელყოფს. ბევრი რამ რჩება ძველ ადგილას, თავისი წარსული, მოგონებები მშობლებზე და სხვა. არადა, გადასახადები ძალიან დიდია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ენერგომატარებლები არ გვაქვს, ენერგიის მხრივ ღარიბი ქვეყანა ვართ. ამიტომ გაზის გაძვირება დამღუპვრელად მოქმედებს ოჯახურ სიკეთეზე. მეორე საკითხია, სახელმწიფომაც რა ქნას? პატარა სახელმწიფო ვართ და ამდენი სოციალურად დაუცველი გვყავს, რომელთა რიცხვიც გამუდმებით იზრდება. იზრდება პენსიონერთა რაოდენობა, რადგან ჩვენი მოსახლეობა ბერდება. ჩვენ კი არა, დიდ სახელმწიფოებსაც უჭირთ საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა“,-აღნიშნა ანზორ თოთაძემ.
მისივე განმარტებით, სახელმწიფო როცა რამეს აძვირებს, ამას სპეციალურად არ აკეთებს. რომელ სახელმწიფოს სურს არამომგებიანი ნაბიჯის სპეციალურად გადადგმა? უბრალოდ, მეტი რესურსი არ არის. მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს სინათლეც არ უნახავს. თუ ადრე მადნეულსა და სხვა რესურსებს იოლად მოვიპოვებდით და მიწის ქვეშ მხოლოდ 146 მეტრზე ჩავდიოდით, ახლა უკვე ყველაფერი ამოიღეს, რაც ამოსაღები იყო მიწიდან და გაცილებით უფრო ღრმად, 486 მეტრამდე ჩადიან. სიღრმეში ჩასვლით კი იზრდება ხარჯები და მოპოვებული მადნეულიც ისეთი შემადგენლობის არაა, როგორც ადრე იყო. ანუ ფუჭი ქანები უფრო მეტია, მაშინ, როცა წინათ რკინა და ქვანახშირი პირდაპირ მიწის ზედაპირზე იყო. ცხადია, ესეც აძვირებს ცხოვრებას.
ამიტომ ექსპერტი მიიჩნევს, რომ, თუკი ჩვენს სახელმწიფოს შესაბამისი სახსრები ექნება, აუცილებლად უნდა მოახდინოს ღარიბი მოსახლეობის სუბსიდირება.